document.body.remove()
გურიის მოამბე

მრჩეველთა საბჭოს წევრები ბახვი ჰესის პროექტის მიმდინარეობაზე

ბახვი ჰესის სამშენებლო მოედანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  განლაგებული ბახვი 1, ბახვი 2ა და ბახვი 2ბ ჰიდროელექტროსადგურები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა. ბახვი 2ბ სადგურის მშენებლობა დასრულებულია და მიმდინარეობს აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. წლის ბოლოს სამივე სადგურის ძირითადი სამუშაოების დასრულებაა გეგმაში.

ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, პროექტის მენეჯმენტის ინიციატივით, დაათვალიერეს სამშენებლო მოედანი და გთავაზობთ, მათ შთაბეჭდილებებს:

ია მამალაძე, გურია ნიუსს დამფუძნებელი

„ნამდვილად არ მეგონა, თუ უკვე ამ დონეზე იქნებოდა წინ წასული  მშენებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაკვეთი, სადაც აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს არაა მასშტაბური. მეგონა, რომ გაცილებით დიდი ტერიტორია იქნებოდა მოცული. მშენებლობას ეტყობა, რომ პროექტის მენეჯერები ცდილობენ მაქსიმალურად დაზოგონ გარემო და თავიდან აიცილონ ზემოქმედება ან შეარბილონ ის“.

ნუგზარ ასათიანი, გაზეთი ალიონის მთავარი რედაქტორი 

„სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ბახვი ჰესის შენობების და „ბახვი 2 ბ“ აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოები. აქტიურ ფაზაშია „ბახვი 2 ა“ და „ბახვი 1“ ჰესების წყალმიმღებებისა და მილსადენების სამუშაოები. რაც ყველაზე თვალშისაცემია, მშენებლებას აშკარად აქვთ დაზოგილი გარემო და მისი გავრცელების არეალი მცირეა. მნიშვნელოვანია, კრიტიკულ უბნებზე მწვანე ნარგავების გაშენების სამუშაოები და ზრუნვა ბუნებაზე. მისასალმებელია, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის წილი მაღალია“.

 

ლელა მდინარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილები უფროსი

„სამშენებლო მოედანზე რაც ვნახე, შევაფასებდი როგორც, კვალიფიციური კადრების შრომის შედეგს. კომპანია ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე და ეკოსისტემებზე ზემოქმედება. გონივრულადაა ორგანიზებული სამშენებლო ტერიტორიაზე ნარჩენების მართვა და შრომის უსაფრთხოება. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და გამჭირვალე კომუნიკაციით როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. საინტერესო და კარგი ინიციატივაა, დაბა ბახმაროში ტყის განაშენიანების გეგმაც”.

 

თემურ მჟავანაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი

„სამუშაოები მიმდინარეობს მაღალი სტანდარტის შესაბამისად. კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტია უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ვნახეთ ბალახის თესვა ჰიდროთესვის აპარატით.  კომპანია ცდილობს მაქსიმალურად შეარბილოს გარემოზე ზემოქმედება. აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე დასაქმებულია 81 ადგილობრივი, მათ შორის 22 ქალი, რაც მისასალმებელია. პროექტის დასაწყისში შედგა უამრავი შეხვედრა, რომელსაც პირადად ვესწრებოდი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაპირებები შესრულდა მაღალი ხარისხით, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივების სოციალურ-ეკონომოკური პირობების გაუმჯობესებას“.

 

მაკა შანიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქალებისთვის საინიციატივო შეხვედრები გურიაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

„მოგვეცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, თუ როგორ მიმდინარეობს ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი სხვადასხვა ეტაპზე. პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო მშენებლობის პროცესი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის ორგანიზებით. აღსანიშნავია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და ეკოლოგიურ გარემოზე  ზემოქმედების მართვის მიდგომები. შეხვედრისა და ტურის განმავლობაში ყველა დასმულ კითხვაზე გაგვცეს სრულფასოვანი, ტექნიკურად და შინაარსობრივად არგუმენტირებული პასუხი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია აბსოლუტურად გამჭვირვალედ ეწევა საქმიანობას“.

 

ვლადიმერ მენაბდე, გურიის მოამბის დამფუძნებელი

„გურიაში უამრავი ჰიდროელექტროსადგური შენდება, ეს კომპანია კი, პირველია და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთადერთი, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას პროექტის განხორციელების ეტაპების შესახებ. ბახვი ჰესის გამჭვირვალობა და ამით, საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია და ფრიად სასიამოვნოა. ვფიქრობ, კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოიშვება, ყოველთვის ეცემა პასუხები კომპანიის კომპეტენტური პირების მხრიდან, რაც უმნიშვნელოვანესია. ვერ გეტყვით, არის თუ არა პასუხგაუცემელი თემები, რადგან ჩემს შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. თუმცა, ამ კომპანიასთან ჩემი რამდენიმე წლიანი ურთიერთობის გამოცდილება მაძლევს უფლებას კითხვაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ მართავს კომპანია პროცესს, გიპასუხოთ – ამ ეტაპზე გამჭვირვალობის დონე დამაკმაყოფილებელია.

თუ რა მოგვცა ჩვენ საბჭოს ფუნქციონირებამ და მისმა წევრობამ, გეტყვით, რომ მეტი ცოდნა მოგვცა და შეგვძინა გამოცდილება, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალში ამ ტიპის საქმიანობების შესახებ ჟურნალისტური მასალების მომზადება-გაშუქებისთვის“.

 

გიორგი აბრამიშვილი – ბახვი ჰესის დირექტორი

„მრჩეველთა საბჭოს წევრები მუდმივად საქმის კურსში არიან, თუ როდის რა პროცესები მიმდინარეობს ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში. პირველ წლებში აქტიური კვლევების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იყო მათი რჩევები და მოსაზრებები, რადგან, როგორც ამ რეგიონის პატივცემული წარმომადგენლები, ისინი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან აქაურობის. შემდეგ იყო ანგრიშგება და ნებართვების მოპოვება. გვქონდა პერიოდი, როცა ბევრს ვმსჯელობდით სოციალური პროექტების პროგრამაზე. შემდეგ, ამ პროგრამის განხორციელება და რეზულტატების შემოწმება. მერე, დასაქმება დადგა დღის წესრიგში, რასაც ვფიქრობ საუკეთესოდ გავართვით თავი. აქაც, მნიშვნელოვანი იყო მრჩეველთა საბჭოს წევრების რჩევები. ახლა კი, ერთად გავდივართ მშენებლობის პროცესის და მისი მიმდინარეობისას, გარემოსდაცვითი კომპნენტების მონიტორინგის უმნიშნეოვანეს ფაზას. კიდევ ერთხელ გადავუხდი თითოეულ წევრს მადლობას ინტერესისთვის და ჩართულობისთვის“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights