გურიის მოამბე

ივანიშვილი თავისი ქმედებებით აღიარებს, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს ქვეყანას მართავდნენ კორუმპირებული კრიმინალები – ნოდია

გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

“ლილუაშვილის დაპატიმრება ადასტურებს ორ რამეს:

1. ბიძინა ივანიშვილი თავისი ქმედებებით აღიარებს, რომ „ოცნების“ მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ქვეყანას მართავდნენ კორუმპირებული კრიმინალები (ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვ.), სადისტი მოღალატეები (გახარია), დიფსტეიტის აგენტები (ლეგიონია მათი სახელი) ან რაღაც სხვა მანკიერებების მატარებლები, რასაც ჯერ არ გვეუბნებიან. მისი თავდაპირველი გუნდიდან შერჩა კალაძე, წულუკიანი და სუბარი (ვინ გამომრჩა?). დანარჩენიდან, მისივე აზრით, ვერავინ ივარგა.

2. ბიძინა არის პათოლოგიურად ეჭვიანი, პარანოიდული ცნობიერების მქონე პიროვნება. უშუალოდ ოჯახის წევრების მიმართ როგორია, არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყნად ვინმეს ენდობა? თუ ვინმეს დაიახლოვებს, რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად „იზმენებში ვარდება“ და ჰგონია, რომ ღალატობენ არ რაღაცას პარავენ.

ეჭვი არ მეპარება, რომ მისი გარემოცვა კორუმპირებულია და ამის უამრავი ნიშანი არსებობს. მაგრამ როცა ივანიშვილის პროკურატურა კონკრეტულ ვინმეს კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს, ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს: შეიძლედს დაემთხვეს და მართლა ის ჰქონდეს დაშვებული, რასაც აბრალებენ, შეიძლება – არა. მთავარია, რომ ბიძინას თავში რაღაც გადატრიალდა და ვიღაცაზე აიჭრა.

უბედურება სახელად ბიძინა ჩვენს თავებზე რომ არ ტყდებოდეს, თავისთავად მაგარი სერიალია. ვინ იქნება შემდეგი? რა მოუვა კალაძეს? რა მოუვა კობახიძეს? ან იქნებ, თვითონ ბიძინას მოუვიდეს რამე? სასპენსი გვაქვს.”- წერს ნოდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights