რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოში რუსეთიდან 30 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს, სექტემბრის პირველ კვირაში კი – 11 ათასი ტონა. აგვისტოშივე შემოვიდა რეკორდული რაოდენობის, 24 ათასი ტონა ფქვილი – მთლიანად რუსეთიდან. ხორბლის ადგილობრივი მოსავალი, ხანიშვილის თქმით, წლეულს სავარაუდოდ 160-170 ათას ტონას მიაღწევს. შარშანდელთან შედარებით, ხორბლის მსოფლიო ფასები თითქმის მესამედით არის შემცირებული, რაც, წესით, პურის ფასზეც უნდა აისახოს. მიუხედავად ამისა, პურის მცხობელთა ასოციაციის ინიციატივაა, რომ ფასის გასაკონტროლებლად მაღაზიებისთვის პურის ღირებულების ზედა ზღვარი დაწესდეს. რას ეფუძნება მათი ინიციატივა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამის გაკეთება როგორ წარმოუდგენიათ და რას ნიშნავს მსგავსი ინიციატივები ეკონომიკისთვის, ამ საკითხებზე ”კვირია პალიტრა” პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძესა და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.
მალხაზ დოლიძე: – წლეულს კარგი მოსავალია და თუ შარშან 1 ტონა ხორბალი 500 დოლარი ღირდა, წლეულს 340 დოლარია. საქართველოში ბოლო მოსავალი 150 ათასი ტონა იყო, რაც ქვეყნის საჭიროების მეოთხედზე ნაკლებია – სულ მოხმარება 650 ათას ტონამდეა. შარშანდლიდან უკვე ჩაეყარა საფუძველი ადგილზე ხორბლის მოყვანის გაზრდას, ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი, რომ მოსავალი გაზრდილიყო და მოყვანილი ხორბალი არ გასულიყო ქვეყნის გარეთ. სხვათა შორის, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული ბაჟი საქართველოსთვის შემცირდა და ფქვილის და ხორბლის ფასები საქართველოში დაბლა წამოვიდა. მცირე და საშუალო წისქვილები ამუშავდა, რაც კარგია და ალბათ დიდებიც ამუშავდება. ჯამში, ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი თუ იყო 80-82 ლარი, გახდა 73-75 ლარი. თუ ყაზახეთიდანაც შემოვა, ცხადია, ეს ფასს კიდევ უფრო შეამცირებს.
პურის გამოცხობას ხომ სხვა რაღაცებიც სჭირდება? მაგალითად, გაუგებარია, რომ საქართველოში წარმოებისთვის წყლის გადასახადი 6,51 ლარი გახადეს. რა, წყალი არა გვაქვს? წყალი ვისთვისაც ნედლეულია – ლუდის ქარხნები, “კოკა-კოლა”, ქალაქიდან ყველა გაიქცა და ეს ტარიფები მხოლოდ პურს შერჩა. ენერგომატარებლებიც 27 თეთრი ღირდა და 33 გახდა. პურის წარმოებისთვის მთავარია ბუნებრივი აირი და მისი ფასი პურპროდუქტებისთვის 86 თეთრი იყო და გახდა 1,38 ლარი. იანგარიშეთ, რამდენი პროცენტით არის მომატებული. ფქვილმა დაიკლო და გვაქვს სურვილი, რომ პურს ფასი დავაკლოთ, მაგრამ ყველაფერი გაძვირებულია. პური პირველადი მოხმარების პროდუქტია და შეღავათებს ყოველთვის უწესებდნენ. ბუნებრივი აირის კომპანიის, “თბილისი ენერჯის” მაღალი წლიური მოგება 67 მილიონი იყოო, და 67 მილიონი მოგება თუ ნახე, ტარიფს რატომ მიმატებ? “ყაზტრანსგაზი” როცა იყო, მისმა ხელმძღვანელმა შოკატაევმა მეპურეები დაგვიბარა და გვითხრა, პური მხოლოდ ეკონომიკური პროდუქტი არ არის, სოციალური პროდუქტია, ხელშეწყობა უნდაო, და 86-თეთრიანი ტარიფი დააწესა. ესენი კი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა წაგართვან.
რომ ამბობენ, რეაბილიტაცია სჭირდება და ამიტომ ძვირდებაო, რა, პურის წარმოებას არ უნდა რეაბილიტაცია?
ადრე ჩვენთან მოქმედებდა პურის მიღებისა და რეალიზაციის წესი, რაც ითვალისწინებდა, რომ ფასნამატი არ უნდა ყოფილიყო პურის ღირებულების 5%-ზე მეტი და, თუკი პურს შეუკვეთდი და ვერ გაყიდდი, ამაზეც კი პასუხისმგებლობა გქონდა. ახლა კი, ფასების ლიბერალიზაციის შემდეგ, ვისაც რა უნდა, იმ ფასს ადებს. ზოგან 30 თეთრია მომატებული, ზოგან 40 და ზოგან 50 თეთრიც კი. ქსელურ მაღაზიებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ვაჭრობას პურის მწარმოებლები ძალიან ცუდ დღეში ჰყავს ჩაყენებული. მე ქალაქის მერი რომ ვიყო, გამოვუყოფდი პურის მსხვილ მწარმოებლებს ადგილებს მეტროებთან, ხალხმრავალ ადგილებში და თვითღირებულებით გავაყიდვინებდი პურს და დაინახავდით, ეს მაღაზიებზე როგორ იმოქმედებდა. ფასი ჩვენ რომც შევამციროთ, ისინი არ შეამცირებენ და მეტ ფულს ჩაიდებენ ჯიბეში.
1996 წელს ლიბერალიზაციის კანონი რომ შემოიღეს, სახელმწიფომ მოიხსნა პასუხისმგებლობა, პური გახდა მთლიანად კერძო ბიზნესი და გეუბნება, მე ფასებს ვერ დავაწესებო. მაშინ სახელმწიფოს ხორბლისა და ფქვილის მარეგულირებელი კომისიაც ჰყავდა და ბაზარზე ფასებს არეგულირებდა, ლიბერალიზაციის კანონის შემდეგ კი ეს ყველაფერი გაქრა. თუმცა ვხედავ, რომ საჭიროა.
ყურძენზე, ვაშლზე, მანდარინზე ხდება სუბსიდირება და ხორბალმა რა დააშავა? უპირველესად ხორბალს სჭირდება სუბსიდირება, რათა იმდენი გქონდეს, მთელი წელი პურის ფასი არ გადარდებდეს. რაც შეეხება მაღაზიაში პურის ფასს, სხვადასხვა სახის პური იყიდება – მაგალითად, 500-გრამიანი პირველი ხარისხის პური 1,5 ლარი ღირს, დაჭრილი – 1,8 ლარი. მისი ქარხნიდან გასაცემი ფასია 1,1 და 1,2 ლარი, მაღაზიები ყიდიან ძვირად. ვაჭრობის რეგულირება მერიას შეუძლია, თუნდაც დროებითი წესებით. ან ბუნებრივი აირის კომპანიებს უთხრან, რომ პურის მწარმოებლებს პატარა შეღავათი მაინც მისცენ.
ორჯერ გააკეთეს, ფასი რომ დაერეგულირებინათ, რადგან მაშინ 550 დოლარზე გავიდა მსოფლიო ფასები და აქაც რომ ძალიან არ გაქცეულიყო, წისქვილებს აძლევდნენ 20 ლარს ტომარაზე და ეს სწორი იყო. პურის ფასები დილეტანტისთვის ყველაზე კარგი შესამჩნევია პატარა პურის თონეში. აქ ბუნებრივი აირის თვიური ხარჯი თვეში 500-600 ლარი იყო. დღეს ნებისმიერ თონეს დაახლოებით 1.200 ლარი გაუხდა. თუ კაცი 2 ტომარა ფქვილს აცხობს, ტომარას 6 ლარი ემატება და ამიტომ გახდა ქართული პური 1,3 ლარი. იმას აღარ ვანგარიშობ, წყალი და დენი რომ ძვირია. თუმცა მეზობელ ქვეყნებს რომ შევადაროთ, პურის ფასი ჩვენთან კიდევ ყველაზე დაბალია სწორედ მწარმოებლების ხარჯზე. ეს ჩვენზე ტყდება. შესაფუთი მასალაც არ დაგვავიწყდეს. კანონი ყველა პურის შეფუთვას არ ითვალისწინებს, მაგრამ პანდემიის შემდეგ შეფუთული გამოდის. თითო 25 თეთრი გვიჯდება.
გიორგი კაპანაძე: – ჩვენ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა და ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დადგინდება. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს არ დგას საჭიროება, პურის ფასზე კონკრეტული ზღვარი დაუწესდეს მაღაზიებს. გარდა ამისა, როდესაც ლაპარაკია ზედა ზღვარზე, საჭიროა ბაზრის შესწავლა, თუ როგორია ფასების ზრდა. ჩემთვის გასაკვირი იყო ეს განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში სუპერმარკეტების ძალიან ბევრი ქსელია და წარმოუდგენლად მიმაჩნია, ყველა მარკეტი იყოს შეთანხმებული ერთმანეთთან კონკრეტულად პურის ფასზე და შეთანხმებულად ზრდიდნენ პურის ფასს, რომელიც თავისთავად არცთუ მაღალია. ამიტომ არ ვიცი, რას ეყრდნობა პურის მწარმოებელთა ეს განცხადება. გასაგებია, რომ პური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და მისი ფასი გაზრდილია, მაგრამ ვფიქრობ, არ არის იმდენად მაღალი. არც იმის არგუმენტი არსებობს, რომ მაღაზიები შეთანხმებულად ზრდიან ფასს და აუცილებელი იყოს ამაში სახელმწიფოს ჩარევა.
ეკონომიკისთვის ეს მისაღები არ არის, არ შეიძლება შენ რაღაც ფასად მიჰყიდო პროდუქტი ერთ ეკონომიკურ სუბიექტს და შემდეგ მას მოსთხოვო, რომ ფასნამატი არ ჰქონდეს, ან როგორი ჰქონდეს. მით უმეტეს, არ მსმენია, რომ პურის ფასი არარეალურად გაიზარდა. თუკი ასეთი ბრალდებები იქნებოდა და შემდეგ მწარმოებლებს არგუმენტი ექნებოდათ, რომ მათ კი არ გაზარდეს ფასი, არამედ სუპერმარკეტებმა მოუმატეს ძალიან, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ამ საკითხზე მსჯელობა. კი, პური გაძვირდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ინფლაციაა, უმეტესად ორნიშნა, და ბუნებრივია, ეს ყველა პროდუქციას, მათ შორის, პურსაც აძვირებს. სხვათა შორის, სხვა პროდუქტებზე, მაგალითად, ზეთზე, ეს უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე პურზე.
ფაქტია, დღეს არ არის პრობლემა, დაიქირაონ ფართობი და იქ გაყიდონ პური, მაგრამ, ალბათ, სურთ მერიამ მათ უფასოდ მისცეს და დამატებითი ხარჯი არ ჰქონდეთ. მაგრამ ამ შემთხვევაში გამყიდველის ხარჯი ექნებათ და დამატებითი ფასნამატი მოუწევთ. ამას დაემატება კომუნალური ხარჯები. ალბათ, კომუნალურის გადახდაც არ ენდომებათ, მაგრამ ლოგიკურად ხარჯები მაინც გაეზრდებათ და პურს იმ ფასად მაინც ვერ გაყიდიან, როგორც სუპერმარკეტებს აძლევენ. ანუ რეალურად ლაპარაკია მერიის მიერ მათ სუბსიდირებაზე, რაც არასწორია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ღარიბია და მათთვის პური იაფი უნდა იყოს, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ მოხდეს ამ სახის სუბსიდირება, როგორც ეკონომისტს, სწორი არა მგონია. თუ მსგავსი პრეცედენტები გვექნება, მაშინ ნებისმიერი პროდუქციის მწარმოებელმა შეიძლება მოითხოვოს სუბსიდირება. სხვა უფრო ეფექტური მექანიზმების გამონახვაა შესაძლებელი, ვიდრე მერიამ უფასოდ გამოყოს ადგილები ან სუპერმარკეტებს განვუსაზღვროთ ფასნამატი.”
კვირის პალიტრა