რას ჰყვება მამაკაცი ჭანჭათიდან, რომელსაც სახლი დაენგრა და ქვეშ მოიყოლა – ”ოთახი, სადაც მეძინა, მთლიანად ჩამოინგრა”

ჭანჭათში მამაკაცს სახლი დაენგრა და ქვეშ მოიყოლა, მაგრამ გადარჩა.

“გთხოვთ, უმორჩილესად, ჭანჭათის გზაზე გაიარეთ, სახლი დაინგრა, კაცი შიგნითაა მოყოლილი, ცოცხალი იყო ბოლო კონტაქტისას, გადავრჩიო, თქვა, მას მერე ვერ ვუკავშირდებით, იქნებ გაწმინდოთ გზები, სახლის ჩამონგრევამ თუ არ მოკლა, სიცივეს როგორ გადაურჩება? – დაწერა სოციალურ ქსელში თინათინ თვალავაძემ და მიუთითა მამაკაცის საკონტაქტო ნომერი.

ლანჩხუთის სოფელ ჭანჭათში მცხოვრები ვლადიმერ (ბაჩია) მამუკაშვილი დაზიანებას გადაურჩა, თუმცა სახლის დანგრევის გამო, ახლა ჭერის გარეშეა დარჩენილი:

”ჯერჯერობით კარგად ვარ, გადავრჩი, გვერდი კი მტკივა, მაგრამ მაგას რას დავეძებ, არა უშავს, 60 წლის ვარ და ავიტან. სახლი დამენგრა, საძინებელი ოთახი, სადაც მეძინა, მთლიანად ჩამოინგრა. სულ ორი ოთახი იყო და ახლა ჭერიც აღარ მაქვს.

ჯერ არავის მოვუკითხივარ, მითხრეს, რომ სამხედროები მოვლენო და ვფიქრობ, მოვლენ. მეც ყოფილი სამხედრო ვარ, ისინი ჩემი თანამებრძოლები არიან და შეეცდებიან ჩემს დახმარებას. მარტო ვარ სახლში, მედიკამენტები მჭირდებოდა, მეგობრის სიდედრმა და სიმამრმა დამირეკეს, რა გჭირდებაო და წამალი რომ ამეღო, მათთან შესახვედრად წავედი, სამი კილომეტრი გამოვიარე.

სახლი ორჯერ გადავთოვლე, მაგრამ მაინც ასე მოხდა. ახლა არ მაქვს თავშესაფარი, ისე ვარ დარჩენილი. ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენამდე გზა ისევ არ არის გაწმენდილი, გვპირდებიან, მაგრამ არავინ მოსულა სოფელ ჭანჭათში გზის გასაწმენდად. გაიგებდნენ, მაგრამ კონტაქტზე არავინ გამოსულა გამგეობიდანაც. არავინ დამკავშირებია. მაშველებმა დამირეკეს, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ დამეხმარებიან.

მე სენაკში ვმსახურობდი, ცხინვალის ომიც გამოვლილი მაქვს. ახლა მარტო ვარ. ეს სახლი ავარიულია, კი ვეხვეწებოდი მთავრობას, სახურავით დამხმარებოდნენ, ნაომარი კაცი ვარ, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. ხის სახლი იყო.

ორი შვილის მამა ვარ და 6 შვილიშვილის პატრონი. ისინი ნაქირავებში არიან თბილისში და ახლა ეს პატარა სახლიც დაგვენგრა, ამფერ დღეში ვარ. თუ ვინმე დაგვეხმარება, დიდად მადლობელი დავრჩები. ახლა ტელეფონი უნდა გაგითიშოთ, შუქი არ არის და ვერ დავტენი.”

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share