ზურაბიშვილის წერილი EU-ს ლიდერებს და საგანგებო სამიტი ბრიუსელში – რა მოლოდინი აქვთ თბილისში

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში საგანგებო სამიტზე იკრიბებიან – მოლაპარაკებებზე მისულ პრეზიდენტებს და პრემიერებს მაგიდაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილი დახვდებათ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სახელით სალომე ზურაბიშვილმა, ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს საკითხი დღეს მათი მსჯელობის საგანი იყოს.

ოფიციალურად, სამიტის წევრები უკრაინაში  მიმდინარე პროცესებზე ისაუბრებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ EU-ს ლიდერებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გზავნილზე  გააკეთონ განცხადებები.

ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილს “ძლიერი საქართველოს” უერთდდდება – პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა, საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრეს:

“ქართული ოცნების” ამოცანაა, საქართველო ისე დაშორდეს ევროკავშირს, რომ ევროკავშირის დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრეს. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ.  პრეზიდენტ ზურაბიშვილის წერილი, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ევროპელმა ლიდერებმა იმსჯელონ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შექმნილია საქართველოში. იფიქრონ მაღალი დონის ჩართულობაზე, იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს დემოკრატიული გზით, ანუ ახალი არჩევნების გზით და ეს არის სწორედ იმ წერილის ამოცანა და დანიშნულება, რომელიც გაგზავნილ იქნა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ”- აცხადებს ჯაფარიძე. 

ფოკუსის საქართველოს ინტერესებზე გასწორების აუცილებლობაზე საუბრობს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძეც.

ცნობილია იმ წერილის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროევროპულ პარტიებთან კოორდინაციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან გაგზავნა – სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მოუწოდებს ევროპელ მეგობრებს განიხილონ ჩართულობის ყველა გზა, ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისთვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share