ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა სისხლის სამართლის პროცესების ოთხწლიანი მონიტორინგის შედეგი, რომელიც ასახავს სისხლის სამართალწარმოების საკითხებს 2016 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ასევე ძირითად ტენდენციებს მონიტორინგის დაწყებიდან დღემდე.
ანგარიშის ძირითადი მიგნებები შეეხება: აღკვეთის ღონისძიებებს, საგამოძიებო მოქმედებებსა და საპროცესო შეთანხმებაზე სათანადო სასამართლო კონტროლის განხორციელებას, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ ხარვეზებს.
საია-ს ანგარიშის თანახმად, გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი და საბოლოოდ 66 პროცენტს შეადგინა.
“გაიზარდა პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, თუკი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პატიმრობის მოთხოვნა შეადგენდა 45 პროცენტს, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ჯერ 15 პროცენტული ერთეულით, ხოლო შემდგომ 6 პროცენტული ერთეულით გაიზარდა და, საბოლოოდ, 66 პროცენტი შეადგინა”. – ვკითხულობთ საია-ს ანგარიშში.
საია პრობლემად ასევე ასახელებს პატიმრობისა და გირაოსაგან განსხვავებული ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების იშვიათ გამოყენებას.
“სასამართლომ 1 332 სხდომიდან მხოლოდ 6 შემთხვევაში გამოიყენა პირადი თავდებობა, 28-ში – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, ხოლო 51-ში არ გამოუყენებია აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. დანარჩენ შემთხვევებში სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო ან პატიმრობა”. – ნათქვამია ანგარიშში.
საია-ს ბოლო სამ ანგარიშში ასევე საუბარია პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენების მზარდ მაჩვენებელზეც.
„2018 წლის მარტიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეფარდებული 322 პატიმრობიდან 49 (15 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი, ხოლო 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდში 334-დან 69 (21 პროცენტი) იყო დაუსაბუთებელი”. – ვკითხულობთ ანგარიშში
ამასთან ერთად, ფიქსირდება სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურების ფაქტები და შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება.
“სისხლის სამართლის სხდომების გაჭიანურება საია-ს სასამართლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზია. არაერთი საქმე წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მასზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი არ დგება. შეინიშნება როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევის პრობლემა, ასევე შემთხვევები, როდესაც ვადები პირდაპირ არ ირღვევა, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით, აშკარად საქმის არაგონივრულ დროში განხილვის შთაბეჭდილება რჩება“. – ნათქვამია საია-ს ანგარიშში.