სამხედრო სამსახურისგან გაქცეული რუსები საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო მედია Reuters.
გამოცემის ცნობით, ერთი თვის შემდეგაც კი, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში მონაწილეობისთვის მობილიზაციის პროცესი დაასრულა, კაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, ამბობენ, რომ სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ.
რუსეთმა მობილიზაცია 21 სექტემბერს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ გამოაცხადა – პუტინის გადაწყვეტილებამ კი აიძულა ასობით ათასი გაწვეული კაცი წასულიყვნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი.
“საქართველოს მთავრობის სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი გაიქცა – ეს იყო შემოდინება, რამაც გამოიწვია როგორც ეკონომიკური ბუმი, ასევე უკმაყოფილება ქვეყანაში, სადაც ანტირუსული გრძნობები მძვინვარებს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ერთი თვის წინ გამოაცხადეს გამოძახების დასრულების შესახებ, ბევრი ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლებში მალე დაბრუნდნენ”- წერს Reuters.
საქართველოში მყოფი რუსის პოზიცია:
„უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მდგომარეობა მივიდა ისეთ ეტაპამდე, როდესაც ყველას საფრთხე ემუქრება – განსაკუთრებით კაცებს…მე ჩემს უსაფრთხოებას ვაყენებ წინა პლანზე. რა თქმა უნდა, არ მინდა დავბრუნდე ქვეყანაში, სადაც პოლიციას შეუძლია, დამიჭიროს უბრალოდ მათ გვერდით გავლისთვის. მე მინდა თავისუფლება, მინდა, თავს დაცულად ვგრძნობდე“, – თქვა ემილმა, 26 წლის თამაშების შემქმნელმა, რომელმაც ორი დღე უზარმაზარ რიგში გაატარა საზღვართან, რათა დაეტოვებინა რუსეთი.
სტატიაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ კრემლის გადაწყვეტილება მობილიზაციის დასრულების შესახებ და ოფიციალური განკარგულების გაუქმებამ, გააძლიერა შიში, რომ სამხედრო სამსახურში შემდგომი გამოძახება შეიძლება, გაფრთხილების გარეშე დაიწყოს.
„ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მაქვს, იმაზე, რა მოხდება რუსეთში, რომ მომინდეს იქ დაბრუნება. ამ ეტაპზე თბილისში ბინა ვიქირავე ექვსი თვით და დავარეგისტრირე ბიზნესი. შემდეგი ექვსი თვე აქ ვიქნები“, – თქვა სლავამ, 28 წლის, რომელიც ასევე მუშაობს მობილური თამაშების ინდუსტრიაში.
სტატიაში ვკითხულობთ, ასევე: ამდენი შედარებით შეძლებული რუსის ჩამოსვლამ შედარებით ღარიბ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაძაბულობა შექმნა.
“რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. 2008 წელს მოსკოვმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს მთავრობის პირობებში საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ და მცირე ხნით შეიჭრნენ საქართველოს სხვა ნაწილებში.
დეპუტატი სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ შიშობს, რომ პუტინმა საქართველოში მყოფი რუსების „დაცვა“ შესაძლოა შემდგომი შემოჭრის საფუძვლად და საბაბად გამოიყენოს, ისევე როგორც ეს გააკეთა უკრაინაში.
ბევრი ქართველი ამბობს, რომ მათი ქვეყნის მეხუთედი რუსეთის მიერ ოკუპირებულია.”- ვკთხულობთ სტატიაში.
Reuters აღნიშნავს, შემდეგს – ბევრი ჩამოსული რუსი ეწინააღმდეგება როგორც ომს, ასევე, პუტინის რეპრესიებს – თანაგრძნობით უყურებს ამ გზავნილს, ზოგი კი უბრალოდ ფესვებს იდგამს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვსულიყავით აქ… რათა უფრო თავისუფლად გვეგრძნო თავი“, – ამბობს დენის შებენკოვი, მეწარმე, რომელიც თბილისში საცხოვრებლად მარტში გადმოვიდა.
”როდესაც მახსენდება, როგორ იქცევა პეტერბურგში პოლიცია, ან რას აკეთებს ქალაქის ადმინისტრაცია და მთავრობა, საერთოდ არ მინდა იქ დაბრუნება”, – თქვა მან.
ივნისში მან დაიწყო ყავის ბიზნესი თბილისში, გასულ თვეში კი დახურა თავისი ყავის მაღაზია სანკტ-პეტერბურგში”- ნათქვამია სტატიაში.