ჩაიხსნება თუ არა ქართული საბანკო სექტორი საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან? – თუ სვიფტიდან გათიშვის სცენარი ერთ დღეს რეალობად იქცევა, ეს ფაქტობრივად საბანკო სისტემის პარალიზებას ნიშნავს. დღის წესრიგში ეს საკითხი მას შემდეგ შემოდის, რაც ევროპარლამენტმა ბოლო რეზოლუციაში ჩაწერა, რომ საჭიროა შეზღუდვები, როგორიცაა სვიფტის შეწყვეტა ან სექტორული სანქციებუი. მიზანი ქართული ოცნების ფინანსური ნაკადების და შემოსავლის წყაროების შეწყვეტაა. საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გათიშვა მთლიანად ეკონომიკის დასუსტებას ნიშნავს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიგში პირველი ქართუ ბანკი იქნება და სვიფტიდან გათიშვაც სწორედ ივანიშვილის ბანკს ემუქრება. საერთაშორისო გადარიცხვების სისტემებიდან გამოთიშვა კი ფაქტობრივად ბანკის ლიკვიდაციას უდრის. მათივე თქმით, ივანიშვილს რჩება გზა ან ადგილობრივი საგადასახადო სისტემა შექმნას ან რუსული მირის იმედად დარჩეს, თუმცა გამოსავალი ესეც ვერ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სვიფტიდან გამოთიშვა მძიმე განსაცდელია.
სვიფტიდან გათიშვასთან ერთად ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ჩანაწერი სექტორალურ სანქციებზე, სავარაუდოა, რომ სამიზნე “ქართუსთან” ერთად რუხაძის “ლიბერთი ბანკიც” ხდება. სანქციების ეს პაკეტი მიზნად ივანიშვილის იმ ბიზნესგარემოცვას ისახავს, რომელიც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, ერთი ბანკის სანქცირებაც კი მძიმე შედეგის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემისთვის.