აქამდე ზუსტად ვიცოდით, ომი ვის უნდოდა: ჯერ ნაცებს, მერე სხვა პარტიებს, შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და ექიმების კონსილიუმს, არასამთავრობოებს; მოკლედ, ყველას, ვინც მმართველ პარტიას რაიმე ფორმით აკრიტიკებდა ან არ ეთანხმებოდა, ომი უნდოდა. თუმცა, გუშინ ოცნების არაფორმალურმა სპიკერებმა კონსპირაციის ეს თეორია სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს და გვამცნეს, რომ ვცდებოდით. რადგან ნაცმოძრაობა და უკრაინის მთავრობა კი არა, ვაშინგტონია ის მთავარი მოთამაშე, რომელიც “კოორდინირებული ქმედებებით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ივანიშვილზე” იმისთვის, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდეს, საქართველო კი ომში ჩაებას რუსეთის წინააღმდეგ.
ამ ვერსიას, ფაქტობრივად ბრალდებას უმალვე დაეთანხმენ კობახიძე და ოცნების სხვა ლიდერებიც, თუმცა საქართველოს დაღუპვის მთავარი დამკვეთი რომ ამერიკა და დასავლეთია, ამაზე ცოტა დაწეული ტონით და კითხვის ნიშნებით ისაუბრეს. აქვე ისიც მიანიშნეს, რომ ივანიშვილზე “ზეწოლა” არავის გაუვა და ის, ქვეყნის გადასარჩენად, ანუ “ომის თავიდან ასაცილებლად” ყველაფერზე წამსვლელია.
დამეთანხმებით, რთულია ამ აბდა-უბდიდან აზრის გამოტანა. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეშმაკი დეტალებშია და მეც შევეცდები, სწორედ ეს დეტალები შეძლებისდაგვარად მარტივად ავხსნა: ამ შემთხვევაში საფრთხე არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის ფულს ემუქრება, რომლის გადასარჩენადაც ის ყველას და ყველაფერს, მათ შორის ქვეყნის ინტერესებსაც დაუფიქრებალად გაწირავს და სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს. რეალურად, დასავლეთი კი არ ცდილობს ივანიშვილზე ზეწოლას – ივანიშვილი ცდილობს დასავლეთის შანტაჟით საკუთარი ფინანსების გადარჩენას. ოცნების გუშინდელი აურზაურის მთავარი გზავნილია, რომ თუ ბიძინას ფულს არ შეეშვებიან, ქვეყანა დასავლურ პოლიტიკურ ვექტორს შეცვლის.
ივანიშვილს და მაშასადამე ქართული ოცნების სპიკერებს შფოთვა მას შემდეგ დაეწყოთ, რაც შვეიცარიულმა ბანკმა ბიძინას ნახევარ მილიარდიანი ტრანზაქცია შეუჩერა. ფორმულას ინფორმაციით გუშინვე ვთქვით, რომ საფრთხე მის სხვა კაპიტალდაბანებებს და სხვა ტიპის აქტივებსაც დაემუქრა, რაც დღეს მისი ადვოკატის განცხადებითაც დადასტურდა. საქმე რომ მხოლოდ ტექნიკურ დეტალებში იყოს, ამას ჩვენ ალბათ ვერც გავიგებდით, მაგრამ რადგან უკიდურესად ფრთხილმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ამ საკითხზე საჯაროდ ესაუბრა, საქმეში მმართველი პარტიის სპიკერები ჩაერთო და მისივე ტელევიზიებით სრული ისტერიკა მოეწყო, აშკარაა, რომ საქმე ძალიან ცუდადაა. ბატონი ბიძინა აშკარად დაეჭვდა, რომ სუის კრედიტში რაღაც ისეთი იციან, რაც მან არ იცის. რომ ის ან უკვე დაასანქცირეს, ან მინიმუმ ამ სიაში მალე მოხვდება. ამ გადაწყვეტილებებს კი არა შვეიცარიის ბანკებში, არამედ ვაშინგტონსა და ბრიუსელში იღებენ. ამიტომაც მივიღეთ ოცნების ახალ სამიზნედ ამერიკა, რომელიც თურმე ასეთი გზით, საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი არა ქვეყანა და მისი ინტერესები, არამედ საკუთარი უსაფრთხოება და ფინანსებია. თუმცა ვიღაცისთვის ასეთ შეფასებას მტკიცებულება სჭირდებოდა. დღეს ეს ფაქტი ჩვენს თვალწინაა. როდესაც მის ფინანსებს საფრთხე დაემუქრა, და ფაქტია რომ დაემუქრა, საქართველოს მთავრობა, ანუ მისი მთავრობა, ქვეყნის ინტერესებისა და სტრატეგიული პარტნიორების შანტაჟის ხარჯზე ცდილობს მილიარდერის ქონება გადაარჩინოს. საქართველოს ისტორიაში კი პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება კერძო პირის აქტივების გადასარჩენად ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს და სასწორის მეორე პინაზე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას დებს.
ხვალ და ზეგ, როდესაც ოცნების ლიდერები ივანიშვილის დაშვებული სტრატეგიული შეცდომის სიღრმეს მიხვდებიან და იმასაც გაიაზრებენ, თუ რამხელა სისულელე წამოროშეს მათმა სპიკერებმა, ისევ გამოვლენ და იტყვიან, როგორც წილოსნის შემთხვევაში, რომ “მათ პატრიოტიზმში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს”.
და რეალურად, არც არავის ეპარება ეჭვი მათ პატრიოტიზმში, ანუ ოცნებისეულ პატიროტიზმში, სადაც სახელმწიფო ბიძინაა, მისი ფული კი გრაალი, ანუ უმაღლესი ღვთაებრივი სიწმინდე, რისი გადარჩენაც არის კიდეც ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნის მიზანიც და საბოლოო ამოცანაც, და რისთვისაც მზად არიან არა მარტო ნაცმოძრაობა და უკრაინის ხელისუფლება, არამედ ამერიკა, ევროკავშირი და მთელი დასავლური სამყარო საქართველოს მტრად გამოაცხადონ.
არადა, ეს ისტორია ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია. ფაქტია რომ ივანიშვილი არამარტო ერთ კონკრეტულ, თუნდაც ძალიან მსხვილ ფინანსურ გადარიცხვაზე დარდობს. მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, რომ დასავლურ ფინანსურ სისტემაში მას აღარ ენდობიან და სანქციები დე-ფაქტოდ უკვე შეეხო. ამ პროცესს რომ “კოლექტიური ნაცები” არ ეყოფა და უკან რაღაც უფრო დიდი, გაცილებით დიდი და ძლევამოსილი დგას, ივანიშვილი თავისი მოლაპარაკე თავებით გასაგებ ქართულ ენაზე გამოხატავს.
სულ ორი ვარიანტია: ან ამერიკამ, ბრიტანეთმა და კოლექტიურმა დასავლეთმა მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მართლაც უკვე მიიღო და აღსრულების ფაზაში მოჰყავს, ან კიდევ უფრო მაღლა ავიხედოთ – ღმერთის ხელი-თქო, ვიტყოდი, თავად ივანიშვილს რომ არ ქონდეს ნათქვამი – არ მწამს ღმერთისო. მაშინ ბედისწერა, ბატონო.. ამდენი დამთხვევა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და თან დროის ერთ ვიწრო მონაკვეთში, მისივე ძალიან კვალიფიციური ადვოკატის შემჩნევისა არ იყოს – მართლაც ძალიან საეჭვოა. ნუთუ ბედმა უმუხთლა ოლიგარქს, რომელმაც თავის გადარჩენა ბევრი გამოწვევის დროს მოახერხა?! ნუთუ მას ბედი აღარ წყალობს?! მაშ რისი იმედიღა უნდა ქონდეთ ბიძინას გრაალის მცველებს?!
ფორმულა