“რადიო თავისუფლების” ცნობით, თითქმის 8 საათის შემდეგ, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
მაია მწარიაშვილის განცხადებით, “მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად”.
ადვოკატის თქმით, “მზია ამაღლობელის სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული”.
”რატომ ვისაუბრე თავიდან მზია ამაღლობელის საქმიანობაზე. მზია ამაღლობელი არ არის მხოლოდ ფიზიკური პირი და არც მისი გაკეთებული საქმეები. მე მინდოდა დაგენახათ, რომ მზია ამაღლობელი არის მოქალაქე, რომელიც დისკომფორტულია ხელისუფლებისთვის…
მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, როგორ არ ასრულებს ბრალდება ფუნქციას და როგორ ცდილობს მსხვერპლი მოძალადედ წარმოადგინოს და მოძალადე მსხვერპლად.
რა შეუძლია სასამართლოს?! – დარწმუნებული ვარ, ყველა მოსამართლემ იცის თავისი როლი და ადგილი. არის საქმეები, რომლებიც დღეს სხვანაირად ჩანს და ხვალ სხვანაირად გამოჩნდება… არის საქმეები, რომელზეც 20 წელი გავიდა და თაობები საუბრობენ. ეს არის საქმე, რაზეც თაობები ისაუბრებენ.
მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა: მზია ამაღლობელის სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული. ერთსაც გვატყუებს და მეორესაც. არ მინდა სასამართლომ რომელიმე გაიზიაროს,” – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. მოსალოდნელია, რომ მზია ამაღლობელის განაჩენიც დღესვე გამოცხადდეს.