
დროდადრო არაერთი ქართული სპორტული გვერდი იხსენებს ვეტერან “ბორჯღალოსანს”, დიდი ისტორიის მქონე მორაგბეს – კახაბერ მაჩიტიძეს.

ის წლებია, რაც ჭირსა თუ ლხინში ერთგულად მიუყვება ოზურგეთის “არწივებს”. თანაც როგორ – 56 წლის ასაკში, სამწვრთნელო საქმიანობის პარალელურად, აქტიურად ვარჯიშობს და თამაშებში უშუალო მონაწილეობასაც იღებს (2025 წლის ბოლო მატჩში, ზუგდიდელებთან გამართული შეხვედრისას, მან 6 გარდასახვიდან 5 ზუსტად შეასრულა) – დიახ, ასაკი მხოლოდ ციფრებია!

მეტიც, ის გახლავთ ყველაზე ასაკოვანი მორაგბე, რომელსაც “დიდ 10”-ში უთამაშია – 2022-23 წლების სეზონში, 54 წლის ასაკში, მან “არწივების” შემადგენლობაში ქუთაისის “არესის” წინააღმდეგ იასპარეზა – აპა რავა, ძამა!

მის განვლილ გზას თუ გადავხედავთ, შთამბეჭდავ კარიერულ მიღწევებს აღმოვაჩენთ:

1985 წელი: დაიწყო ვარჯიში რაგბიში.

1986 წელი: გახდა საქართველოს ჩემპიონი.

1987 წელი: ჩაირიცხა “სახშენის” შემადგენლობაში.

1988 წელი: მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა.

1989 წელი: მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების ისტორიულ, პირველ მატჩში ზიმბაბვეს წინააღმდეგ. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 16:3 დასრულდა.

1993 წელს ავსტრალიაში იასპარეზა “რაგბი ლიგის” (13-კაცა რაგბი) მსოფლიო ჩემპიონატზე.

ბათუმის “დათვების” შემადგენლობაში ითამაშა ევროტურნირზე, სადაც გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.

ასპარეზობდა საფრანგეთის “ფედერალ-1”-სა და ირლანდიურ “სლაიგოში”.

სტატისტიკა და ტიტულები:

საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა 12 წლის განმავლობაში.

არის ნაკრების რეკორდსმენი ერთ მატჩში შესრულებული 4 არეკნით.

1990 წელს გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.

არის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, სამგზის “სინის” მფლობელი და სამგზის ბომბარდირი.

დაახლოებით 20-ჯერ დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ.
და ეს კიდევ სრული ჩამონათვალი არაა…

კახაბერის განვლილი გზა და დღევანდელი შემართება საუკეთესო მაგალითია მომავალი თაობებისთვის. ის ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ რაგბი მხოლოდ სპორტი კი არა, ცხოვრების წესი და მისდამი დაუშრეტელი სიყვარულია.

მადლობა მას იმ თავდადებისთვის, რომლითაც ქართული რაგბის ისტორიას წერდა და დღემდე დაუღალავად აგრძელებს მის წერას!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: