საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა გამოიკითხა. როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, მთავრობის ყოფილმა მეთაურმა აღიარა, რომ უკანონო შემოსავლებს იღებდა.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.
მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით.
დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი:
შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას” – განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.