კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს შრომითი დავა მოუგო

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა თეა წულუკიანს შრომითი დავა მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტროს დაევალა ამ თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

საქმე 13 თვეს ეხება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი უწყებაში დაბრუნება გახანგრძლივდება, განაცდურის ოდენობაც გაიზრდება.

ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მოსარჩელეს ანონიმურად დარჩენა სურს.

ბარამაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კულტურის სამინისტროში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

“ჩატარდა ტესტი ქართულში, ინგლისურში, უნარებში. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აიღო უმაღლესი შეფასებები, გასაუბრებაში კი – მინიმალური. ყველას, ვინც გამოუშვეს, გასაუბრებაში უწერიათ მინიმალური შეფასება. ამ კომისიაზე იმავე რანგის თანამშრომელი სხვა არ ყოფილა. შედარება რომ მომხდარიყო, 2 თანამშრომლიდან რომელი დავტოვოთ ამ პოზიციაზე – ასე არ ყოფილა. ვინც კომისიაში მოხვდა, ყველა განწირული იყო სამსახურიდან გასათავისუფლებლად. ვიდავეთ ამ ყველაფერზე დაყრდნობით და სასამართლომაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სამინისტროდან გათავისუფლების ბრძანება არის უკანონო და არ ეყრდნობა არავითარ ობიექტურ გარემოებას”. – ყვება ადვოკატი.

მისივე განცხადებით, კულტურის სამინისტრო დავას, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებს, თუმცა, გადაწყვეტილება იგივე დარჩება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share