“დენი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და არც ინტერნეტი” – წერს ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი, რომელიც, როგორც ცნობილია, უკვე წლებია, ზღვისპირეთში ცხოვრობს, კერძოდ, კაპროვანში.
5-დღიანმა გადაუდებელმა, ძლიერმა თოვლმა ის და მისი მეუღლე ფაქტობრივად სახლში ჩაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზა მისი სახლიდან 100-მეტრშია, ისეა თოვლის გამო ყველაფერი ირგვლივ ჩახერგილი, რომ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს.
”თოვა 5 დღის წინ დაიწყო და დღემდე არ ჩერდება. თოვლის სიმძიმემ დაამტვრია ხის ტოტები, წააქცია ხეები, დააზიანა სახლები, ელექტროგაყვანილობა, ინტერნეტი, ზოგან – გაზმომარაგება არ არის, ზოგან – წყალმომარაგება. ჩვენ მეხუთე დღეა, დენი არ გვაქვს და ახლა მივიღე სმს, – წყალიც შეწყდება… მთავარი ისაა, რომ გადაუღებლად თოვს.
– რამხელაა თოვლის საფარი?
– 80 სმ-მდე. თუ არ გაჩერდა, შეიძლება მეტრსაც მიაღწიოს, ინტენსიურად თოვს… ელექტროენერგია მე იმიტომ არ მაქვს, რომ ჩამომტვრეულმა ხეებმა და ტოტებმა ელექტროგაყვანილობა დააზიანა, რადგან თოვლის სიმძიმემ ისინი დიდი რაოდენობით მოტეხა. ჩემს ეზოში მოისპო ნარგავები, ხეები. წინა ეზოში ვერ გავდივარ, მაგრამ ჩემი სახლის გვერდზე რა სახლებიცაა, ყველას ხე აქვს დაცემული.
ჩემსას ჯერჯერობით არ დასცემია. ერთ სახლს მაგალითად, სამი ხე ერთად დაეცა. ჩამოტეხილი ტოტებით და წაქცეული ხეებით ჩახერგილია ყველაფერი, მოსასვლელი გზა. ჩვენს სახლამდე ვერ მოხვალთ, გადახერგილია. სახლიდან ქუჩამდე 100 მეტრია და იქამდე ვერ მივდივარ. საერთოდ, გარეთ ვერ გავდივართ და იზოლირებულები ვართ.
– რაღაც მარაგი სულ გვაქვს ხოლმე და ახლა უბრალოდ იმ მარაგს ვიზოგავთ.
– არავინ ასუფთავებს თოვლისგან და დამტვრეული ტოტებისგან, ხეებისგან ტერიტორიას?
– პირველ დღეს ტრაქტორი გამოგზავნეს, რომელმაც გზა გაწმინდა და ისევ ჩამოიმტვრა ყველაფერი. იმის მერე არავინ გამოჩენილა. ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, ხვალ დილამდე უნდა გავძლოთ… არადა, ახლაც ისე თოვს, აი, რა გითხრათ” – აცხადებს ღლონტი.