45 წლის იოსებ გორგაძე სისხლიანი ანგარიშსწორების მსხვერპლი გლდანის ციხეში გახდა. ოჯახის წევრების მტკიცებით, პატიმარი სასიკვდილოდ გაიმეტეს, სცემეს, ძვლები დაუმტვრიეს და ახრჩობდნენ.
კაცი ამ დრომდე კლინიკაში მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაშია, ციხის ადმინისტრაცია მათ ამ დრომდე არ ეუბნება, როგორ მოხდა ძალადობა პატიმარზე, ისე რომ ეს რეჟიმის ინსპექტორებმა ვერ შეამჩნიეს.
იოსებ გორგაძე წალკაში მომხდარი ავტო ავარიის შემდეგ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, მანქანის მართვის დროს ძლიერი ნისლის გამო მან ვერ შეამჩნია გაჩერებული მიკროავტობუსი, რომლითაც ქართლი ოცნების პარტიული აქციიდან მოქალაქეების ჯგუფი უკან ბრუნდებოდა. ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის ციხეში ადმინისტრაციის ხელშეწყობით შურისძიების მსხვერპლი გახდა.
სასტიკად ნაცემი პატიმრის ოჯახის წევრები პირველებთან საუბრისას ამბობენ რომ დაშავებულის გადარჩენის შანსი მინიმალურია. რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახს პატიმრის მდგომარეობას უმალავდნენ. ბოლოს კი სასტიკად ნაცემი კაცის ოჯახს ციხიდან გორგაძის თანამესაკნემ დაურეკა და სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ უამბო, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა პატიმარს ვივა – მედის კლინიკაში მიაგნო.