ობოლაძის მკვლელობის საქმე

გურიაში ოზურგეთთან ახლოს კვაჭალათზე 1923 წლის 10 თებერვალს მოკლეს წითელარმიელთა სადამსჯელო რაზმის მეთაურები – ალექსანდრე ობოლაძე, პოლიკარპე სანიკიძე და დავით ჩუბინიშვილი. რასაც ბოლშევიკების მხრიდან შურისძიების მიზნით იმავე კვაჭალათზე 13 ადამიანის დახვრეტა მოყვა, შემდგში ოზურგეთის მახლობლად „ტოლაბაკურში“ (ზვანი) სადაც სამოცამდე ადამიანი დახვრიტეს, დახვრეტილთა უმეტესობა მასწავლებლები გახლდათ.
.
გურიაში დამსჯელი რაზმის მეთაურების განადგურებას დიდი გამოხმაურება მოყვა, მოკლულები თბილისში გადაასვენეს და ალექსანდროვი ბაღში დიდის ამბით დაკრძალეს. გაზეთ „კომუნისტის“ 1923 წლის 16 და 18 თებერვალის ნომრებში გამოქვეყნებულია ინფორმაცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
.
16 თებერვლის ნომერის მიხედვით გურიაში შურისძიების მიზნით ხალხის დახვრეტის გარდა, თბილისში კიდევ 92 ადამიანს გაუსამართლებლად მიესაჯათ სიკვდილით დასჯა – “საქართველოს საგანგებო კომისიისაგან – მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არა ერთხელ მოუწოდებდა ბანდიტებს თავი დაენებებინა თბოროტ-მოქმედებათათვის, დაბრუნებოდნენ მშვიდობიან შრომით ცხოვრებას, ჰპირებოდა რა ამისათვის სრულ პატიებას და წარსული მათი საქმიანობისათვის სასჯელისგან განთავისუფლებას – ბანდიტიზმს ბოლო არ მოეღო გამოიხატა რა უკანასკნელ დროს საბჭოთა ხელისუფლების მუშაკთა ხშირიდა ვერაგული მკვლელობებით .ა.წ.10 თებერვალს ბანდიტური ბოროტმოქმედების მსხვერპლნი გახდნენ ოზურგეთის მახლობლად მშრომელი ხალხის შვილები: ამხ. ობოლაძე (ქართული სამოსწავლო-საკადრო ათასეულის სამხედრო კომისარი), სანიკიძე (ამავე ათასეულის უფროსი), და ჩუბინაშვილი (გუნდის უფროსი). საქართველოს საგანგებო კომისიამ თავის ა.წ. 13-14 თებერვლის სხდომაზე, გაუწია რა ანგარიში ბანდიტების შეუჩერებელ ტერორისტულ მოქმედებებს, მათი მუხანათური საქმიანობისთვის ბოლოს მოღების მიზნით – დაადგინა ქვემოდ ჩამოთვლილ პირებს, როგორც მრავალჯერ აღრიცხულებს და ბანდიტიზმისათვის, მკვლელობებისათვის, ძალადობისათვის, დაწვისათვის, და ტყუილებისათვის და სხვ. გასამართლებულებს, მიესაჯოთ უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა. ვაქვეყნებთ დახვრეტილთა სიას”
.
“დასაფლავებას დაესწრო მრავალი ხალხი. მთელი რუსთაველის ქუჩა და ალექსანდროვის ბაღი, სადაც დაასვენეს მიცვალებულები, გაჭედილი იყო ხალხით.” სიტყვები წარმოთქვეს, მიხა ცხაკაიამ, მამია ორახელაშვილმა, შალვა ელიავამ” – წერდა 1923 წლის18 თებერვლის “კომუნისტი“.
.
სოციალდემოკრატი ავთანდილ ურუშაძე (დაიბადა ლანჩხუთში 1880 წელს, სოციალ დემოკრატი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი, გარდაიცვალა ემიგრაციაში (სტამბოლში) 1955 წელს) თავის მემუარებში ობოლაძის მკვლელობას, თავად ბოლშევიკების პროვოკაციას მიაწერს, იგი დეტალურად ყვება, როგორ დაიგეგმა და რომელ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება ობოლაძის მკვლელობის შესახებ. კეძოდ ობოლაძის მკვლელობა განახორციელა ყაჩაღ მანწკავას რაზმმა, რომელიც ურუშაძის ინფორმაციით მენშევიკებმა ყაჩაღობისათვის დაიჭირეს, ხოლო ბოლშევიკებმა გამოუშვეს და თავის სამსახურში ჩააყენეს, ამავე რაზმის ერთერთი მეთაური გახლდათ მკვლელობის უშუალო აღმსრულებელი გოგიე ღლონტი. ურუშაძის თმით სწორედ მანწკავა ღლონტის დაჯგუფებამ სისხლისღვრით დაშალა 1921 წლის 26 მაისს ზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მოწყობილი დიდი მიტინგი.
.
ურუშაძის მემუარებიდან:
.
„ზესტაფონში მსახურებდა ყოფილი ყაჩაღი მანწკავა, მენშევიკების დროს ციხეში ნაჟდომი. ის იყო ზესტაფონის სამხედრო კომისრად. მთავრობამ ეს მანწკავა ჩააყენა შვაში ყაჩაღებს და მათ შორის შესარიგებლად. მან გახსნა თავის შტაბი სადგურ ჯუმათში და იქ დაიბარა ყაჩაღები. გაჩაღდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების დროს ყაჩაღი ღლონტი ეუბნება მანწკავას, რომ მთავრობა ჩვენ დაგვხოცავსო და შენ ჩავარდები გლახა მდგომარეობაშიო. მაშვინ მანწკავამ უთხრა, რომ მთავრობამ მე მომცა პატიოსანი სიტყვა, რომ თქვენ შეგირიგებენ და თუ რაიმე ხიფათი მოვა, მე თქვენთან ვარო. ამ რიგათ მოხდა შერიგება; დაესწრო მთავრობის წარმომადგენელი.
.
ამ შეხვედრის დროს ყაჩაღმა დოლიძემ უთხრა მთავრობის წარმომადგენელს: ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს: „ლენინმა სთქვა ძარცვეთ საძარცვიო. ჩვენ ხომ ვისაც აქვს, იმას ძვარცვავთ“. მენშევიკებთან მიტომ ვართ მტრულად, რომ ისინი ამას არ გვანებებდენო. ისინი შეირიგეს, რიცხვით 60 კაცამდე. ესენი ყველა ყაჩაღი როდი იყო; ზოგი ჩაეწერა იარაღის მოყვარული ხალხი. ესენი წაიყვანეს თბილისისაკენ.
.
ამ დროს საზღვარ-გარეთიდან ჩამოდის საქართველოში არალეგარულ სამუშაოდ ნოე ხომერიკი. გზაში მთავრობას უნდოდა მათი დახოცვა. ზესტაფონში მანწკავამ გაიგო მთავრობის გადაწყვეტილება. მას მიცემული ქონდა ყაჩაღებზედ წმინდა ყაჩაღური სიტყვა, რომ ის მათთან იქნებოდა ყოველ გასაჭირზედ. ეს მან აასრულა. უთხრა ყაჩაღებს მთავრობის გადაწყვეტილება და გაძარცვეს ზესტაფონი და იმერეთის მხრით ჩამოვიდენ გურიაში.
.
მთავრობამ მიიღო თავის მხრით ზომები. დანიშნეს ყაჩაღების წინააღმდეგ მებრძოლ რაზმის უმფროსად ვინმე ნახევრად გიჟი ობოლაძე. ობოლაძემ მოაწყო თბილისში მიტინგი და სთქვა:- ეხლა დავბრუნდი კახეთიდანო, ის ხომ მოაოხრე; ეხლა გურიაში მივალ და იმასაც მოაოხრებო. მან ჩამოვიდა პირველად ლანჩხუთში და დაიწყო ყვირილი: – სად არის ეხლა მუხაშავრია და მისი ამხანაგები, მოვიდენ და მომკლანო.
.
ლანჩხუთში არ იყო არც ერთი ყაჩაღი; ეს მან კარგათ იცოდა. აქ იყვნენ პოლიტიკური დევნილები. ეხლა აშკარა შეიქმნა, თუ რისთვინ იყო ეს ვაჟბატონი მოსული. მან დაარბია ჩემი სახლი და წავიდა ოზურგეთისაკენ. გზაში გაიარა ჯურუყვეთში. აქ გაქცეული იყო რამოდენიმე ახალ-გაზრდები, იარაღის მოყვარულნი, გადასწვა მათი სახლები. ერთ-მათგანს, გვარათ მანწკავას სახლის დაწვის დროს, ჩამოდის ეზოში პატარა მოწაფე. მან კითხა:- ვინ ხარ შენო; გაიგო, ეს ძმაა მისი, შეაგდო ცეცხლში, ბავშვი დაიწვა შიგ და აქედან წავიდა ოზურგეთში.
.
ობოლაძე ჩავიდა ოზურგეთში, შეუდგა საქმეს. ბევრი ხალხი დახვრიტა და დაისვა კითხვა: რა ვუქმნათ ობოლაძეს? ყაჩაღების ერთი ნაწილი ღლონტის მეთაურობით მოითხოვს, რომ მომეცით ნება, ობოლაძე მოვკლათო და მით გამოვიყიდოთ ჩვენი დანაშაულიო. მეორე ნაწილი, მანწკავას მეთაურობით, არაფერი სურს მენშევიკებთან კავშირის, ისინი უმფრო ბოლ- შევიკებთან ფიქრობენ კავშირის გამბვას. მანწკავა აწარმოებს მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და სხვა. ჩვენ პარტიაში დაისვა კითხვა: – რა ვქმნათ, როგორ მოვიქცეთ. გურიის კომიტეტმა მოინდომა საზოგადოებრივი აზრის დამუშავება. ამისათვის გამოყო ორი წევრი და ეს საქმე მიანდო მათ: კომიტეტის თავმჯდომარეა გაბრიელ გოგუაძე და წევრი გიორგი სალუქვაძე.
.
ერთ დღეს თავი მოვიყარეთ: ალფესი გოგუაძე, თეოფილე მუხაშავრია, კოლია შარაბიძე, ქრისტიფორე იმნაიშვილი და მე. ეს საკითხი დავსვით და ვიმსჯელეთ. მსჯელობის შემდეგ მივიღეთ შემდეგი წინადადება: რომ ყაჩაღები იქმნას განდევნილი გურიის ტერიტორიიდან. ესენი ყოველთვის გვირღვევდენ წყალს ჩვენს დამოუკიდებლობის დროს და მერმეთ ბოლშევიკებთან სამსახურშიც. ჩვენ დავდგეთ ძველ ტრადიციულ გზას, როგორც იყო ძველი რეჟიმის დროს. როდესაც ვალოდია გოგუაძე, სერგო მათითაიშვილი, თეოფილე მუხაშავრია სდევდენ მაშვინ ყაჩაღებს, მაშვინდელ კომიტეტის დავალებით, ეხლაც ესთე მოვიქცეთო. ეს მივიღეთ ერთხმად.
.
ამ რიგათ, გავემგზავრეთ ქვედა-აკეთში საიდუმლო კრებაზედ. ხიდის-თავიდან გამოვიდა სერგო მათითაიშვილი, სიმონიკა გოგიბერიძე და გოგია ცინცაძე, ოზურგეთიდან მოვიდენ გაბრიელ გოგუაძე, გიორგი სალუქვაძე. ჩვენც მივედით: ალფესი გოგუაძე, თეოფილე მუხაშავრია და მე. დაესწრო კიდევ შიო ქურიძე.
.
მოხსენება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაბრიელ გოგუაძემ. მან დაიწყო ასთე: „აწ საქართველო ქართველებთან და საქართველო უქართველოთო“. აი, როგორ დგია კითხვაო. მოხსენებიდან უკვე ჩანდა, რომ ყაჩაღებს აძლევდენ ნებას ობოლაძის მოკვლის. ამ კითხვაზედ ბევრი დავა ქონდა. ალფესიმ გაილაშქრა ამის წინააღმდეგ და მეც მას მივემხარი. თეოფილეს ერთი ნაკლი ქონდა; რომ ნახვიდა უმფრო ავტორიტეტს, იცოდა იმის მიმხრობა. ეს ასთე ქმნა აქაც. ილაპარაკა სერგო მათითაიშვილმა და სიმონიკა გოგიბერიძემ. ისინმა ორთავემ სთქვეს: – ჩვენ რა გვენაღვლება, ბოლშევიკები და ყაჩაღები ერთი-მეორეს დახოცვენ, ჩვენ დავჟდეთ და ვიცინოთო. ამ სიტყვა-სიტყვით სთქვეს, ჩვენ გავამზადოთ ფურცლები და ხალხში გავავრცელოთ, რომ ყაჩაღები და ბოლშევიკები ერთი-მეორეს ებრძვიან და ხოცვენ, ჩვენ ამ კითვაზედ არავითარი პასუხის-მგებლობა არა გვაქვსო. მაშვინ მე უთხარი:- მართალია, ისინი ერთი-მეორეს დახოცვენ, მაგრამ ჩვენ ზედ წაგვაკვლავენ, ბოლშევიკებს ჩვენ ვერ მოვატყუებთ. მათმა იციან ჩვენი ტრადიცია და ჩვენი დამოკიდებულება ყაჩაღებთან და სხვა. გავიდა ის, რომ არ ვმფარველობთ ყაჩაღებს. ესენი იყვნენ ბოლშევიკების კაცები. ჩვენ ესენის ერთი-მეორეს ბრძოლაში თავს ვიკავებთო.. და თუ ყაჩაღები მოკლავენ ობოლაძეს, ჩვენ მზათ ვქონდეს ფურცლებიო.
.
მე და ალფესი წამოვედით ქვედა-აკეთიდან ზედა-აკეთში. გზაში ალფესი სულ იმას მეუბ- ნებოდა:-დავიღუპეთ, დაიქცევა ქვეყანაო. გული მოსდიოდა, თეოფილემ, რომ რა გვიქნა, რო- გორ მოიქცა იქო. ჩვენ აკეთის და ჭანჭათის გადასახოვთან ერთ მაღალ გორაკზედ დავშორდით ერთი-მეორეს. ამ დღეს მერეთ არც კი მინახავს, ესთე მოკლეს.
.
მე ჩავედი ლანჩხუთში; ჯარი სდგას; არის საშინელი რეპრესიები. მე ამხანაგების რჩევით, გავედი სამეგრელოში. კავშირი მაქვს ჩემ ძველ მეგობართან აპალონ ჯორბენაძესთან. ჩემი ამხანაგები-თეოფილე, კოლია და ქრისტიფორე ჩამოსულიყვნენ ლანჩხუთში-მათ შეერთებოდა სარდიონ მენაღარიშვილი და ასთე გაჭივრებულ მდგომარეობაში შეაფარეს თავი ერთ პატარა ტყეს. აპალონი ჩამოდის ჩემთან; გადმომცა, რომ ბიჭები ძალიან გაჭივრებულია, ყველა სოფლებში ჯარის ნაწილებია ჩამდგარი.“
შეიძლება იყოს 2 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share