ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. EPP ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ევროკავშირში მათი აქტივების გაყინვისკენ.
ამასთან, რეზოლუციაში EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ქართუ ბანკის SWIFT და Visa/MasterCard სისტემებიდან გათიშვის მიზნით და ასევე დააწესოს სანქციები იმ ბიზნესებზე, რომლებიც მხარს უჭერენ მას.
“EPP გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, მის მიმდინარე ვარდნას ავტორიტარიზმში და რუსული ორბიტისკენ დინებას. მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ასევე, EPP მოუწოდებს ქართულ ოცნებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება და დაასრულოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორი. მოუწოდებს ოცნებას დანიშნონ კონკრეტული ვადა ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელშიც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევის გარეშე იფუნქციონირებენ.
ამასთან, EPP მიესალმება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მოგზაურობა ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის, როგორც პირველ ნაბიჯს და ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნება სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ შედეგებზეც.
EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და იგივე აზრზე მყოფ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და ხელშემწყობთა ქსელის წინააღმდეგ და გაყინონ ივანიშვილის ევროკავშირში არსებული ყველა აქტივი. ასევე, EPP მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ივანიშვილის ქართუ ბანკი გათიშონ SWIFT და Visa/MasterCard და შემოიღონ სექტორული სანქციები იმ ბიზნესების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით იმ ბიზნესებს, რომლებსაც სპილენძის მადნებთან და ფერად მეტალებთან აქვთ შეხება.
ასევე, EPP ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები დაუწესონ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე – გააფართოონ ეს სანქციები, რათა მოიცვან მოსამართლეები, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენები გამოაქვთ, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და ფინანსურ ხელშემწყობებზე, რომლებიც ჩუმად თუ ღიად მხარს უჭერენ რეჟიმს, და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებების მფლობელებზე”. – წერია რეზოლუციაში.