სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის ტყვე, მიიჩნევს რომ დასავლეთმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ დაჩქარებულ ვადებში უნდა იმოქმედოს და სანქციები დააწესოს.
ქერაშვილი ევროპულ ქვეყნებს ახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ხისტი პოზიციის დაფიქსირება და აცხადებს, რომ თუ “ოცნება” ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა ეს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხავს წყალს.
იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს – წერსს სინდისის პატიმარი ირაკლი ქერაშვილი.
„წერილი ევროპის ქვეყნებს,
იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ადრესატამდე მოაღწევს.
მე ვარ ირაკლი ქერაშვილი და ამ წერილს ვწერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მსურს, თვალები კიდევ უფრო უფრო ფართოდ გაახილოთ, რადგან ჩემს ქვეყანას და მის ხალხს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!
ისტორიას თუ გადახედავთ, 1924 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლა საბჭოთა (რუსული) ოკუპაციის წინააღმდეგ, ქართველ ხალხს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა (ინგლისისა და საფრანგეთის). ბრძოლები დაიწყო 1924 წლის ბოლოს, მაგრამ მხარდაჭერა არსად ჩანდა. ჩემი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის წინაშე მარტო აღმოჩნდა. მათ დახოცეს დაახლოებით 7 000-დან 10 000-მდე ადამიანი, 20 000-მდე კი ციმბირში გადაასახლეს.
1924 წელსა და დღევანდელ დღეს შორის ერთადერთი განსხვავება არსებობს: ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად, როდესაც იმავე მტრის წინაშე ვდგავართ, დასავლური მხარდაჭერა და სანქციები არ დაიგვიანებს!
ჩემთვის წაყენებული ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ არ მეშინია! მზად ვარ, ჩემი თავისუფლება შევწირო ჩემი ქვეყნის თავისუფლებას!
საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის დიდი ნაწილი!
თუ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი სამიზნე ევროპა იქნება!
#ჩვენევროპავართ
#აფხაზეთისაქართველოა
#სამაჩაბლოსაქართველოა“- წერს ქერაშვილი.
პროკურატურა ექიმ ირაკლი ქერაშვილს „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას“ ედავება. მასთან ერთად, იგივე ბრალდებით ასამართლებენ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს და სერგეი კუხარჩუკს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ერთმანეთი პირველად სასამართლოში ნახეს და გაიცნეს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ