ამირინდო ბერიძის მოისრობის ამბავი (II ნაწილი)
.
1897 წლის ჟურნალ „კვალში“ სტატაია „მეჩვიდმეტე საუკუნის ამბავი“, რომლის ავტორია „ახალშენელი გურული“, სტატია ეძღვნება ბერიძეთა გვარს. ავტორის განმარტებით მან მოთხრობილი ამბავი გურიაში ზენობნის ეკლესიაში არსებული ძველი ქაღალდებიდან ამოუკრეფია და მოგვითხობს გურიის მთავრის სიმონ გურიელის (სავარაუდოდ სიმონ II) კარზე მომხდარ შემთხვევას.
.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზენობანიც და ახალშენიც სოფელ ხიდისთავის ნაწილია, სადაც აზნაური ბერიძეები ცხოვრობდნენ და ავტორი „ახალშენელი გურულიც“ რომელსაც ბერიძეების გვარზე საკმაოდ ბევრი უმუშავნია სავარაუდოდ ამავე გვარის წარმომადგენელი უნდა იყოს.
.
ავტორის მიხედვით ბერიძეთა გვარის პირველი სახლოვანი წარმომადგენელი გახლდათ ამირინდო ბერიძე, რომელსაც თამარის კარზე ისეთი თამადობა გაუწევია და იმდენი ღვინოც დაულევია, რომ თამარ მეფეს ეჯიბობაც უბოძებია. ამირინდოს თამადობის ამბავი უკვე გამოვაქვეყნე, ამჟამად სტატიის იმ ნაწილს გთავაზობთ სადაც ამირინდოს მოისრობის ამბავია ღწერილი.
.
სიმონ გურიელს როცა თამარის მიერ ამირინდოს თამადობის გამო დაწინაურების ამბავი მოუსმენია უკითხავს – „ბერიძეები ჩემს სამთავროშიაც არიან კარგი ვაჟ-კაცნი, მაგრამ ეს კახა რიღასის მიბმულია ამ გვარზეო, იქნებ თვენ იცოდეთო“? (1) სუფრასთან მყოფ კახელ თავადს კი შემდეგი ისტორია მოუყოლია:
.
თამარ მეფის მამა გიორგი III ურჩი დარუბანდელების დასამორჩილებლად წასულა და ჯარით დარუბანდთან დაბანაკებულა – „როდესაც შორიახლო მისულან დარუბანდის კარებთან რკინის კარებთან იქ დაბარგებულან მეფისანი, მეორე დილით გაუხედავს მეფე გიორგის და დაუნახავს რკინის კარი, თუმცა შორს იყო, მაგრამ ხედვით კარგადა ჩანდა ხოლმე, და სწორედ ამ კართან მდგარა აბჯროსანი დარაჯი, რომელიც მგონია მეფისკენ იყურებოდა.
.
მეფეს უთქვამს: აი ნეტავ ისეთი მოისრე ვინმე იყოს, რომ იმ დარაჯს აქედან მიუწვდენდესო, მაშინ იქ მყოფ დიდებულს ვინმეს მოუხსენებია: დიდებულო მეფევ, ამ თქვენ მხლებელთ შორის გახლავთ ყმაწვილი, რომელიც საოცრად შორის ესვრის ისარსაო. მაშ დამიძახეთ იმ ყმაწვილსაო! – უბრძანებია მეფეს და მაშინვე მოუყვანიათ ყმაწვილი, არა უბრალო შეხედულობის კაცი.
.
„ყმაწვილო რა გვარისა ხარ შენ?“ – უკითხავს მეფეს. – „ბერიძე გახლავართ დიდებულო მეფევ“, მოახსენა ყმაწვილმა. მეფემ დაანახვა რკინის კარებზე მიმდგარი დარაჯი და უბრძანა: აბა სცადე შენი მშვილდისრობის ფხაო. ყმაწვილმა მაშინვე დაუმიზნა; მიზნებაში ცოტა არ იყოს, კიდევაც შეყოყმდა. ამ დროს მეფემ გასამხნევებლათ თურმე შეუძახა „ჰკა, ხა! ბერიძეო“ და მეფის სიტყვის დასრულებისთანავე ბერიძის ფრთებიანი რკინის ისარი გაფრინდა, დარაჯს მკერდში ჩაერჭო და იქვე სული გააფრთხობინა.
.
ამ საოცარი საქმისათვის მეფეს ებრძანებინა, რაიცა შეეხება წყალობას ეს სხვა დროისთვის იყოსო, მხოლოთ დღევანდელი ვაჟ-კაცობის სამახსოვროთ მე მიმიმატებია შენი გვარისათვის კახა ე.ი. კახაბერიძედ იწერებოდეს შენი გვარი საშვილიშვილოდო, და სწორეთ ის ამირინდო ყოფილა, რომელიც მე მოგახსენე, თამარ მეფემ ეჯიბობა უბოძა-თქო.“ (1);
.
ფაქტია, რომ ყოველივე ზემოხსენებული სისწორის თვალსაზრისით საფუძვლიან ეჭვს ბადებს და ისიც ფაქტია, რომ ამბავის „მხატვრული“ გაფორმება ამ ეჭვს კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ბაქარ ბატონიშვილის (1700-1750) ერთი ცნობა რომელსა უთითებს ქველი ჩხატარაიშვილი – „ბაქარ ბატონიშვილის მოწმობით, ვახტანგ VI-სთან ერთად რუსეთში წასული თავადი კახაბერიძე ვახტანგის დედას, გურიელის ასულ თუთას, მზითვად მოჰყოლია. ამავე ცნობით, კახაბერიძე XII საუკუნეში, გიორგი III-ის დროს, გამოჰყოფია ბერიძეთა გვარს.” (2)
.
P.S. ბერიძეების შესახებ მესამე ნაწილი შემდეგში. პირველი ნაწილი კი პირველ კომენტარში;
.
– (1) “მეჩვიდმეტე საუკუნის ამბავი” ავტორი ახლაშენელი გურული – ჟურნალი “კვალი” 1897 წელი #35
– (2) „გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახები“ – ზურაბ ჭუმბურიძის და ქველი ჩხატარაიშვილის რედაქციით (1993)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა