უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი დაიწყოს. მისივე თქმით, უკრაინას გაზის ექსპორტისთვის ყველა საჭირო კონტრაქტისთვის ხელის მოწერა სწრაფად შეუძლია, თუკი აღმოსავლეთ ევროპისგან შესაბამისი პოლიტიკური “სიგნალი” იქნება.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
ზელენსკის აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან დავოსის ფორუმზე ილაპარაკა. მისივე თქმით, უკრაინას “აზერბაიჯანელებთან მშვენიერი ურთიერთობები აქვს” და უკრაინა “მათ სიხარულით დაეხმარება”.
“ჩვენ ვილაპარაკეთ მასთან იმაზე, რომ მას უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ექსპორტირება შეეძლოს. მას ახლა თავისი გაზი მრავალ ქვეყანაში ექსპორტზე უკვე გააქვს. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს სჭირდებათ გაზი, რომელიც რუსულისგან გაზი არ არის”. – თქვა ზელენსკიმ.
სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად ქალაქ ტირასპოლში ელექტროსადგურს უფასო ქვანახშირი გადასცეს, სანაცვლოდ კი მოლდოვისგან ელექტროენერგიის სიჭარბე მიიღოს.
ზელენსკის თქმით, ტირასპოლში მდებარე ელექტროსადგური დნესტრისპირეთში უდიდესია და 2 გიგავატის წარმოება შეუძლია, რაც მოლდოვაში ელექტროენერგიის მოთხოვნას სრულად დაფარავდა.
სანდუ და ზელენსკი რუსეთს მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნაში ადანაშაულებენ – რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიამ, Газпро-მა 1 იანვრიდან მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონს “გადახდის ვალდებულებების შეუსრულებლობის” გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტა.
Газпром-მა Moldovagaz “მოქმედი კონტრაქტის გადახდის ვალდებულებების რეგულარულ შეუსრულებლობაში” დაადანაშაულა, რაც, Газпром-ის განცხადების თანახმად, “ხელშეკრულების პირობების არსებითი დარღვევაა”.
Газпром-ის გადაწყვეტილებამ სეპარატისტულ რეგიონში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
1 იანვარს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრის დილით სრულად შეწყვიტა, “როგორც ეს დაგეგმილი იყო”.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.
2 იანვარს რობერტ ფიცომ საკუთარი პარტიის სახელით განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა.