გურიის მოამბე

“ოცნების” მორიგი დიპლომატიური სკანდალი

“ქართულმა ოცნებამ” დიპლომატიურ სანქციას მიმართა და გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. პიტერ ფიშერზე პერსონალური სატელევიზიო თავდასხმების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მასთან ძალის დემონსტრირება პირადად გადაწყვიტა. დაძაბული ფონის მიუხედავად, გაკვირვება არც დიპლომატს დაუმალავს.

დიპლომატს უწყებაში შესვლამდე არც კეთილგანწყობა ეტყობოდა და არც კარგის მოლოდინი ჰქონია. მით უფრო იმ განცხადების შემდეგ, რომელიც დაბარებამდე რამდენიმე საათით ადრე შალვა პაპუაშვილმა მასზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ფიშერს ქართულ-გერმანული ურთიერთობის გაფუჭება დააბრალა და მასთან ერთად ევროპული სახელმწიფოების ელჩები გალანძღა. “ოცნება” დიპლომატებს ოპოზიციის მხარდაჭერასა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.

“ოცნებამ” ელჩების დისკრედიტაციის დაუსრულებელ კამპანიაზე პასუხიც მიიღო. დიდხნიანი მოთმინების შემდეგ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საელჩო საერთო განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის პარტიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საჯარო წერილში ვკითხულობთ, რომ დიპლომატიური მისიები მათზე “ოცნების” ბრალდებებს პროვოკაციულად მიიჩნევენ.

ფიშერის შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან უჩვეულოდ დიდხანს, საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. დაძაბული ურთიერთობის და შეხვედრის ხანგრძლივობის მიხედვით საუბარი დახურულ კარს მიღმა მარტივი არ უნდა ყოფილიყო. ფაქტია, რომ განმუხტვის ნაცვლად ურთიერთობა ჩიხში შედის. ელჩის პოზიცია უცვლელი რჩება.

ჩნდება კითხვა რა მოხდება ამის შემდეგ – დაატოვებინებს თუ არა გერმანიის ელჩს “ქართული ოცნება” ქვეყანას – გაძევების გეგმას პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს. ირაკლი კობახიძის კომენტარიდან კი ჩანს, რომ “ოცნება” ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ელოდება, აქვს იმედი, რომ სიტუაციის ნორმალიზებას ამის შემდგომ მაინც შეძლებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights