„გომელაურის დაჯგუფება, რეპრესიების გზით, ცდილობს აიძულოს მედია, რომ ჟურნალისტებმა აქციების გაშუქება შეწყვიტონ“ – ნოდარ მელაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ “ტვ პირველის” ოპერატორის, გიორგი მოსიაშვილის დაჯარიმების ფაქტს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ეხმაურება.

არაერთი რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიების ავტორი წერს, რომ “ვახო გომელაურის დაჯგუფება, რეპრესიების გზით, ცდილობს აიძულოს მედია, რომ ჟურნალისტებმა აქციების გაშუქება შეწყვიტონ”.

ნოდარ მელაძის ცნობითვე, მედიის წარმომადგენელთათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო ჯარიმების გამოწერა გიორგი ჩოქურის განყოფილებას, ჟურნალისტების ცემაში გამოწვრთნილ პოლიციელებს ჩააბრეს.

 

ვახო გომელაურის დაჯგუფება, რეპრესიების გზით, ცდილობს აიძულოს მედია, რომ ჟურნალისტებმა შეწყვიტონ აქციების გაშუქება. ჩვენი ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის გატაცების შემდეგ, დღეს ტვ პირველის შაბათის ეთერის ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი დააჯარიმეს.

 

პირადად ვესაუბრე ჯარიმის გამომწერ, ზვიად ამაზაშვილს. გიორგი აქციაზე იმყოფებოდა კამერით, რაც დასტურდება მისი მეხსიერების ბარათზე, სადავო დღეს, 17 თებერვალს გადაღებული მასალით. სქრინს ვურთავ ამ პოსტს. ჟურნალისტებზე ნადირობა ჯერ ჩააბარეს მუხიანის პოლიციას, ახლა ასპარეზზეა ისნის განყოფილება.

 

ეს გიორგი ჩოქურის განყოფილებაა, მელიას დაკავების დროს წიხლი რომ ჩაარტყა, მანამდე კი ჟურნალისტები სცემა კასპში საკრებულოს შენობაში და მის წინააღმდეგ გამოძიება იყო დაწყებული.

 

როგორ ჩანს, ჟურნალისტების ცემაში გამოწვრთნილ პოლიცილებს ახლა რეპეპორტიორების ჯარიმები ჩააბარეს.” – წერს ნოდარ მელაძე.ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, გიორგი მოსიაშვილი საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, 5 ათასი ლარით 21 თებერვალს დააჯარიმეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share