”დარწმუნებული ვარ, პუტინს ჰქონდა იმედი, რომ კონფლიქტის მწვავე ფაზის ჩავლის შემდეგ მსოფლიო ისევ შეირიგებდა მას, როგორც ადრე არაერთხელ, მაგრამ ამჯერად ეს ვერ მოხდება; უკვე შეუძლებელია. ეს ის აქტივია, რომელიც შეიძლება უკვე ჩაითვალოს უკრაინამ. ამერიკა-ევროპა ნელნელა გუდავს რუსეთს ეკონომიკურად. სანქციების უზარმაზარი, მოუხეშავი „ავიამზიდი“ უკვე 180 გრადუსით შეტრიალდა და აწი მისი შეჩერება შეუძლებელია. პუტინს რომ საღი აზრის ნატამალი ჰქონდეს შერჩენილი, მიხვდებოდა, რომ ყოველი დღე დანაშაულებრივი ომისა, შეუქცევადს ხდის მის ქვეყანაში მიმდინარე კატასტროფულ პროცესებს. რუსი ოლიგარქატი და შეძლებული საშუალო ფენა კარგად ხვდება, რომ ამჟამად ძალიან ვიწრო „ფანჯარა“ აქვთ ქვეყნიდან გასაქცევად, სანამ შეშლილი დიქტატორი მათთვისაც მოიცლის და კარს ჩაურაზავს; ამიტომ გარბიან კისრისტეხით.
სამხედრო სიტუაცია ისევ უმძიმესია უკრაინელებისათვის. არც ამერიკა და არც ევროპა არ აპირებს სამხედრო ჩარევას არც აქტიურად და არც პასიურად. უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმა ნიშნავს მილიონობით სამოქალაქო მოსახლეობის პირდაპირ გაწირვას რუსული ბომბებით და რაკეტებით სიკვდილისათვის. სასოწარკვეთილი ზელენსკი ამას კარგად ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთი ინარჩუნებს პირქუშ დუმილს. საბედნიეროდ, ძალიან კარგად მუშაობს ამერიკული მედია და დასავლური საზოგადოება პრაქტიკულად შემზადებულია იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს კონფლიქტში შეიარაღებულ ჩარევას. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს პოლიტიკური ლიდერები. წითელი ხაზი ძალიან მოახლოებულია და დიდი ალბათობით ეს იქნება რაიმე უპრეცედენტო, საზარელი სამხედრო დანაშაული უმწეო მოსახლეობის მიმართ. ამის შემდეგ უკვე ქმედითი რისხვა დაატყდება თავზე რუსი სამხედრო დამნაშავეების ბრბოს. მანამ კი უკრაინელებს ჯოჯოხეთის ცხელ დერეფნებში მოუწევთ გავლა.
გენერალ უესლი კლარკს ისევ მიაჩნია, რომ ნატო აგვიანებს ქმედით, სამხედრო ჩარევას არა პირდაპირი იერიშით, არამედ საჰაერო სივრცის ჩაკეტვით უკრაინული ქალაქების ზემოთ. საკმარისი მასშტაბის სამხედრო დანაშაულია უკვე ჩადენილი, რომ დასავლეთმა ეს ნაბიჯი გადადგას. უკრაინელები წარმატებით იცავენ თავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კონტრშეტევების განხორციელების გარეშე ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ნელნელა დაეცემა მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. შეუძლებელია, ქალაქებში ჩაკეტილმა მოსახლეობამ დიდხანს გაძლოს ასეთ პირობებში. კლარკის რჩევების თანახმად, საჭიროა უკრაინის არმიამ რუსები ქალაქებს მოაშოროს და ბრძოლის ველი სხვაგან გადაიტანოს. ცხადია რუსებიც ამას ცდილობენ, ამიტომ ანადგურებენ დაუნდობლად მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი იმედოვნებენ, რომ გატანჯული ადამიანები საკუთარ არმიას მოსთხოვენ ქალაქებიდან გასვლას. ჯერჯერობით რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და უკრაინელები ვერ გათიშეს. ბრწყინვალედ მუშაობენ პრო-უკრაინული საინფორმაციო საშუალებები. ამ ფონზე უბრალოდ სამარცხვინოა ის სიტუაცია, რაც საქართველოს საინფორმაციო ველზე ხდება მკვეთრად გამოხატული ანტი-უკრაინული გამოხტომების სახით, რაც არათუ ჩახშობილი, არამედ წახალისებულია კიდეც. ალბათ არც არის საჭირო იმის აღნიშვნა, რომ ეს კლასიკური მაროდიორობის მაგალითია, ისევე როგორც ეკონომიკური გამორჩენის მცდელობა მიმდინარე პროცესიდან.
-უარესი დღეები ჯერ კიდევ წინაა – განაცხადა გენერალმა კლარკმა. ლოგიკურია. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ თავის გეგმას აუცილებლად შეასრულებს. დიდი ალბათობით ეს გეგმა ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინისა და უკრაინული შავიზღვისპირეთის სრულ ოკუპაციას. უკრაინის არმიას ამჟამად ორი მთავარი ამოცანა აქვს: 1. არ დაუშვას დასავლური მომარაგების არხების გადაჭრა და 2. არ დაუშვას ზღვისპირა ქალაქების დაკარგვა. უახლოეს დღეებში ალბათ ვიხილავთ რაიმე ცვლილებას ამ მიმართულებით.” – წერს ექიმი ზურბ გურული სოციალურ ქსელში.