11 მარტს სენატის საგარეო ურთიერთიბათა კომიტეტში “მეგობარი აქტს” განიხილავენ. “ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი თანაავტორის ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის “მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული”. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
აქტის განხილვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 11 მარტს თბილისის დროით 18:00სთ დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, განხილვაზე მიწვეულები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
თავდაპირველად აქტი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში, მეორედ კი რედაქტირებული ვერსია ამა წლის იანვარში წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან ერთად. დოკუმენტს ახლა 20-მდე თანასპონსორი ჰყავს.
აქტი ორი ნაწილისგან შედგება, დემოკრატიული უკუსვლის პირობებში”ქართული ოცნების” ოფიციალური პირებს სანქციებს, ხოლო დემოკრატიიის გაძლიერების შემთხვევაში კი, ქვეყანას ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას ჰპირდება.
მოლოდინები “მეგობარი აქტზე”
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ჯერჯერობით “დიფ სთეითის” დამარცხების მკაფიოდ გამოკვეთილი კონტურები არ ჩანს და ამიტომაც ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მხარდაჭერა ჰქონდეს აქტს.
“სიტუაცია ისე მიდის, რომ ჯერჯერობით მკაფიოდ გამოკვეთილი არაა ის პროცესები, რომელი პროცესებითაც ის ავადსახსენებელი “დიფ სთეითი” უნდა დამარცხდეს, ეს დღეს კიდევაც განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. ძნელი სათქმელია და ამ ეტაპზე მე რაიმე პოზიტიურს არაფერს არ ველი, ვინაიდან იქ ისეთი ძალები მოქმედებენ, რომლებიც უპირველეს ყოვლისა წყალს ასხამენ იმ საშინელებაზე, რომელსაც ჰქვია “დიფ სთეითის” მიერ წარმოებული ანტიხალხური პოლიტიკა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით”,- განაცხადა გვენეტაძემ.
კითხვაზე, რამდენად არის მოლოდინი, რომ “მეგობარი აქტი” ბოლომდე გავიდეს და დამტკიცდეს, ანალიტიკოსმა გვითხრა:
“არიან ისეთი ძალები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ჯერჯერობით აშკარად ის პროგრესული ძალები, რომლებიც გვერდში დაუდგებიან იმ პოლიტიკას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს, სენატში ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ”,- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
შავი ზღვის საერტაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და არაა გამორიცხული კანონპროექტი საბოლოოდ გავიდეს.
“ჩემი აზრით, “მეგობარი აქტს” ორპარტიული მხარდაჭერა დიდი ალბათობით ექნება. მიუხედავად იმისა, თუ დღეს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისა და რუსეთის მიმართ რა დამოკიდებულებაა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუნდაც იგივე ტრამპის ადმინისტრაცია საქმის კურსშია დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება თანამშრომლობს ირანთან, ჩინეთთან და გარკვეულწილად კეთდება ანტიამერიკული განცხადებები და ამიტომაც როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები ხაზს გაუსვამენ იმ ფაქტს,რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ. საბოლოო ჯამში ალბათ დამატებითი სანქციები ამოქმედდება, რაც შემდგომ პროცედურებზეა დამოკიდებული “ქართული ოცნებისადმი” ამერიკის დამოკიდებულების საკითხი.
“გარდა სანქციებისა, მეგობარ აქტში საუბარი იყო უვიზო რეჟიმის შერბილებაზე და გარკვეულ ეკონომიკურ მხარდაჭეაზე, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამ საკითხებზე მიდგომა შეიძლება ცოტა შეიცვალოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონკრეტული მიდგომა არსებობდა ამ საკითხებზე. პლიუს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევა, თუმცაღა თუ პროცესები დემოკრატიულად განვითარდა, რაღაც შეთავაზება მაინც იქნება.
“არაა გამორიცხული,რომ “ქართული ოცნებისგან” რაღაც ლობისტური ჯგუფები ყოფილიყვნენ გაგზავნილები, ცდილობდნენ დაერეგულირებინათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და ამიტომაც აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ “დიფ სთეითი” ვერ დაამარცხა, ამით თადარიგი დაიჭირეს, რომ ხვალ თუ ისევ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცევა, ეს დააბრალოს არა იმას, რომ თავად არიან ცუდები, არამედ იმას, რომ ამერიკაში “დიფ სთეითი” ვერ დაამარცხეს”,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “რეზონანსთან”.
რაც აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”
„მეგობარი აქტი” კი არა, ამ აქტს უნდა ერქვას „უმადური აქტი”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ-ს კონგრესი განიხილავს.
„ქართველი ხალხი, საქართველო და საქართველო მოქმედი ხელისუფლება გვერდში დაუდგა ამერიკელ ხალხს მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების უმეტესობა ან დაიმალა საკუთარ ქვეყნებში, ავღანეთის მისიას ვგულისხმობ ან ჩავიდა ავღანეთში და დაიმალა შტაბებში.
ასე, რომ მაშინ დავუდექით ჩვენ გვერდზე [აშშ-ს], ვიყავით ჩვენი კონტინგენტით ყველა ქვეყანას შორის, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ვიყავით მეოთხე ამერიკის, გერმანიის და იტალიის შემდეგ რაოდენობით. მაშინ როდესაც ბოლო პერიოდში ძალიან მამაცები და გულადები, რომ გამოდგნენ ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებები, რომ იქაჩებიან ომისკენ საომარი, სადაც იყო 40 კაცით იყვნენ წარმოდგენილი ავღანეთში.
“ამიტომ, როცა ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ არის ინიციირებული პროექტი, რომლის მიზანიც არის ქართველი ხალხის დაზიანება, რა თქმა უნდა ეს სხვა არაფერია თუ არა უმადურება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ გია ვოლსკს იმედი აქვს ჯო უილსონის მოწოდებები არ გაჭრის და „მისი უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული”.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამართლიანი პოზიცია ექნება იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ტრამპს, მის უშუალო სიახლოვეში მყოფ თანამდებობის პირებს, რომლებიც ახლახან დაინიშნენ, განსაკუთრებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ყოველთვის ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მათ რაღაც კავშირი გააჩნიათ რუსეთთან, მაშინ როდესაც ერთადერთი, რისკენაც ისინი ისწრაფვიან, არის მშვიდობა და მსოფლიოს გადარჩენა ნგრევისაგან.
“იგივეა ჩვენი მდგომარეობა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. მსოფლიოს პროცესებზე ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ვერ/არ შევდივართ რუსეთთან დაპირისპირებაში. ამას თუ ხაზი გადაუსვეს და თქვეს, რომ ეს ასე არ არის, სხვანაირად არის, ან ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამ მიზეზით გამოხატა, რასაც ჯო უილსონი ქადაგებს. მე ვფიქრობ, ეს სწორედ ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მთლად არ არის დამარცხებული, მთლად არ არის „ეშვებდაძრობილი” „დიფ სთეითი” და „ომის პარტია”.
“ჩვენ სერიოზული შეტევის ქვეშ ვართ, ასეთივე შეტევის ქვეშ არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ძალების სერიოზული კონცენტრაცია მიდის იმისათვის, რომ ახალი ადმინისტრაციის მშვიდობის განვითარების იდეა დამარცხდეს. ერთ-ერთი მცირე ფლანგი არის საქართველო. აქაც იგივე ბრძოლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზული იმედი მაქვს, ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს არ გაჭრის, ჯო უილსონის მოწოდებები, მისი ეს უტოპიური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველო არის ირანის მოკავშირე, არ იქნება განვითარებული,” – განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციის მოლოდინი
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ხელისუფლებისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება.
„რუსული რეჟიმის ტყუილი დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილება რაღაც სასიკეთო ძვრა იქნებოდა ივანიშვილისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში ბათილდება. მათ შორის ის ტყუილი გაბათილდება ხვალ, როცა ჩვენ ვნახავთ, რომ „მეგობარი აქტს” ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
მინდა საზოგადოებას განვუმარტო რას ნიშნავს “მეგობარი აქტი” – ეს არის ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერი აქტი, რომლის მიზანია რუსულ რეჟიმზე ზეწოლის გაზრდა, რათა გათავისუფლდეს საქართველო რუსული რეჟიმის მმართველობისგან, აღდგეს ქვეყანაში დემოკრატია და ჩვენ შევძლოთ იმ ამოცანების განხორციელება, რაც დასახული აქვს ქართველ ხალხს და რასაც ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.