საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას საერთაშორისო მედია ეხმაურება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს“, – საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს Reuters-ი სწორედ ამ სათაურით ეხმაურება.
„გახარიას განცხადებით, მელიას დაპატიმრება მიუღებელია, თუ ის ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციას გაზრდას ხელს შეუწყობს“,- წერს Reuters-ი.
Reuters-ს მოყვანილი აქვს ნიკა მელიას განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი.
„მელია აცხადებს, რომ მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს“, – აღნიშნავს Reuters-ი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიას თქმით, მან ნიკა მელიას საქმეზე თავის გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია“,- წერს DW.
DW აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა.
DW-ს მოყვანილი აქვს გიორგი გახარიას განცხადებიდან ამონარიდები, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს ეს ნაბიჯი ქვეყანის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციას შეამცირებს.
„გახარიას განცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო“,- აღნიშნავს DW.
DW წერს, რომ ოპოზიციური პარტიები გახარიას რუსეთთან მჭიდრო კავშირის ქონაში ადანაშაულებენ და მას „მოსკოვის კაცს“ უწოდებენ.
Euronews-ი იუწყება, რომ გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ ოპოზიციონერ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
„პრემიერმა სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზოციური პარტიის ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით, გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლა, ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაცია გამოიწვიოს“,- აღნიშნავს Euronews-ი.
Euronews-ი წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო პოლიტიკური კრიზისის შუაგულში იმყოფება. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს.
„მელიას დაკავება, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გააუარესებს“,- წერს Euronews-ი.
გიორგი გახარიას გადადგომას US News-იც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას მხარდამჭერები გიორგი გახარიას გადადგომას ოვაციებით შეხვდნენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური ლიდერის დაკავების გამო გადადგა“,- ასე გამოეხმაურა AP გიორგი გახარიას გადადგომას.
„მელიამ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება დასაფასებელია. თუმცა, ის ვერ შეაჩერებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას. მელიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა“,- წერს AP.
AP აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48%-ი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 27%-ი.
Aljazeera წერს, რომ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. გამოცემა იუწყება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.
„ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ოლიგარქი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს“, -წერს გამოცემა.