ჩოჩხათში 1880 წელს ნაპოვნი სამარხი
.
გაზეთ კავკაზში მივაგენი შაფრანოვის სტატიას, რომელიც შეეხება ფოთში ჩასვლას, შემდეგ კი 1880 წლის 30 დეკემბერიდან გრიგოლეთის, ჩოჩხათის და ჯურუყვეთის მონახულებას. შაფრანოვი კოლხეთის დაბლობის ერთერთი საინტერესო მკვლევარი გახლავთ, რომელსაც ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა აქვს გამოქვეყნებული პალისტომისა და რიონ-სუფსის არეალთან დაკავშირებით. სტატიაში შაფრანოვი გამოთქვამს ვარაუდს, რომ გრიგოლეთში უნდა ყოფილიყო ქალაქი და ნავსადგური ჰერაკლიუმი, რომელიც შემდეგში წმ. გიორგად იწოდებოდა. ამჟამად გთავაზობთ სტატიის იმ ფრაგმენტს, რომელიც უკავშირდება ჩოჩხათში ნაპოვნ სამარხს:
.
„ამ სოფელში დავათვალიერე ვიღაცის მიერ გათხრილი სამარხი, რომელიც მისი აგების გეგმისა და ჩონჩხის განთავსების გათვალისწინებით უეჭველად ბერძნული და ძალიან ძველი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ძვლები თითით მცირედი შეხებისას ქვიშასავით იშლებოდა.
.
სამარხი დაყოფილი იყო ტიხარით ხუთ ნაწილად, ერთში მე ვიპოვე თიხის ცილინდრი, ხუთი ჩეტვერტია სიგრძის. რომელიც იდო ქვებით მოწყობილ საფლავის ფსკერზე, ზემოდან და ქვემოდან კირით იყო ამოტენილი. ასეთი სამი ცილინდრი, რომლიც ჩემს მოსვლამდე ამოეთხარათ სამარხის პირას ელაგა.
.
მთელი საფლავი ნაშენები იყო დიდი ზომის ფილისებური აგურით და ჰქონდა 3,5 მეტრი სიგრძე და 2,5 მეტრი სიგანე. დიდი მანძილით დაშორებულ კოლონიებში მცხოვრები ბერძნების წესები, როგორც ამ საფლავიდან ჩანს განსხვავდებოდნენ მეტროპოლიის მცხოვრებთა წესებისაგან, თუმცა ეს თავისებურებები დღემდე უცნობია. ამიტომ ეს საფლავი არქეოლოგთა მხრიდან განსაკუთრებულ შესწავლას საჭიროებს. საფლავი მდებარეობს ნაციხვარის მთაზე ციხესიმაგრის ნანგრევებში.“
.
– Кавказ – 1882-N213; Н. Шафравовъ – „По Гурiи (Путевя наблюденiя
– ფოტო – ჩოჩხათი, სუფსის ხეობა

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა