რიკოთის უღელტეხილზე მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით, Tia.ge-სთან დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ისაუბრა:
– რიკოთზე პრობლემები მანამ გვექნება, სანამ იქ ბუნებრივი წონასწორობა არ აღდგება. უნდა გავიგოთ, რომ ბუნება ჩვენს ჭკუაზე არ დადის, თავისი წესებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე იქცევა. რიკოთზე მთები მოჭრეს, სისულეები აკეთეს, გარემო არასტაბილურ მდგომარეობაში მოვიდა და როდის რას იზამს, ვინ იცის? კაბას რომ ჭრით, ჯერ ხომ თარგს იღებთ? ასჯერ უნდა გაზომო, რომ გაჭრა და რომ გაჭრი, იმას ვეღარ მიაწებებ.
– სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რიკოთზე მიმოსვლა უსაფრთხო იყოს?
– ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ოღონდ ამას პროფესიონალების მუშაობა და სწორი მენეჯმენტი სჭირდება, მაგრამ მე იმ ხალხში, ვინც მენეჯმენტშია, პოტენციალს ვერ ვხედავ. მაგათ რომ რამე სცოდნოდათ, საქმეს აქამდე არ მიიყვანდნენ. ალბათ რამდენიმე გვირაბი უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ საშიშია. საერთაშორისო მასშტაბის მაგისტრალია და არაფრით არ შეიძლება ასე დატოვება.