ქალაქ ოზურგეთში იმ ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამბობს, რომ სამუშაოები წესების დაცვით არ სრულდება – გადათხრილია ქუჩები, არ ავსებენ ორმოებს, არის მტვერი.
ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აწარმოებს. კონტრაქტი 48 მილიონ 548 ათას 995 ლარზეა გაფორმებული. 50 მილიონი ლარით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „გზა“ მონაწილეობდა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„გადათხარეს ქუჩები და დატოვეს ზოგან ხრეში, ზოგან ორმოები გზაზე… მტვერს ვსუნთქავთ. ქუჩის გადარეცხვის ვალდებულება არ უნდა ჰქონდეს კომპანიას? ორმოებიც შერჩევით, ნაცნობობით ამოავსო კომპანიამ ზოგიერთი მოსახლის ეზოსთან, დანარჩენი დატოვებულია. რამდენჯერმე მივმართეთ კომპანიას, თუმცა, იგივე გრძელდება; არც მორწყვა-გადარეცხვა ხდება და არც იმ ამოყრილი მიწის გატანა, რომელიც მტვრად იქცევა მერე. არაერთი ქუჩაა ასე გადათხრილი“ – უთხრა „ბათუმელებს“ ოზურგეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გადათხრილი ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში. ფოტოები, რომლებიც გადაღებულია დღეს [27.03.2025] მოქალაქემ მოგვაწოდა
„4-5 თვეა ოზურგეთში უკვე ვმუშაობთ და არავის მოუმართია პრეტენზიით, პირველად გვესმის თქვენგან. კონკრეტულად რომელ ლოკაციაზეა საუბარი არ ვიცი, შეიძლება სხვა სამუშაოები მიმდინარეობდეს და შეიძლება ჩვენი კომპანია არც მუშაობდეს… კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ, თუმცა, სისტემატურად გავდივართ და ვამოწმებთ. ზოგადად წყალგაყვანილობისთვის ტრანშეას რომ ვჭრით, დისკომფორტი ექნება მოსახლეობას, რა თქმა უნდა.
პროექტში ასფალტის აღდგენაც არის, მაგრამ კონკრეტული სამუშაო ვიდრე არ დასრულდება ასფალტის აღდგენა ვერ მოხდება. მაგალითად, ყველა 5 კვადრატულზე ასფალტს ვერ აღადგენ, რაღაც მოსამზადებელი სამუშაოა ამისთვის საჭირო და შემდეგ ერთიანად აღდგენა. ტერიტორიიდან რაც გასატანია ნარჩენები, ესეც გაგვაქვს.
მთელი მობილიზაციით და სწრაფი ტემპით ვმუშაობთ და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოები დასრულდება“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „გზაში“.

გოგებაშვილის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოების პარალელურად, ქუჩიდან გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, ასევე, უზრუნველყოს „ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, მათ შორის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თვიდან აცილება“.
ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო სამუშაოების შედეგად წარმოიქმნება სამშენებლო ნარჩენები [ზედმეტი გრუნტი, ასფალტის ან ბეტონის ნანგრევები] აღნიშნული საჭიროებს სამშენებლო ტერიტორიიდან გატანას. პროექტანტმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმება და ამ ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე.“
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის მიხედვით კი, „სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოფდეს სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებს, მათ შორის:
- მის სისუფთავეს და არ დაუშვებენ მიმდებარე მიწის ნაკვეთების და ქუჩების დაბინძურებას, აგრეთვე ამ ქუჩების გზის საფარის დაზიანებას;
- საწარმოო ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებითა და ჰაერის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, მათ შორის ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თვიდან აცილებას“ და სხვა.

გოგებაშვილის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025
„ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და ქვემო ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი წითელი სხივისა და ნარუჯის უბნების წყალმომარაგების სისტემის, ასევე, დაბა ურეკისათვის 2 ჭაბურღილის მოწყობის პროექტირება-მშენებლობაზე“ ტენდერი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული 50 073 300 ლარით, 2022 წლის ნოემბერში.
ტენდერი სახელმწიფო პროგრამის, „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში იყო გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულ „გზასთან“ კი, ხელშეკრულება 2023 წლის იანვარში გაფორმდა.

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025
„მშენებლობა განვადებით“ გამოცხადებული ტენდერი ჩვეულებრივი ტენდერისგან დიდად არ განსხვავდება. სხვაობა ბიუჯეტიდან თანხის გადახდაშია – თუ ჩვეულებრივი ტენდერის პირობებში კომპანიებს ავანსად მსხვილ თანხას ურიცხავენ, ამ შემთხვევაში ეს ასე არ ხდება.
„გზასთან“ დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ „დაფინანსების წყაროა 2023-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი“.
წყალმომარაგების კომპანიამ თანხის [როგორც საკუთარი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან] გადარიცხვა 2024 წელს დაიწყო. შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2025 წლის 27 მარტის მდგომარეობით, „გზაზე“ უკვე გადარიცხულია ჯამში 7,74 მილიონი ლარი [სახელშეკრულებო თანხის 16%].

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა ოზურგეთში / ფოტო: 27.03.2025
„გზამ“ ოზურგეთში სამუშაოები 2025 წლის 26 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
შპს „გზა“ სახელმწიფო უწყებების მაღალბიუჯეტიან ტენდერებს ხშირად იგებს. კომპანიის 100 პროცენტი წილი კი, გიორგი ჭყონიას „ბანკი ქართუში“ აქვს დაგირავებული.