ქაიხოსრო გურიელი – „თავისუფალი არწივი“ და „თავისმკვეთელი“
.
ერმოლოვის კავკასიაში მოღვაწეობის პერიოდთან დაკავშირებულ რუსულ ბიოგრაფიულ-ისტორიულ ლიტერატურაში არცთუ ისე იშვიათია ქაიხოსრო გურიელის მხატვრული სახე, რა დროსაც მას მოიხსენიებენ შემდეგი სახით: „ძველი ყაიდის ჯიგიტი“, „თავისმკვეთელი“, „თავისუფალი არწივი“, „რუსთმოძულე“, „ყაჩაღი“, „ავაზაკი“, „ტყვეთა სყიდვის ამკრძალავი“, „ურჩი მოურავების ამლაგმველი“ და ა.შ. ეს ყველაფერი კი ძირითადად 1819-1820 წლის იმერეთ-გურიის საეკლესიო აჯანყებას უკავშირდება.
.
მორდოვცევის ისტორიულ რომანის ერთ ეპიზოდში მამია გურიელი წერილს უგზავნის ქაიხოსროს, რომლითაც აცნობებს ერმოლოვის მოთხოვნას თავისი ფეხით გამოცხადებულიყო ქუთაისში: „ეს როგორ! წამოიძახა თავადმა ქაიხოსრომ წაიკითხა რა წერილი. – ერმოლოვი მამიას მეშვეობით ითხოვს, ჩემს ქუთაიში გამოცხადებას. ეს რა თავხედობაა! იმისთვის, რომ გალიაში ჩამსვას სხვებივით. არა! თავად გამოცხადდეს ჩემთან შემოქმედში. მე არც მისი ნუქერი ვარ და არც „შვაბრა“. მას ჰგონია, რომ თავისუფალ არწივს ისევე შეუძლია დაუძახოს ციპ, ციპ როგორც ქათამს! არა! შენ მოდი და თუ შეგიძლია თავად დაიჭირე არწივი ბუდეში!“
.
ის ფაქტი, რომ ერმოლოვმა მოსთხოვა ქაიხოროს ქუთაისში გამოცხადება და ქაიხოსრომ კი უარი შეუთვალა სრულად შეესაბამება ისტორიულ წყაროებს, თუმცა სხვა შემთხვევებში ქაიხოსროს ლიტერატურული პერსონაჟი იმ დონეზეა “იდიალიზირებული”, რომ მოყვანილი ფაქტები შეუსაბამოა დროსა და სივრცესთან, რაც სხვა მხრივ ქაიხოსროს ლეგენდარული გმირის სახეს სძენს და მიანიშნებს მის ცნობადობაზე რუსეთის იმპერიაში აჯანყების დასრულებიდან მთელი ასი წლის განმავლობაში.
.
ერთერთი ასეთი ლეგენდარული ამბავი მოთხრობილია 1819-1820 წლების აჯანეყებიდან ასი წლის შემდეგ გამოქვეყნებულ რუსი მწერლის იური ტინიანოვის მოთხრობაში (ვილჰემ კიუხელბეკერის შესახებ ავტობიუგრაფიული მოთხრობა – „კიუხლია“), რომელშიც რუსი ჯარისკაცი უყვება კიუხელბეკერს ქაიხოსროს დაღუპვის ამბავს:
.
„აქ ლისტს დაავიწყდა ჯარისკაცის სევდიანი ცხოვრება, ბებერი დედა, რომელიც ცხოვრობდა პეტერბურგში, ვასილიევსკის კუნძულზე; თავის განუყრელ ჩიბუხს ფერთხავდა და მეგობრებს თავისი ლაშქრობების შესახებ ამბებს უყვებოდა. გაიხსენა, როგორ შეებრძოლა ქოიხოსრო გურიელი ათ კაცს, როგორ მოსჭრა ოფიცერმა მარჯვენა ხელი და როგორ მოიკლა თავი მოხუცმა მარცხენა ხელით. ვილჰელმი კანკალით უსმენდა მის სევდიან ამბებს.“
.
P.S. ქაიხოსრო 1819-20 წლების აჯანყების ჩახშობის შემდეგ თურქეთში გადავიდა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი რუსეთის თანხმობით დაბრუნდა გურიაში და მამულების ნაწილიც დაიბრუნა.
.
– ფრაგმენტი რუსი მწერლის იური ტინიანოვის მოთხრობიდან „კიუხლია“ – Юрий Тынянов – Кюхля 1925 (Роман посвящен жизни Вильгельме Карловиче Кюхельбекере, которого Кюхлей шутливо называли друзья)
– ფრაგმენტი უკრაინელი მწერლის დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანიდან „რკინით და სისხლით“ (Д.Л. Мордовцевъ, Желѣзом и Кровью – Романъ изъ исторіи завоеванія Кавказа при Ермоловѣ; Журнал Наблюдатель 1894 №5).
– ილუსტრაცია: გურული თავადი Libussa: Jahrbuch für …. 14. 1855; Prag: Calve, 1855

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა