საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე პლატფორმა X-ზე წერს, რომ ემანუელ მაკრონის, ფრიდრიხ მერცისა და კირ სტარმერის კიევისკენ მიმავალ მატარებელში ყოფნის კადრებში მაგიდაზე უბრალო ხელსახოცი დევს.
“როდესაც ევროპული ერთიანობა მიუღებელი ხდება, დეზინფორმაცია იმ დონემდე მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლე წერს, რომ ეს ყალბი ამბავი ვრცელდება საფრანგეთის მტრების მიერ – როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
“მანიპულაციების მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ”. – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, 11 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც ის საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ლიდერებს მშვიდობის პროცესის ჩაშლასა და ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
“მას შემდეგ, რაც ზელენსკის მორიგი ჯოჯოხეთური ინტრიგისკენ უბიძგეს, რომელიც ევროპაში სისხლისღვრის გაგრძელებასა და მშვიდობის პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად, როგორც ანეკდოტში, ფრანგი, ინგლისელი და გერმანელი ჩასხდნენ მატარებელში და ჩაბერეს.
როგორც ჩანს, იმდენად, რომ ჟურნალისტების მოსვლამდე ნივთების (პაკეტისა და კოვზის) დამალვა ვერ მოასწრეს”. – წერს ზახაროვა.
მისი თქმით, ევროპის ბედს “ყველა გაგებით დამოკიდებული მედროვეები წყვეტენ”.
ზახაროვა პოსტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებითაც წერს.
“2022 წელს ერთ დასავლელ ელჩს ვკითხე, როგორ შეგიძლიათ მიაწოდოთ იარაღი გაუწონასწორებელ ნარკომან ზელენსკის? ის ხომ წლებია კოკაინს იღებს? მივიღე პასუხი, “ეს ევროკავშირისათვის ნორმალურია. ბევრი დასავლური სახელმწიფოს ლიდერი მომხმარებელია”. – წერს ზახაროვა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი და გერმანიის კანცლერი 10 მაისს კიევში მატარებლით ერთობლივად ჩავიდნენ.