ლანჩხუთის კულტურის გაერთიანებაში, სადაც ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრების უმრავლესობის ხელფასი თვეში 60-100 ლარს არ აღემატება, ცეკვა 248 ლარად შეფასებული ჩოხითა და 142 ლარად შესყიდული ყაბალახებით მოუწევთ. “სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ადამიანები, ვის უკანაც ოჯახები დგას და მათთვის ხელფასი მნიშვნელოვანია, მით უფრო ამ მძიმე პირობებში, 60 ლარი ან ცოტა მეტი აქვთ ხელფასი და ამ დროს ყაბალახსა და ჩოხაში 5 ათასი ლარი არის გათვალისწინებული. უბრალოდ წარმოუდგენელია, ყაბალახი შეფასდეს 142 ლარად. რა იკერება ასეთი? ოქროს ძაფებით? 25, საუკეთესო კი მაქსიმუმ 50 ლარი ღირს. რასთან გვაქვს საქმე”?-გვითხრა ქორეოგრაფმა მელის ნადირიძემ, რომლის განმარტებითაც, მისი ანსამბლის წევრებისთვის წლებია ყაბალახებს აკერინებს და არასდროს მისი ფასი 25 ლარს არ აღემატებოდა. გადავამოწმეთ და მაგალითად E-bay-ზე, რომელიც მულტინაციონალური კომერციული სავაჭრო პლატფორმაა, ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ყაბალახის ფასი 13 დოლარია, რაც დაახლოებით 40 ლარის ფარგლებში მერყეობს. რატომ იხდის ლანჩხუთის კულტურის ხელმძღვანელი ერთ პირთან მოლაპარაკებით ერთ ცალ ყაბალახში 4-ჯერ მეტ თანხას, ამის გასარკვევად, ისევე როგორც მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე მისი პოზიციის მოსასმენად, გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით წერეთელს დღეს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა: “არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას არც ერთ საკითხზე”-გვიპასუხა წერეთელმა. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტს N1, რომელიც 2021 წლის 09 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ ერთი მხრივ _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება _ ,,შემსყიდველი’’ წარმოდგენილი დირექტორის დავით წერეთელის სახით და მეორე მხრივ _ ი.მ.,,მზია დიასამიძე’’ (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’) შეთანხმდნენ, რომ 12 ცალ თხელ ჩოხასა და 12 ცალ ყაბალახში 4680 ლარი იქნება გადახდილი. აქედან თხელ, გრძელკალთიან 12 ჩოხას მუნიციპალიტეტის კულტურის გაერთიანება 2976 ლარად შეიძენს, აქედან ერთი ცალის ღირებულება განსაზღვრულია 248 ლარით. რაც შეეხება 120 სმ სიგრძის 12 ყაბალახს, სულ 1704 ლარი დაჯდება, აქედან ცალის ღირებულება კი, 142 ლარია.