გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის პირველი პარტი საქართველოში 10 ოქტომბერს შემოვა. 25 000 დოზა ვაქცინა ორშაბათიდან განაწილდება.
სულ საქართველოს 135 000 დოზა ვაქცინა აქვს ნაყიდი, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, სახელმწიფო კიდევ მუშაობს და, ჯამში, 250 000 დოზამდე ვაქცინას შეიძენს.
“პირობა გვაქვს, რომ იგივე მწარმოებელი დამატებით 25 000 დოზას მოგვაწვდის ნოემბრის პირველი ნახევრისთვის და ვმუშაობთ კიდევ, რომ 100 000 დოზამდე შეივსოს და შემოვიდეს ნოემბრის მეორე ნახევარში. ძალიან დიდი დეფიციტია დასავლური ვაქცინების. ამ ეტაპზე, სახელმწიფო შეიძენს დაახლოებით 250 000 დოზამდე ვაქცინას და კიდევ ვმუშაობთ, რომ იგივე ან სხვა, დასავლური წარმოების ვაქცინა კიდევ დამატებითი მოცულობით შემოვიტანოთ.
გარანტირებული არის ეს 135 000 დოზა, რომელზეც კონტრაქტი არსებობს და ხელმოწერილია. შემდეგ 25 000 დოზაზე დასტური გვაქვს, მუშაობა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით შეივსება 100 000-მდე. და კიდევ ვმუშაობთ დამატებით 100 000-ის მოძიებაზე, რაც რთულია” – თქვა ამირან გამყრელიძემ FB-LIVE-ში და აღნიშნა, რომ კერძო სექტორი დაახლოებით 40-50 000 დოზას შემოიტანს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფასოდ რისკჯგუფებს აცრის. იმის გამო, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 25 000 დოზა ვაქცინა შემოდის, სპეციალისტებმა ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები განსაზღვრეს. ამის შესახებ FB-LIVE-ში NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ილაპარაკა.
“რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 000 დოზა ვაქცინას, უპრიანია, ჯერ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები.
პირველი 25 000 დოზა განკუთვნილი იქნება ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტების და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების და ცე ჰეპატიტის მქონე პირების, ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების, ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის. ეს არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, ვინც შედიხართ რისკჯგუფებში, მიაკითხეთ თქვენს სამედიცინო პუნქტებს, თქვენთვის ვაქცინა უფასოა” – თქვა ზახაშვილმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ფართომასშტაბიან შეზღუდვებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განმარტა, იქ, სადაც საჭირო იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
მანამდე კი ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე თბილისში ფართომასშტაბიან შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.
“გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ამ ვირუსის შესახებ და ძირითადად ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს.
დღეს ჩვენ უკვე გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და შესაძლოა, ვერც ერთ წელიწადში. ამიტომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.
ამიტომ ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები არ იგეგმება არათუ ლაითურში და გურიაში, არამედ არც თბილისში.
იქ, სადაც საჭირო იქნება ე.წ წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება, როგორიც არის მაგალითად კლასი. მაგალითად, სკოლაში გაჩნდა ერთი ბავშვი ინფიცირებული, რა თქმა უნდა, კლასი დროებით შეწყვეტს სწავლას და გადავლენ თვითიზოლაციაში. ან თუ ვთქვათ სკოლაში იქნა რამდენიმე შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში, მაგრამ არა მთლიანად სწავლის შეწყვეტის.
ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში”,-თქვა ამირან გამყრელიძემ.