გურიის მოამბე

დაკო ბახტურიძე – აქ დგომა და ბრძოლა ჩემთვის სოლიდარობის აქტიცაა

მე ვარ დაკო ბახტურიძე, 38 წლის, მკვლევარი.

ახმეტაში დავიბადე, მაგრამ ჩვენ თუშები ვართ. სკოლა იქ დავამთავრე და მას მერე, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, თბილისში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ახმეტაზე მეტი დრო თბილისში გავატარე, ჩემი იდენტობა მაინც იქაურობას უკავშირდება.

ჩემი ბავშვობაც 90-იანების სტანდარტულად მძიმე ბავშვობა იყო, თან ახმეტაში, სადაც იმ პერიოდში ჩეჩენი დევნილები შემოვიდნენ და არანორმალური ქაოსი იყო პანკისის ხეობაში. თავისთავად ხომ საშინელი მდგომარეობა იყო იმ დროს ქვეყანაში, მაგრამ ეს რაიონი კიდევ უფრო დამძიმებული იყო ამ სიტუაციის გამო… და ჩვენ აქ ვიზრდებოდით, თინეიჯერობა მაგ პერიოდში გავიარე. მახსოვს, მასწავლებლებთან ვემზადებოდით და გვიან რომ გვიწევდა გამოსვლა, ჩემს მშობლებს მუდმივად ჰქონდათ შიში, რადგან ძალიან ხშირი იყო მოტაცებები და ა.შ. არ ვიცი, როგორ გადავრჩით, ეტყობა გაგვიმართლა. მართლა გადარჩენილები ვართ იმ საშინელი გამოცდილებების ფონზე.

მახსოვს ჩემი მშობლების მძიმე შრომა, რომ ყოველდღიური საჭმელი გვქონოდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თუმცა აბსოლუტურად არაფერი გაძლევდა იმ დროს მოტივაციას, რომ დამჯდარიყავი და გესწავლა, ამის ხელშემწყობი არაფერი იყო – შენ გარშემო გარემო იმდენად უსამართლოა, შენი ცოდნაც არაფერს ნიშნავდა. მაგრამ იმდენად არ მომწონდა ის სიტუაცია, რომელშიც ვიყავი და იმდენად არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი გადარჩენა და თავშესაფარი იყო ის, რომ ვიჯექი და საათობით ვმეცადინეობდი. ჩემი მშობლები ყველაფერს იკლებდნენ და მასწავლებლებთანაც დიდი გაჭირვებით ვემზადებოდით. ღამით რომ ვიწყებდი მეცადინეობას და შუქი არ იყო, ლამფის შუქზე უნდა ვმჯდარიყავი გვიანობამდე, ყველა იძინებდა და ერთადერთი, რასაც დედაჩემი მეხვეწებოდა, ღუმელს შეუკეთეო, სიცივეში რომ არ ვყოფილიყავი, მაგრამ ისე ვითიშებოდი მეცადინეობის დროს, აზრზე რომ მოვდიოდი, გაყინული ვიჯექი და ღუმელიც ჩამქრალი იყო.

ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ამას რანაირად ვშვებოდი-მეთქი, მაგრამ გადარჩენის ინსტინქტი გაქვს ადამიანს და რაც ხელში გაქვს, იმით იბრძვი. ეს ახლაც ძალიან მშველის – ხანდახან საკუთარ თავს ვეუბნები, ადამიანო, ამ სიტუაციაში რისი იმედი გაქვს-მეთქი, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია. როცა ვხედავ, სიტუაცია უარესდება, ჩემი ინსტინქტია, რომ რაღაც უნდა ვაკეთო, რომ გადავრჩე… და ჩემი გადარჩენა ყოველთვის ასოცირდება ქვეყნის გადარჩენასთანაც. ჩემი ინდენტობაც რაღაცნაირად ამასთანაა მიბმული.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეა.

ჩემთვის ფუნდამენტურ რაღაცას ეხება ეს პროტესტი. ის ადამიანები, რომლებიც ვერ გამოდიან, ზოგჯერ ძალიან არომანტიზებენ და გეუბნებიან, დიდი მადლობა, რომ ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის დგახარ იქ… ამაზე ძალიან ვბრაზობ, მე არც შენი შვილისთვის ვდგავარ და არც შენთვის, პირველ რიგში, ჩემი სახელით, საკუთარი თავისთვის ვდგავარ და მგონია, რომ ყველას ეს განცდა უნდა ჰქონდეს.

რა არის ჩემთვის ეს ქვეყანა და რას ნიშნავს ამ საზოგადოებაში ცხოვრება, ამას ბევრი მოგზაურობის შემდეგ მივხვდი. ადრე უფრო მარტივად გეტყოდი, რა არის ჩემი იდენტობა – ქალი, თუში… ჩემი ხასიათის თვისებებს ბევრად განსაზღვრავს ის, რომ ჩემი მშობლები თუშები არიან, მაგალითად, როგორც გამოვხატავ ემოციას, მგონია, რომ ამ კულტურიდან გამომდინარეობს, და ჩემი, როგორც ქალის იდენტობა, მნიშვნელოვნად განპირობებულია იმ გამოცდილებებით, რა გამოცდილებაც დავაგროვე ამ ქვეყანაში როგორც ქალმა.

მაგრამ რას ნიშნავს ჩემთვის, რომ ვარ ქართველი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან გვიან გავიაზრე. ბოლო მოგზაურობაში როცა ვიყავი, ბევრ ე.წ. Digital Nomad-თან მქონდა კომუნიკაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოდან ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდნენ, სხვადასხვა ქვეყანაში გადადიან, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ეს მოგზაურობა ზოგისთვის ხუთ და მეტ წელს გრძელდება, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ აღარ აპირებს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას. ამ ადამიანებს ხშირად ვეკითხებოდი, როგორ განსაზღვრავ, სად უნდა იმოგზაურო, რომელ ქვეყანაში უნდა წახვიდე-მეთქი. თითქმის ყველასგან შაბლონურ პასუხს იღებ, რომ იაფ და კომფორტულ ქვეყნებს ირჩევენ. მერე დავფიქრდი, მეც ხომ ონლაინ ვმუშაობ და შემიძლია კომფორტული და იაფი ქვეყანა ავირჩიო საცხოვრებლად-მეთქი, მაგრამ სამი თვის შემდეგ მეწყებოდა, რომ სახლში მინდა… აი, რატომ გინდა? რა არის სახლი? მარტო ფიზიკურად სახლი კი არ გინდა, რაღაც არის სხვაც. მერე მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმასთან კავშირი, სადაც ვარ, კონტექსტთან, სოციუმთან, ის საერთო გამოცდილებები, რაც გვაქვს – ვიღაცას რომ ველაპარაკები და ესმის ჩემი, რაზე ვლაპარაკობ. მივხვდი, რომ მიკუთვნებულობის განცდა მაქვს და ეს მიკუთვნებულობის განცდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან ვამბობ, კოსმოსიდან რომ გადმოვხედო, ვიცი, სად არის დასმული ჩემი პინი-მეთქი.

მიკუთვნებულობის განცდაზე რომ ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ვიცი, ვინ ვარ, სად ვარ და ზუსტად ამას მართმევს ეს ხელისუფლება. იმ კორუფციული და თანაგანცდის უუნარო საზოგადოების მიმართ, რომელსაც ესენი ქმნიან, მიკუთვნებულობა ვერ მექნება, იმ სიგოიმესთან და სიქაჯესთან, რასაც ლალი მოროშკინას და ხატია სიჭინავას ქვეყანა და ქოცური საქართველო ჰქვია. ფაქტობრივად, ეს ჩემი იდენტობისთვის, ჩემი არსისთვის და რაობისთვის ბრძოლაა. ამიტომ ვამბობ, რომ უპირველესად ჩემი გადარჩენისთვის და საკუთარი თავისთვის ვდგავარ აქ.

აქ დგომა და ბრძოლა ჩემთვის სოლიდარობის აქტიცაა, ახლა თუ რამე მინარჩუნებს ამ მიკუთვნებულობას, არის ის ხალხი, დღეს რომ მაინც იბრძვის და ჩემიანების განცდას მიქმნის. ხანდახან ვფიქრობ, იქნება თუ არა გეგმა, იქნება თუ არა გამარჯვება, როდის იქნება, როდემდე, სანამდე… მაგრამ ჩემთვის ამ ბრძოლას ისტორიული და უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. მომავალში ადამიანები ისე უნდა მოჰყვნენ ამ ისტორიასა და პროტესტზე, როგორც დღეს ჩვენ ვყვებით იუნკრებზე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე. მე ვიცი, რომ ეს ამბავი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი იმისა, ჩვენ რა ერი ვართ, ვინ ვართ და რა ვართ. ამიტომ არ ვარ დეპრესიულად განწყობილი, რომ ხვალ თუ ამ ბრძოლას გამარჯვებით ვერ დავასრულებთ, ამ ბრძოლას აზრიც არ ჰქონია. ჩემთვის მაინც აქვს აზრი. კი, მეც მინდა, რომ მალე დაგდეს და ხვალვე იყოს ეს გამარჯვება, მაგრამ მარტო ეს არ არის ის, რის გამოც შეიძლება აქ ვიდგე და ისევ ბრძოლაში ვიყო.

ზოგადად, მგონია, რომ ჩვენი პრობლემა გულგრილი მასაა. სასოწარკვეთა მოაქვს ადამიანების დამოკიდებულებას ამ სიტუაციის მიმართ, ეს ვერ გადავლახე, ვერ ვპატიობ, რომ უბრალოდ აიგნორებენ ამას… ვერ ვპატიობ გულგრილობას, თავიანთ ნაჭუჭში გამოკეტვას. ვითომ აწუხებთ და ვითომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ზოგისთვის ამის მიზეზი გულგრილობაა, ზოგისთვის შიშია, მილიონი მიზეზი შეიძლება მოძებნოს ადამიანმა, რატომ არ ებრძვის იმას, რაც არ მოსწონს. როცა ამბობენ, რომ ვიღაცას ეშინია, იმდენად ვბრაზობ ამაზე – რატომ შეიძლება შიში იყოს შენი ცხოვრების განმსაზღვრელი? თან მინდა გავიგო, მაგრამ არ მესმის.

საერთოდ სხვა ცხოვრება მქონდა და უცებ სხვა ცხოვრებაში აღმოვჩნდი. ვიღაცებმა მოახერხეს და შეინარჩუნეს ძველი რუტინა, მეც ვიაზრებ, რომ რაღაცები უნდა ვაკეთო, მაგრამ ძალიან მიჭირს. კი, მეგობრებსაც ვხვდები, ვიცინი, პატარ-პატარა სიხარულებიც არის ყოველდღიურობაში, მაგრამ სადღაც მუდმივად გაქვს სიმძიმე, სევდა, რომელსაც ვერ ერევი. რაღაც მომენტში წკიპზე ვიყავი, მაგრამ როცა გავიაზრე, რომ ეს ბრძოლა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, ცოტა მოვეშვი. ეს იყო არჩევნების მერე, პარლამენტში რომ შევიდნენ და ხალხი არ გამოვიდა; საშინელი დღე იყო, მაგრამ რაღაც უცნაური სიმშვიდე მოვიდა, მანამდე მოჭიმული ვიყავი. მაგ დღეს გავიზარე, რომ ეს არ იყო ორი და სამი დღის მოთმენის ამბავი და ცოტა სხვა პროცესში ვიყავით. მივიღე ეს რეალობა, მაგრამ პერიოდულად მაინც არის დღეები, როცა რაღაც ჩაგცხებს…

ჩემთვის გადარჩენა ასოცირდება რაღაც ქმედებასთან, არშეგუებასთან. ჰოდა, ქმედებაში სანამ ვარ, იმედიც არის. როგორც კი ქმედებას შევწყვეტ, მგონია, რომ მანდ იქნება ჩემი დანებებაც. უკვე მინიმალური ხარჯებით ვცხოვრობთ ის ადამიანები, რომლებსაც ყველანაირი სივრცე შეგვიზღუდეს, იმასაც ვიაზრებ, რომ რაღაც ეტაპზე დადგება მომენტი, როცა ყოველდღიურ გადარჩენაზე მომიწევს ფიქრი, შეიძლება ფიზიკურადაც ვეღარ ვიყო ამ ბრძოლაში, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაღაც ფორმა ყოველთვის შეგვიძლია მოვძებნოთ. მე მჭირდება, რომ ქმედებაში, წინააღმდეგობაში ვიყო.

საკუთარ თავთან ეს მუდმივად უნდა მქონდეს, რომ მე არ ვეგუები.

———————————————————————
🟡 სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights