გურიის მოამბე

,,გურიის ნავთობიზა მარტო ევროპელებმა კი არა, ამერიკელებმაც მეიარეს გურია!“

არის თუ არა საქართველოში ნავთობის დიდი მარაგი? – კითხვა, რომელიც უპასუხოდ, ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება. შესაძლოა ასეც იყოს საჭირო, რადგან არც აწმყო გვაქვს მთლად სერიოზული და ეგებ მომავალი მაინც გვქონდეს! ამ ეტაპზე კი სჯობს როტშილდებისა და ნობელების – მილიარდერი მეტრების მიერ გურიაში ნავთობის ძიებასა და გურულების საბაზრო ეკონომიკაზე გიამბოთ. როდესაც გურულებმა წყევლა – ცეცხლი და ნავთი ჭამეო, პირუკუ შეატრიალეს და ცეცხლითა და ნავთით თავად ჭამეს კაი პური. მართალია, დროებით, მაგრამ ესეც ხომ საქმეა!

მოკლედ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ბაქოს ახალაღმოჩენილი ნავთობით აშენება გადაწყვიტა, დღევანდელი რუსებისგან განსხვავებით, ინვესტიციები ევროპას “ფოდნოსით მიართვა”: აგე, შავი ოქრო, იხეირეთ და მახეირეთო, ხოლო ევროპა, როგორც გურულები იტყოდნენ, სიხარულით გადირია და დაფაცურდა. კერძოდ, ბაქოში ნობელები და როტშილდები ჩალაგდნენ. როტშილდებმა მთლად სასწაული ქნეს: ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზის მშენებლობაში მილიონები ჩადეს, რომ ნავთობი ბათუმიდან გაეტანათ.

აი, ამ დროს, ვინცხამ, როგორც გურულები იტყვიან, რაცხა სასწაულად სუფსაში ნავთის სუნი იგრძნო და ნობელებსა და როტშილდებს გურიაშიც დოუძახა, ჩამოით, ჩვენ უკეთესი ნავთი გვაქვსო! სინამდვილეში, ალბათ, საქმე ასე იყო: გურიაში ნავთობი რუსეთის ემისრებმა დაზვერეს, რითაც რუსეთსა და მის იმპერატორს მადა მოუმატეს, რომელთაც ეს საქმე ისევ ნობელებსა და როტშილდებს გადაულოცეს. ფულიც სერიოზულად შემოტრიალდა გურულების სასარგებლოდ და არა მხოლოდ. გურული ნავთობით დაინტერესებულმა და გურიის სოფლებში ეტლით მოსიარულე (იმ დროისათვის პირველი “ბენციც” არ არსებობდა) ინვესტორებმა გურულებთან მოლაპარაკებები წამოიწყეს ნავთობშემცველი მიწების იჯარით აღებაზე, განსაკუთრებით კი სოფლებში: მიქელ-გაბრიელი, ხვარბეთი, გურიანთა და ჯუმათი – აი, აქ ხდებოდა, რაც ხდებოდა! ამ ამბებზე მოვყვებით ჩემს მეგობარ გურულ ნოე გოგიტიძესთან ერთად, რომელიც წარმოშობით სოფელ მიქელ-გაბრიელიდანაა. სახელმა არ შეგაშინოთ: სინამდვილეში ეს მთავარანგელოზების მოსახელე სოფელია, რომელსაც შემდგომში შრომა დაარქვეს და ჩაის საშუალებით გამდიდრდა. ახლაც მდიდრები არიან, ოღონდ მშრომელი ხალხი, მომავალში კი იქნებ მორიგი “სასწოულიც” მოხდეს და აქაურმა ნავთობმა სოფელი მილიარდერად აქციოს.

– ბატონო ნოე, მგონი, საქართველომ კი არა, გურულების უმეტესობამაც არ იცის, რომ ლანჩხუთსა და ოზურგეთში ნავთობს ოდესღაც როტშილდები და ნობელები დაეძებდნენ…

– ასეა, მარა, არა მხოლოდ ნობელები და როტშილდები, არამედ სხვებიც. გურიის ნავთობიზა მარტო ევროპელებმა კი არა, ამერიკელებმაც მეიარეს გურია! მაგენს მიწაში ჭინჭველსაც ვერ გამოაპარებ და გურიაში ნავთს ვინ დოუმალავდა! მარა ამ ხალხს, მათ შორის როტშილდებსაც, ნობელები ჯობნიდენ მოხერხებით. ყველაზე მეტი ჭაბურღილი მაგენს ჰქონდათ გურიაში. ორი ძმა ნობელი, რობერტი და ლუდვიგი, ნავთობიზა კრიჭაში ედგენ ყველას და მათ შორის როტშილდებსაც. რობერტი კავკასიაში ადრიდანვე ხეს ყიდულობდა და ბაქოს ნავთი რომ ნახა, მაშინვე მისწერა ძმას, ჩქარა ჩამოი, თვარა ბაქოს მთელ ნავთს როტშილდები დაეპატრონებიანო. ყველა აგენი გურიაში ჩამოლაგდა. მარა რათ გინდა, როგორც ჩამევიდენ, ისე წევიდენ, დახურეს ჭაბურღილები და გაქრენ.

– არ ჩაგეძიებით, რატომ. არ არის სავალდებულო, გურიაში ნავთობის არსებობა ვამტკიცოთ, ამბავს მომიყევი, რა როგორ იყო.

– არ ჩამეძიები, მარა, მე ხომ უნდა გითხრა, რას ფიქრობდენ გურულები ამ ამბავზე, რატომ წავიდენ გურიიდან ნობელები. გურულები ფიქრობენ, რომ გურიის მთელი ნავთის ბიზნესი ვინცხა დიდმა მდიდარმა რუსმა ან რუსმა ებრაელმა დაბლოკა, რადგან გურიის ნავთით თავად უნდოდა გამდიდრება. ფაქტებიც არის ამაზე.

– კარგი, ბატონო, მოვყვეთ.

– მოკლედ, თავიდან მეც არ ვიცი, მაგი ამბები რაფერ დეიწყო, მარა ვიცი, რომ…ბაქოში ნავთზე სამუშაოდ გურულებიც იყვნენ წასული. ალბათ, რომელცხა სახლში დაბრუნდა, ეზოში ნავთის სუნი ამოიცნო და ატეხა განგაში. აგი პატარა ამბავი ხო არ არის, ბაქოს ნავთით უკვე დიდ ფულს აკეთებდა ხალხი. რუსი მეცნიერი მენდელეევი თუ გაგიგონიათ, იგიც ჩაერთო საქმეში.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights