საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმას, ორი დღე გავიდა და საგამოძიებო ორგანოებისგან სრული დუმილია, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ ბესელიამ აღნიშნა, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე და სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული თავდასხმები იდენტურია, რაც მიანიშნებს, რომ თავდასხმებს წინასწარ კოორდინირებული ხასიათი აქვს.
„ორი დღე გავიდა, სრული დუმილი, არანაირი გამოხმაურება, მოქმედება. საერთოდ არის ამ ქვეყანაში ადამიანი, ვისთვისაც კანონი რამეს წარმოადგენს? – მე, არც უნდა დამჭირვებოდა პროკურატურისთვის მიმემართა, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც საჯარო დანაშაული შესახებ ვრცელდება, შესაბამისი ორგანოებისთვის გამოძიების დაწყების ვალდებულებას ითხოვს. საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს და მასზე თავდასხმას.
მეორე საკითხი, თავის ფორმით და შინაარსით იდენტურია შემთხვევის რაც, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზებული, წინასწარ კოორდინირებული ხასიათი აქვს. სისხლის სამართლის ენაზე ეს ფორმულირდება, როგორც ჯგუფური ორგანიზებული ძალადობრივი ქმედება. სპეციფიკური მუხლია, რაც შეგნებულად არ ჩავწერეთ საჩივარში, მაგრამ შემდეგი ეტაპისთვის დავაყენებ, ეს იყო მძიმე დანაშაული. კერძოდ, არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობა. კიდევ ერთი ნიშანი ამძიმებს ამ ყველაფერს – ეს არის დაზიანება“,- განაცხადა ბესელიამ.
როგორც იურისტი აღნიშნავს, მეხუთე პრეზიდენტს დაზიანებები აღენიშნება, რაც სამედიცინო კვლევით დადასტურდა.
ბესელიას თქმით, გავრცელებული ვიდეომასალებიდან უკვე მოხერხდა რამდენიმე თავდამსხმელის იდენტიფიცირება.
„თავის არეში განხორციელდა რამდენჯერმე სროლა, რაც სახიფათოა. სახის არე მიიჩნევა, როგორც ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო ზონად. გავრცელებული ვიდეო-მასალებიდან უკვე რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირება ხდება. სამედიცინო კვლევით დაზიანება დადასტურდა, რამდენიმე სახის არის. დალურჯება, ჰემატომა, შეცვლილია სტრუქტურა. საგამოძიებო ორგანომ, როგორც არ უნდა მოინდომოს, ეს არის უდავოდ სისხლის სამართლის დანაშაული.
ყველაზე სახიფათო, რაც ამ საკითხშია არის ის, რომ არ იყო თვითორგანიზებული. დილის 05:00 საათზე აორგანიზებენ ჯგუფებს. ადამიანი, რომელიც 6 წელია მთავარსარდალია, ქვეყნის მეთაურია, შენი გუნდის წარდგენილია, ქვეყანას წარმოადგენდა ამდენი წლის განმავლობაში და ამ ფორმით გამოხატავ პროტესტს მისი პოლიტიკური პოზიციის გამო – ეს სიმბოლო რაც ჩაიდინეს, იყო „ქართული ოცნების“ სახე“, – განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, არ შეიძლება პარალელების გავლება პროტესტის დროს, კერძოდ, რესტორან „ბაბილოსთან“ მოსამართლეებზე და გახარია-ზურაბიშვილზე კვერცხების სროლის ფაქტებზე პარალელების გავლება.
„აქ ტოლობის ნიშნის დასმა როგორ შეიძლება?! – სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო. „ქართული ოცნება“ თავის თავს თუ აიგივებს სასამართლოსთან, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქვეყანაში კონსტიტუცია არ არსებობს. ის მოსამართლეები, რომლებიც როგორც ჯალათები იქცევიან, ადამიანებს უდანაშაულოდ საპატიმროებში უშვებენ, მზია ამაღლობელი თავისი ისტორიით, ანდრო ჭიჭინაძე, „ბათუმელი მედროშე“, ზვიად ცეცხლაძე და სხვები… ადამიანები, რომლებიც ციხისთვის გაიმეტეს და შემდეგ მიდიან იმისთვის, რომ იდღესასწაულონ. იქ მართლა მოქალაქეები იდგნენ, აქ ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ ძალადობრივი ჯგუფების უკან დგას „ქართული ოცნების“ ორგანიზებული ჯგუფები”, – განაცხადა ბესელიამ.
გარდა ამისა, ბესელიამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება „სამშობლოს ღალატის“ მუხლი.
კითხვაზე, რისთვის „სჭირდება „ქართულ ოცნებას“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატება და ხომ არ არსებობს სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრების რისკი, ბესელია პასუხობს, რომ ამ მუხლით თავად გასამართლდებიან.
„ეს მუხლი მათ დაუბრუნდებათ, ამ მუხლით მოუწევთ თავად გასამართლება. როდესაც კანონს ცვლი, ძალიან მნიშვნელოვანია თქვა, რა არის მიზანი. სათაურის შეცვლას რა მნიშვნელობა აქვს? თუ იმისთვის კეთდება, რომ ვინმე დააშინონ, მე შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ მუხლით თავად გასამართლდებიან, რადგან საქართველოს ყიდის ეს ხალხი.
დასაცავები არიან, შეიძლება ადვოკატები საერთოდ ვერ იპოვონ, ან შეიძლება იპოვონ. დასაცავები არიან და ადვოკატები დასჭირდებათ, ამ მუხლითაც იქნებიან ბრალდებულები, ამას ვხედავ ბოლო სერიაში“, – აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზეც, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ უპასუხა კითხვას, თავის დროზე ვინ ან რამ შეუშალა „ქართულ ოცნებას“ ხელი, რომ ანალოგიური ტიპის დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო.
ბესელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურვილი არ ჰქონდა – „რეჟიმის და რეპრესიული სისტემისთვის სახელის დარქმევა მომხდარიყო“.
„დიდი სირთულე იყო მოსამართლეების თემა, რომელიც თავიდანვე დაიწყო. მე და ბიძინა ივანიშვილის პირველი კონფლიქტი მოხდა სასამართლოს თემაზე, ეს იყო 2013 წელი. მაშინ „კლანი“ არ იყო ასეთი ძლიერი, მაგრამ ნელ-ნელა იწყებდა ფესვების გადგამს. უმრავლესობის სხდომაზე ბევრი ადამიანი ესწრებოდა იმას, თუ როგორ ვცდილობდი ამ პროცესის შეჩერებას, მაშინ ეს ვერ შევძელი, რადგან თვითონ იყო ამაში ჩართული.
ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა ადგილას აქვს ნათქვამი, რომ მას არ ჰქონდა სურვილი იმის, რასაც გასამართლებას ეძახიან, რეჟიმის და რეპრესიული სისტემის ბოლომდე სახელის დარქმევა მომხდარიყო. სხვათა შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო პრობლემური თემა, რადგან ის ხალხი, რომლებიც წინა მთავრობიდან გამოვიდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თანამდებობებზე გავლენის მატარებლები იყვნენ“, – განაცხადა ბესელიამ.