ამირინდო ბერიძის „შთამომავლობა“ და „ოცხანური“ ღვინო(ნაწილი III)

ამირინდო ბერიძის „შთამომავლობა“ და „ოცხანური“ ღვინო (ნაწილი III)
.
სვიმონ გურიელი (II) მისი სტუმრებითა და მხლებლებით „საკათალიკოზოში“ (ხიდისთავი-ოცხანა) ჩასულა სადაც მთავარს განსაკუთრებული ზვარი ჰქონია და დაყენებულ საუცხოო ღვინოს რომელიც სულ ოცდახუთი კოკა გამოდიოდა სპეციალურ ქვევრში სახელად „გოგინია“-ში ასხამდა. სწორედ ამ ქვევრთან უბრძანებია გურიელს სუფრის გაშლა და აქ უკვე ღვინის დალევაში მთავრის მხლებელ გიორგი ბერიძეს გამოუჩენია – „მთავრის მხლებელ ერთა შორის იყო ბერიძე გიორგიც. მთავარმა უბრძანა: იმედი მაქვს, ვაჟკაცობაში არც შენ ჩამორჩები იმ შენ წინაპარ ამირინდოსა, მაგრამ ღვინის სმაში კი რაღა გითხრაო.“ (1)
.
ბერიძეს მთავრისათვის უთქვამს – „მწყალობელო მთავარო, ჩენ თქვენი გურულები ბუნებითი ჩქარი ვართ და ეს ბუნებითი თვისება ნებას არ გვაძლევს, ხან-გრძილვათ საქმეს გავყვეთ. ახლა რომ კათხებით შევუდგე ღვინის სმას, ეს თქვენც მოგაწყენთ და მეც, ამისათვის თუ ნებას მიბოძებთ და შემდეგ თქვენ არ იზიზღებთ, აი, მე ასე უზომოთ დავეწაფები ამ პირახდილ ქვევრს და მაშინ შევიტყოთ, თუ ღვინის სმაშიაც ჩემი წინა-პრის სისხლთან მონაწილება არ დამკარგვია ჯერ კიდევო.“ (1)
.
ბერიძე პირდაპირ ჭურიდან დაუწყია ღვინის დალევა – „მივიდა ქვევრის პირთან, წაიხარა ეს ვეებერთელა კაცი და დაეწაფა ღვინოს, რამდენსამე წამს შემდეგ ღვინოს ვეღარ უწევდა ტუჩებს, რადგანაც ქვევრის პირი აღარ უშვებდა იმის ფართო მხარბეჭს. ბერიძე წამოდგა. შემდეგ მთავარმა და კახელმა სტუმარმა ჩახედეს ქვევრში.“ (1) რომ დათვალეს სბერიძეს სულ 4 ბათმანი ანუ ორმოცი კათხა ღვინო დაულევია. ამ ამბის გამო გურიელს გიორგი ბერიძისათვის სოფელი ოცხანა და გოგინია გიორგი ბერიძისათვის უწყალობებია, აქვე არის წყალობის წიგნის ტექტიც:
.
„ჩვენ მთავარმა გურიისა სვიმონ გურიელმან უწყალობეთ აზნაურ ბერიძე გიორგის, მისი ჩვენდამი ერთგულებისათვის, სოფელი ოცხანა, მასში მცხოვრები გლეხებით და ეკლესიის კარით, მამულით და ქვევრი გოგინიათი, ყოველივე უძებარ-საძებრით, რაიცა არის. აწ არის მოწამე თავთა ღმერთი, მისი წ-და გიორგი მეწისა და ქვენობანისა და კაცთა ჩვენი დარბაზთა ერთი გურილეი სვიმონ და მე მონა მთავრისა მდივანი დუმბაძე, ნიკოლოზაი წელსა ქრისტეს აქეთ ათას შვიდას მეათ ოცდა ცამეტსა ქორონიკონსა.“ (1)
.
საინტერესოა, რომ 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომის მონაწილე ხიდისთაველმა აზნაურმა სიო ბერიძემ მეღვინეობას მიჰყო ხელი. იმ დროში გურიაში უკვე ადესა იყო მოდებული და ხარისხიანი ღვინო ნაკლებად იყო, თუმცა ბერძეს ე.წ. „მოქაფული“ ანუ ცეცხლზე დუღილში გამოყვანილი ადესის ღვინო ქუთაისში ჩაუტანია, რომელიც იმდენად კარგი ყოფილა ზოგს ესპანური ხერესი ეგონა, ზოგს კი უნგრული ტოკაი და საკმაოდ ძვირადაც იყდებოდა.
.
„ამას წინად „ფარნციის“ სასტუმროში, ქუთაისს, ღვინის მოყვარულებმა ერთი უცხო რამ ღვინო მიაკვლიეს და თუმცა ბოთლი ორი მანეთი ღირდა, მაგრამ სულ არ ეძვირებოდათ ღვინის სიკარგის გამო. სასტუმროს მეპატრონე ფრანცუზი აცხადებდა და ღვინის მოყვარენიც ეთანხმებოდნენ, რომ ღვინო იყო ევროპიული. ზოგნი ამსგავსებდნენ ტოკაის ღვინოსა, ზოგნი ხერესსა, მაგრამ არცერთი კი არ იყო.
.
მე ნამდვილად ვიცი, რომ ეგ იყო ძნელი დასაჯერებელი-კი იყო, ჩვენგან მოძულებული ადესა; ესეც ნამდვილად ვიცი, რომ ამ ღვინის დაყენებაშ არავითარი ფაბრიკაცია არ იყო და გარეშე მასალები გარდა წმინდა იზაბელას ყურძენის წვნისა არა ხმარებულა-რა. ზემოხსენებული ღვინო დააყენა აზ. სიო ბერიძემ სოფ. ხიდისთავს.“ (2)
.
სიო ბერიძესთან დაკავშირებით გიორგი ლასხიშვილის მემუარებში წერს, რომ გიორგი წერეთელს ქართული ინტელიგენციის ნაწილის წინაშე სიტყვით გამოსვლისას უთქვამს – „ინგლისი გამოგზავნის ძლიერ ფლოტს შავ ზღვაზე და საქართველოს განათავისუფლებსო“ ამ დროს სიტყვა სიო ბერიძემ გააწყვეტინა – „თუ ღმერთი გწამს გიორგი, თავი დაგვანებე. ძლივსძლივობით ორი ღერი რუსული ვისწავლე, ახლა ინგლისურს რა მასწავლის… არგვინდა, ბატონო, არაო!“(3)
.
სიო ბერიძეს 1902-5 წლების გურიის მოძრაობის პერიოდში გურული „რექციონერების“ ერთერთი ლიდერი იყო, რის გამოც გურიის კომიტეტმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პირველად მისი აღსრულება ცნობილ გურულ ტერორისტს მიხეილ ლომაძეს ჰქონდა დავალებული, რომელმაც ბერიძეს სახლთან ჩაუსაფრდა და ესროლა, თუმცა მოკლული ბერიძესთან სტუმრად მყოფი აზნაური ქარცივაძე აღმოჩნდა, რომელიც ბერიძეს აღნაგობითაც გავდა და როგორც ამბობენ მისი მოსასხამიც ეცვა. თუმცა როგორც ამბობენ ბერიძისათვის გამოტანილი განაჩენი 1907 წელს მაინც აღსრულდა.
.
– (1) “მეჩვიდმეტე საუკუნის ამბავი” ავტორი ახლაშენელი გურული – ჟურნალი “კვალი” 1897 წელი #35
– (2) გაზეთი „დროება“ 1885 წელი #192, სტატიის ავტორი – პეტრე გური მთელი
– (3) გიორგი ლასხიშვილი – მემუარები 1885-1915 (1934)
– ფოტოზე სიო ბერიძე;
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share