document.body.remove()
გურიის მოამბე

„ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა“

“მკვიდრდება ტოტალიტარიზმი, ჩნდება ტირანია, დიქტატი უკვე გვაქვს”, – ასე აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია. მისი შეფასებით, ქვეყანა სწრაფად უახლოვდება ისეთ რეჟიმს, რომელიც დამახასიათებელია ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის: შიშზე დაფუძნებული საყოველთაო კონტროლი, მორალური და სამართლებრივი წნეხი მოქალაქეებზე და დიქტატურაში გადაზრდილი ძალაუფლება, რომელსაც აღარ აქვს შემაკავებელი მექანიზმები. გამზარდიას შეფასებით, დღეს საქართველოში ფორმალურად შესაძლოა არსებობს მედია, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ყოველივე ეს ვერ ზღუდავს ხელისუფლების ძალაუფლებას.

– ჩემთვის, როგორც ძალაუფლების კვლევის სფეროს მეცნიერისთვის, უპირველესი ამოცანაა გავაანალიზო, როგორ მუშაობს ძალაუფლება რეალურ დროში. როცა ვსაუბრობ ტოტალიტარიზმის განვითარებაზე, ვგულისხმობ ერთ ძალიან სპეციფიკურ მახასიათებელს – საყოველთაობას. ეს ნიშნავს შიშის მასობრივად დათესვასა და კონტროლის მაქსიმალურად გავრცელებას მთელ საზოგადოებაზე.

– რას გულისხმობთ იმაში, რომ დღეს საქართველოში დიქტატურა რეალურად დამკვიდრდა, თუმცა ფორმალურად დემოკრატიის ნიშნები რჩება?

– ტოტალიტარიზმი არ ჰგავს ჩვეულებრივ დიქტატურას. თუ ჩვეულებრივ დიქტატს აქვს კონკრეტული სამიზნეები – ოპოზიცია, აქტივისტები და მედია, ტოტალიტარიზმი ზეწოლას ახდენს ყველაზე: საშუალოსტატისტიკური მოქალაქიდან, საზოგადოებრივ ავტორიტეტებამდე, ყველა სახელმწიფოს მუდმივ კონტროლშია. სახელმწიფო ესწრაფვის მოქალაქის ნების წარმართვას, მისი უფლებების რედუქციას, მის ქცევებზე ზემოქმედებას შიშის, მათ შორის ირაციონალური შიშის მეშვეობით. ტოტალიტარულ სისტემაში ხელისუფლება წარმოდგენილია როგორც ერთადერთი სიკეთე, რომელიც თითქოს ებრძვის ბოროტ ძალებს, მაგალითად, ე.წ. დიფ სთეითს. იქმნება ილუზია, თითქოს მთელი მსოფლიო ვერ უმკლავდება იმ ბოროტებას, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის. სწორედ ამ ფონზე იმკვიდრებს დიქტატურა ძალაუფლებას. თანამედროვე დიქტატურა განსხვავდება კლასიკურისგან – ფორმალურად არსებობს დემოკრატიის ნიშნები: მედიასაშუალებები, პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მთავარი ინდიკატორი ის არის, აქვს თუ არა საზოგადოებას ძალაუფლების შეზღუდვის უნარი. თუ ძალაუფლება საზოგადოების ზეწოლას არ ექვემდებარება, მაშინ ქვეყანაში დიქტატურაა. შესაბამისად, დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დიქტატი გვაქვს.

ტირანია კიდევ უფრო სახიფათო მოვლენაა. ძალადობა ზოგჯერ დემოკრატიულ რეჟიმსაც ახლავს, თუმცა ტირანია იმით განსხვავდება, რომ მასში სამართლებრივი ლოგიკა საერთოდ უგულებელყოფილია. ადამიანები ისჯებიან არა თავიანთი ქმედებების სიმძიმის მიხედვით, არამედ პრევენციულად, საჩვენებლად, დასაშინებლად. ბოლო დროს უკვე ვხედავთ, რომ ძალადობა სამართლებრივ სივრცეშიც შეიჭრა – მაგალითად, ადამიანების დაუსაბუთებელი, არათანაზომიერი დასჯის პრაქტიკით. მათე დევიძის საქმეს თუ დავაკვირდებით, მისი სამართლებრივი გადაცდომა შეიძლებოდა დასჯილიყო თუნდაც 1-თვიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით. ის კი, რაც მოხდა, ტირანიის ნიშნებს შეიცავს. დემოკრატიული სამართლებრივი სისტემა ითვალისწინებს დანაშაულის შინაარსს, დამნაშავის ასაკს, სოციალურ სტატუსს და ა.შ., ტირანიის დროს კი ხდება სამართლის ინსტრუმენტალიზება – იარაღად გამოყენება. გავიხსენოთ მზია ამაღლობელის საქმეც. ის ტირანიის ნიშნების მატარებელია. ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური წნეხი – დაწყებულია სამართლებრივი დევნა. ასევე ტირანულ ელემენტებად უნდა ჩაითვალოს ფიზიკური ზეწოლა მოქალაქეებზე, მუქარები სატელეფონო ზარებით, მორალური წნეხი და, რაც ბოლო დროს ყველაზე თვალსაჩინოა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ფეისბუქ-სტატუსებზე. როდესაც ადამიანი ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ “ბოლი გამოუშვა” – ანუ გამოხატა ემოცია, ეს უკვე ტირანიის მეთოდია.

ზოგჯერ “ბოლის არგამოშვება”, პირდაპირი თუ ირიბი წნეხის გაძლიერება, უფრო მეტად თრგუნავს საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, როგორიც გვქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და როგორიც დღეს არის ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთსა და რუსეთში. მეორე შესაძლებლობა ამ ვერსიისგან სრულიად განსხვავებულია – ზოგჯერ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო ენერგია სწორედ ბოლის გამოშვების დროს იცლება და თუ ბოლის გამოშვების შესაძლებლობა მოისპობა, ეს ენერგია დაგროვდება და ერთბაშად იფეთქებს. ჯერ მიჭირს ვექტორის განსაზღვრა – დაითრგუნება ქართველი ხალხი თუ ერთბაშად იფეთქებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ქვეყანაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც წინააღმდეგობრივი მოძრაობის მუხტის, ასევე დათრგუნვის გაძლიერება.

– რაზე მიგანიშნებთ ის ფაქტი, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც სასამართლოში მმართველი გუნდის ლიდერების შეურაცხყოფის გამო დაიბარეს, ამბობენ, რომ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გააგრძელებენ?

– თუ წინა წლებში ძალაუფლება ზოგჯერ უკან დგამდა ნაბიჯს, მაგალითად, იყო მომენტები, როდესაც საზოგადოებრივ ზეწოლაზე ივანიშვილი დადებითად რეაგირებდა, ბოდიშსაც კი იხდიდა და პირობასაც დებდა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელისუფლების უკან დახევის არც ერთი პრეცედენტი არ გვქონია. პირიქით, მუდმივად წინ მიიწევს ძალაუფლების განმტკიცებისა და ტოტალიტარიზმის გაძლიერებისთვის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში საპატიმროში ვიხილოთ ის მოქალაქეები, რომელთა ციხეში ყოფნა დღეს ვერც წარმოგვიდგენია.

ცოტა ხნის წინ ასევე ვერ წარმოგვედგინა სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან ქალების მიმართ ასეთი უპატივცემლობა. სასამართლოც კი ტრადიციულ-კონსერვატორული მიდგომის გავლენაში იყო და, თუ მკვლელობა ან სხვა სასტიკი დანაშაული არ იყო ჩადენილი, ქალის მიმართ ლმობიერი იყო. ახლა ყველაფერი პირიქითაა. მაგალითად, თქვენც ვერასდროს წარმოიდგენდით ასეთ სცენარს: ქალი გინების საპასუხოდ მამაკაცს ხელს მოუქნევს და ოთხ თითს ლოყაზე ოდნავ მოარტყამს, მამაკაცი კი აყვირდება, მეტკინა, ლოყა გამიწითლდაო და მოითხოვს, რომ ქალი ციხეში ჩასვან. კაცის ამ ვიშვიშს სასამართლოც აჰყვა და ჟურნალისტი ქალი ციხეში გამოკეტეს. ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულია ტოტალიტარიზმის დამკვიდრებაში – აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა. თუ ოდნავ გადააჭარბებს და საზოგადოებრივი პროტესტი ძლიერდება, დროებით ჩერდება და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ აგრძელებს. ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებს არც მორალი ეტყობა და არც რაციონალიზმი – ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ნიშანი. ასეთი რეჟიმისთვის თავდაპირველად სამიზნეებად იქცევიან უხეში, ხისტი, კულტურისგან დევიაციური ქცევის მქონე ადამიანები, მაგრამ შემდეგ ეტაპზე რეჟიმის სამიზნეები კორექტული, დელიკატური ქცევის მქონე პირებიც ხდებიან. როდესაც ეს ზღვარიც გადაილახება, შემდეგ საზოგადოების განცდების გაკონტროლებაც იწყება. მაგალითად, მე რომ გითხრათ: “ეს რა სტატია დაწერეთ?” და თქვენ თავი შეურაცხყოფილად იგრძნოთ და მიჩივლოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა კრიტიკულმა აზრმა შეურაცხგყოთ.

– ფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომები “ქართული ოცნების” ელექტორატზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს?

– ტოტალიტარიზმის დროს ხელისუფლების ამომრჩეველი არ გამოირჩევა კრიტიკული განსჯის უნარით. ის, ერთი მხრივ, დათრგუნვილია, მეორე მხრივ კი – ირაციონალური შიში აქვს. მას ხომ ღმერთად წარმოუდგენია თავისი ხელისუფალი, რომელიც თითქოს მსოფლიო ბოროტებას ებრძვის. ასეთი ადამიანისთვის ფიქრი თავად ხდება საშიში. ამ მდგომარეობამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ თუ არაფერს შევცვლით, დადგება დრო, როცა ადამიანი ვერც გაბედავს, ფიქრით დაუპირისპირდეს ხელისუფლებას.

ტოტალიტარულ სისტემაში განსჯადობა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი – მთავარი ხდება ემოციური მდგომარეობა, შეგრძნებები და შიში. მაგალითად, შეიძლება რაღაც არ მომწონს ხელისუფლების მოქმედებაში, მაგრამ მეშინოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს და ამიტომ ხმა აღარ ამოვიღო. ასეთი ობივატელიზმის ანუ შიშით და თვითცენზურით მართვის სისტემა ტოტალიტარიზმის ძირითადი საყრდენია. ჩვენ ჯერ მთლიანად ასეთი საზოგადოება არა ვართ, მაგრამ არც ეს დღეა შორს.

– ოპოზიციის როლს და ფუნქციას როგორ ხედავთ ამ მოცემულობაში?

– საზოგადოების სკეპტიციზმის მთავარი საფუძველი თავად ოპოზიციაა.

ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანების თვალშიც კი არა აქვს ავტორიტეტი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დგანან ამ ხალხის გვერდით, მაგრამ ვერ ბედავენ ხმის ამოღებას და თუ გაბედავენ, მაინც არავინ მოუსმენს.

ერთადერთი, ვისაც აქა-იქ უსმენდნენ, ზურა ჯაფარიძე იყო, ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. თუმცა რამდენჯერმე მის გამოსვლას იმედგაცრუება მოჰყვა და საბოლოოდ მისი ნდობის რესურსიც ამოიწურა. ოპოზიცია, ერთი მხრივ, არ უმჯობესდება, მეორე მხრივ, არც ცდილობს იმ მოედნიდან გასვლას, რომელზეც ვერ თამაშობს. ოპოზიციაში ერთი ლიდერიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც აღიარებდა, რომ არ არის კარგი მოთამაშე და გადავიდოდა კულუარებში, სტრატეგის როლში, რათა ადგილი დაეთმო ახალგაზრდებისთვის. ამას ემატება კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა – ოპოზიციონერ ლიდერებს ერთმანეთი სძულთ. მათ დღემდე ვერ გაურკვევიათ, ერთი პარტიის წევრები არიან თუ კონკურენტები, რომლებიც დროებით თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ ამომრჩევლის ნაცვლად გადაწყვიტონ, ვინ მივიდეს არჩევნებზე და ვინ არა, ან ვის უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ვის არა. ასეთ პოლიტიკურ ქცევაში აშკარად იკითხება დიქტატორული მენტალიტეტი და ეს უკვე ოპოზიციურ პარტიებშიც ჩანს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights