შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პენსიონერზე, რომელმაც პოლიციის ძალისმიერი დაკავებისას გონება დაკარგა და წაიქცა, განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს განცხადებით, “სოციალური ქსელში ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს სრულ სურათს”. ისინი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
უწყება წერს, რომ ამაღლების ქუჩაზე პოლიციამ გადამოწმების მიზნით, მოპედი გააჩერა, რად როსაც გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გ.კ. პოლიციელებს მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს განცხადებით, გ.კ. პოლიციელების მიმართ აგრესიული იყო და ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს.
ასევე, უწყების ცნობით, გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ამის შემსწრე გამვლელი პირი კი პოლიციისთვის ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.
”გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.
სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 1993 წელს დაბადებული გ.კ. მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ.
სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები,” – წერია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში ძალადობაში მხილებული პოლიციელის ფოტო ვრცელდება – მოქალაქეების თქმით, სწორედ შსს-ს აღნიშნულმა წარმომადგენელმა იძალადა თბილისის ცენტრში, ამაღლების ქუჩაზე პენსიონერზე, რის შემდეგაც კაცმა გონება დაკარგა.