გასული საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ამერიკიდან მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებული მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილი, ნათესავებსა და მეგობრებს უებნებოდა: ,,მე განთქმული კაცი ვიყავი ამერიკაში. როცა მოვკვდები, ჩემი სახელი იქ ეხსომებათ”. მისი ნათქვამი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: დღეს ამერიკის საისტორიო წყაროებში უამრავი დოკუმენტია, რომელიც ე. წ. ,,რუს კაზაკებს”, იგივე ქართველ მხედრებს და ამერიკულ შოუებსა და ცირკებში მათ მონაწილეობას ეძღვნება. ისტორიას შემორჩა ასევე რამდენიმე მოჯირითეს ნამდვილი სახელიც (როგორც წესი, შოუებში მათ უფრო მეტად გამოგონილი სახელები ჰქონდათ): ივანე მახარაძე, ველიკო კვიტაიშვილი, ალექსი გოგოხია-ჯორჯიანი, დიმიტრი მგალობლიშვილი, დათა ქაჯაია, დიმიტრი ცინცაძე და ლუკა ჩხარტიშვილი. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ იმ ქართველების შესახებ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების მიწაზე პირველმა დაადგა ფეხი და ვინც უზარმაზარი წვლილი შეიტანა ამერიკული შოუ-ბიზნესისა და თამამად შეიძლება ითქვას, საცხენოსნო სპორტის განვითარების საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბევრ წყაროებში ისინი ,,კაზაკებად” არიან მიჩნეულნი, ეს შეცდომა ნელ-ნელა სწორდება: რამოდენიმე მუზეუმში მივაღწიე იმას, რათა ფოტოების აღმნიშვნელ წარწერებზე რუსების მაგივრად ქართველები დაეწერათ (ცოტა ხნის წინ ნიუ იორკის იმიგრანტთა მუზეუმს სპეციალურად მივაკითხე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ შეცვალეს) თანამედროვე ამერიკულ საისტორიო წიგნებში უკვე მითითებულია, რომ ისინი კაზაკები კი არა, არამედ ქართველი მოჯირითეები იყვნენ საქართველოს დასავლეთ ნაწილიდან, გურიიდან.