“ღმერთი ქმნის გმირებს. მე არ მინდა საქართველო როგორსაც “ოცნება” ქმნის” – ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა და არჩილ მუსელინცის განაჩენის გამოცხადებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანა ყველაზე მძიმე განსაცდელის წინაშე დგას და თუ “ოცნება” დარჩა ქვეყანა დაიღუპება.
”არჩილს და იმ სინდისის პატიმრებს ღმერთი ქმნის, ღმერთი ქმნის გმირებს და “ოცნება” ქმნის ამათ და მე ამათი საქართველო არ მინდა. მე არ მინდა საქართველო ასეთი იყოს, როგორსაც “ოცნება” ქმნის. ესეთი საქართველო, ესეთი ქართველები მე არ მინდა და არც მათ უნდათ ეს.
თუ ესენი დარჩნენ ქვეყანა დაღუპულია, არ არის ესე მარტივად საქმე, ქვეყანა დაღუპულია, ჩვენ ვერ გადავრჩებით. ყველაზე მძიმე განსაცდელი გვაქვს ახლა, რაც ოდესმე გვქონია. ადრე როცა გვიპყრობდნენ ვიცოდით, რომ დაპყრობილები ვიყავით, ახლა ისე დაგვიპყრეს გვეგონა, რომ ჩვენ ავირჩიეთ და თურმე იმათ დაუსვიათ და თურმე რუსების მთავრობას ვემსახურებით.
ეტყობა საჭიროა ყოველდღიურად გამეორება ერთი და იგივეს, როგორც ისინი იმეორებენ და რაღაცა ბნელ ოთახში ეძებენ “დიფ სთეითს”, რომელიც იქ არ არის. ხალხს ეტყობა ყოველდღიურად უნდა ვუთხრა, რომ ტყუილია ხალხო არ არის ეს “დიფ სთეითი”.
ამის თქმა მიჭირს, როგორ უნდა ვთქვა, ეს სიგიჟე როგორ უნდა ვამხილო, ისედაც ხომ ჩანს რომ ეს სიგიჟეა, როგორ უნდა აკადრო ხალხს ეს,” – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.
დღეს, მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა. სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.
ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.