ბათუმში 3 პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ შემთხვევა 20 იანვარს მოხდა.
შსს-ს თანახმად, “მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით”.
მათი ცნობით, “შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა”.
“გ.ნ. ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.