“ფორმულას” ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
“წადით ყველანი რუსთაველზე” – ასე მიმართა სასამართლო დარბაზიდან ქეთა ციცქიშვილმა მოქალაქეებს.
მოსამართლემ პროცესის გადადების, მოწმეების დაკითხვის და მოსამართლის აცილების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
სასამართლოში დაკავებულმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ აქციაზე ქვეყნისთვის და ყველას შვილისთვის დგას და “ასე იქნება სულ სანამ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება”.
ჩემი შვილი იმდენჯერ ახსენა აი ამ ქალმა ვინც წინ მიზის, რომ იცოდე იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ, არ ვიცი გყავს თუ არა შვილი და იქ შენი შვილისთვისაც ვდგავარ და ყველას შვილისთვის ვდგავარ, ამ ქვეყნისთვის, ასე იქნება სულ სანამ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება,” – თქვა ქეთა ციცქიშვილმა.
მანმადე, სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაკავებულ ჟურნალისტს ჰკითხა ყავდა თუ არა შვილი და შემდეგ მისი ასაკი დააზუსტა.
მოსამართლე: შვილი გყავთ?
ქეთა ციცქიშვილი: კი.
მოსამართლე: რამდენი წლის არის?
ქეთა ციცქიშვილი: 12.
მოსამართლე: შეუსრულდა 12 წელი?
ქეთა ციცქიშვილი: დიახ, 3 ოქტომბერს.
ქეთა ციცქიშვილი, დღეს გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ის დაკავების დროს საკუთარ ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა.