“სურსათის უვნებლობა კი არა, მავნებლობაა – გული მტკივა, პურ-პროდუქტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდება”

“სურსათის უვნებლობა კი არა, მავნებლობაა” – ასე აფასებს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობის “შეზღუდვას”.

საუბარია, საიმპორტო გადასახადზე, რომლის მოხსნასაც პურის მწარმოებლები ითხოვენ. მათი თქმით, ადგილობრივი წარმოების ფქვილი ხარისხით ჩამორჩება რუსულს, შესაბამისად, შესაძლოა, პურზეც აისახოს.

როგორც მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, მას გული შესტკივა შექმნილ ვითარებაზე, რადგან ადგილობრივი წარმოების პურ-პროდუქტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდება.

“ფქვილზე ისევ იგივე ვითარება გვაქვს. საქართველოში წარმოებული ფქვილი რუსულს ჩამორჩება წებოგვარობით. ამ დროს კი, ფქვილში მთავარი არის გლუტენი. ადგილობრივი ფქვილის შემადგენლობაში არის ქართული ხორბალი, ყაზახური და ცოტა რუსული. ზოგიერთი სუფთა რუსული ფქვილი უფრო კარგია, იმიტომ, რომ წებოგვარა მაღალი აქვს და სამუშაოდ კარგია მეწარმისთვის. თუმცა, მეწარმეს არ აქვს ასარჩევად საქმე. აქ საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ცოტა დარღვეულია, რაღაც გადაწყვეტილებების გამო. მიზეზად თითქოს სურსათის უვნებლობა დაასახელეს, მაგრამ ეს სურსათის უვნებლობა კი არა მავნებლობაა, პირდაპირ ვამბობ ამას.

გული მტკივა ასეთ ვითარებაზე, პურ-პროდუქტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდება. მითუმეტეს, რომ კარგი და წარმატებული პროექტები ხორციელდება. თუნდაც, იგივე, ისრაელში საქართველოში წარმოებული პურის ექსპორტი”, – ამბობს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პურის მწარმოებლები ახალ გამოწვევაზე საუბრობენ. მათი თქმით, გაზრდილმა საიმპორტო გადასახადმა, იგივე დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა, რამაც შესაძლოა, პურის ხარისხზე გავლენა იქონიოს.

უფრო კონკრეტულად, როგორც „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რუსულ ფქვილი პროტეინებით გამოირჩევა, შესაბამისად, ცხობის კარგი თვისებები აქვს. რასაც, მისი თქმით, ადგილობრივზე ვერ ვიტყვით. როგორც მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, მის გამო, რომ პურის მწარმოებლებს რუსული ფქვილის შერევის შესაძლებლობა შეეზღუდათ, ამჯერად გამოწვევა არა ფასი, არამედ პროდუქტის ხარისხია.

თავის მხრივ, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ფქვილი არაფრით ჩამოუვარდება რუსულს. ამასთან, ხორბლისა და ფქვილის ასოციაციაში საუბრობენ, რომ საჭიროა ადგილობრივი და იმპორტირებული ფქვილი დაექვემდებაროს სავალდებულო მარკირებას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights