მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ე.წ. ხელისუფლება მის პარტიაში ხელებს აფათურებს” და “ქართულ ოცნებას” თინა ბოკუჩავას პარტიიდან ჩამოცილება უნდა, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმაურება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “პირველებთან” ამბობს, რომ “ვინც ამ საქმეში ჩაერთვება, ნებით თუ უნებლიედ, ქოცური თამაშის თანამონაწილე გამოვა”.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვისზე შეიძლება საუბრობდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ არ იცის.
”ვინც ამ საქმეში ჩაერთვება, ნებით თუ უნებლიედ, გამოვა ქოცური თამაშის თანამონაწილე. იმის მაგივრად, რომ დავკონცენტრირდეთ და ვებრძოდეთ იმ ძალას, რომელიც ჩვენ ქვეყანას მომავალს ართმევს და ჩვენს პარტიას აუქმებს, თინა ბოკუჩავაზე იყოს ძალისხმევები მიმართული, რომ ვადამდელი წესით მოხდეს მისი გადარჩევა, ასეთი ტიპის ინფორმაციები როგორც კი მივიდა მიშა სააკაშვილამდე, მან იმოქმედა და საჯარო პოსტიც დაწერა. არ ვიცი (ვისზე შეიძლება სააკაშვილი საუბრობდეს). ზოგადი განცხადება იყო, კონკრეტული ადრესატი არც ჰყოლია ამ განცხადებაში”. – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 23 აპრილს, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის განცხადებით, მის პარტიაში “ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს”, რადგან “ქართულ ოცნებას” თინა ბოკუჩავს პარტიიდან ჩამოცილება უნდა.