გურიის მოამბე

“ნაცებმა“ შემოიტანეს“, „სსრკ-დან დარჩა“, „მეფის რუსეთის მარაგებია“ -. „არგუმენტები“ უადგილოა-მელაშვილი

საოცარ “არგუმენტებს” ვისმენ ხელისუფლებისგან BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე თავის მართლების მიზნით.
ძალიან მარტივად რომ ავხსნა, „ნაცებმა“ შემოიტანეს“, „სსრკ-დან დარჩა“, „მეფის რუსეთის დროს შექმნილი მარაგებია“, „დიიფ სთეითმა ჩაგვიდო“ და ა.შ. „არგუმენტები“ საერთოდ უადგილოა, როცა ხელისუფლება პასუხს არ სცემს ძალიან მარტივ, ბუნებრივ და ლოგიკურ კითხვებს:
1. ვინ გამოიყენა ეს ნივთიერება მომიტინგეების წინააღმდეგ? რომელმა ხელისუფლებამ?
2. რამდენად კანონიერი იყო მისი გამოყენება?
3. რამდენად ჩააყენა სახელწმიფომ საკუთარი მოქალაქეები (!) საქმის ყურში ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგებზე, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი მომწამვლელი ნივთიერებით მოწამვლას?
შსს-ს მიერ ასეთი ნივთიერების შეძენა თავისთავად შეიძლება არ იყოს დანაშაული, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით. ხელისუფლება დანაშაულს სჩადის მაშინ, როცა საკუთარი მოქალაქეების წინაღმდეგ იწყებს ამ მომწავლელი ნივთიერებების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებას. სწორედ ეს არის ჟურნალისტური გამოძიების და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების პრეტენზიების მიზეზი და არა ის, თუ რომელმა მთავრობამ და როდის შემოიტანა ქვეყანაში ეს ნივთიერება.
თუ ამ ნივთიერებების შესყიდვაც დანაშაული იყო, ამაზე საქართველოს ყოფილი შსს-ს მინისტრი BBC-ის მიერ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ კი არ უნდა საუბრობდეს, იმის იმედით, რომ რამენაირად ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალოს ჟურნალიტების მიერ აღმოჩენილი დანაშაული, არამედ 13 წლის მანძილზე ხელისუფლებისაში ყოფნის განმავლობაში უნდა გამოეკვლია ეს საკითხი. თუკი ბატონი მინისტრი ამ ნივთიერების შესყიდვაში რაიმე უკანონობას აღმოაჩენდა, ის ვალდებული იყო დაეყენებინა შესაბამისი თანამდეობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და არა დღეს დაეწყო ამ თემაზე საუბარი, მომწამვლელი ნივთიერების მომიტინგეების წინაღმდეგ გამოყენებაზე პასუხისმგებლობის წინა ხელისუფლებისთვის გადაბრალების მიზნით.
დღეს, ხელისუფლების მიმართ არსებულ კითხვებზე „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად იდიოტური პასუხები გასცა, რომ კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. სუს-ის მიერ აღძრული საქმე აბსოლუტურად დაუფარავად არის მიმართული იმ ხალხის წინააღმდეგ , ვინც ინფორმაცია ან უკვე მიაწოდა ბრიტანელ ჟურნალისტებს, ან პოტენციურად შეიძლება მიაწოდოს შესაძლო მომავალ საერთაშორისო გამოძიებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა ამა ადამიანებისთვის პირში ბურთის ჩაჩრის მცდელობა.
საქართველოს ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რომ ამით ყველაზე დიდი სისულელეს სჩადიან. ინფორმაციის დამალვას, მისი გავრცელების ხელის შეშლას და კრიმინალიზებას ცდილობს ის, ვისაც სიმართლის გამოვლენის ეშინია და არა ის, ვინც მართალია. ეს მარტივი ჭეშმარიტება უკვე საუკუნეებია იციან მთელ მსოფლიოში, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა კარგა ხანია აღარ ითვალისწინებს ცივილზებულ სამყაროში დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას. მათ მიაჩნიათ, თუკი თავიანთი ბელადები ეტყვიან, რომ დედამიწა ბრტყელია, ან ამერიკელები მთვარეზე არ დამსხდარან (ისე, რაღა დაგიმალოთ, რასაც ვუყურებ, მგონი უკვე ესეც აღარ არის გამორიცხული!) და თავად კვერს დაუკრავენ, ამას მთელი მსოფლიო დაიჯერებს, ხოლო ვინც არ დაიჯერებს ის “დიფ სთეითად” და “ომის პარტიად” გამოცხადდება! ეგრე განაგრძეთ!
P.S. ფილმის გადაღების პროცესში BBC-ს ჟურნალისტებმა კითხვებით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს და მმართველ პარტიას. კითხვის ნაწილი ეხებოდა „ქართული ოცნების“ შესაძლო „პრორუსულობას“, რომ მთავრობას აქვს „ყველა რესურსი და ინსტრუმენტი, რათა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში შეაჩერონ“, რომ „მთავრობა საქართველოს ისევ რუსეთის გავლენის სფეროში აბრუნებს“ და რომ „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს მიზანი ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი და … რომ მთავრობა, ამჟამად, ამ მიზანს შორდება.“
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური BBC-სთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში აღშფოთებული ეცადა გაებათილებინა მმართველი პარტიის პრორუსულობის და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის შესახებ გავრცელებული „მცდარი ნარატივი“.
„გამოგონილი „პრორუსულობის“ გაგრძელებაა სიყალბის მტკიცება, თითქოს საქართველო შორდება ევროპას“ – ვკითხულობთ ამ პასუხში . ამავე დროს, იმავე დოკუმენტში მმართველი პარტიის „პიარშიკები“ წერენ : – „ევროკავშირი დღეს სრულად არის დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან. განადგურებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ფეხქვეშ არის გათელილი ადამიანის უფლებები, ევროპელი ბიუროკრატების აბსოლუტური უმრავლესობა კი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების ხმას წარმოადგენდნენ, არაფორმალური მმართველების მარიონეტებად არიან ქცეულნი და მათი დავალებების შესრულების პროცესში ყველაფერს კადრულობენ: თეთრზე ამტკიცებენ შავს, აშანტაჟებენ მიუღებელი პოზიციის მქონე ქვეყნებსა და კონკრეტულ პოლიტიკოსებს, საქართველოსთან მიმართებით კი, ევროკავშირში გაწევრიანება შანტაჟის იარაღად აქვთ ქცეული.“!
მართლა მაინტერესებს, ამის ავტორებს რა გგონიათ, თქვენ მონა – მორჩილ „იმედის“ ჟურნალისტებს ესაუბრებით, რომლებიც კითხვის შემობრუნებას ვერ გაბედავენ, ან მართლა გჯერათ, რომ ამის წამკითხავ ბრიტანელ რეპორტიორებსს არ გაუჩნდებათ მარტივი და ლოგიკური კითხვა „ თუ ფიქრობთ, რომ ევროპა ასეთია, მაშინ რა ჯანდაბა გინდათ ასეთ ევროპაში, თუ ამბობთ, რომ ევროპაში გინდათ, მაშინ რატომ ფიქრობ რომ ის ისეთი საშინელია, როგორსაც თქვენ აღწერთ?“
ნუთუ ასეთი არაადექვატურები ხართ სამთავრობო პარტიაში ყველა და ვერ ხვდებით, რომ BBC-სთვის გაგზავნილ წერილში ამ პასაჟის ჩართვით, ერთმიშვნელოვნად გაეცით ყველა კითხვას და ეჭვს პასუხი, „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის თაობაზე? აი, მართლა საარაკო ამბავი გჭირთ ხელისუფლებაში!
წერს, ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი, BBC-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლენილ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე კომენტირებისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights