საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა და 700 ათასს გადააჭარბა. იმ პირების რიცხვი კი, რომლებიც თვლიან, რომ ღარიბები არიან, 1.282 მლნ-ზე მეტია.
უფრო კონკრეტულად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო, 2025 წლის მარტის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 700 740-ს შეადგენს, აქედან 465 183 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 235 287 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეთა სიაში ჩართული პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.
ამავე უწყების მონაცემებით, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 655 073 ადამიანი იღებდა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დღეისათვის საქართველოში თითქმის ყოველი მე-3 ადამიანი თავს ღარიბად თვლის, ყოველი მე-5 კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და სახელმწიფოს შემწეობას იღებს.