გურიის მოამბე

„სისტემამ სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია“ – თორნიკე თოშხუას წერილილი ციხიდან

სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა,“ – წერს ციხიდან გამოგზავნილი წერილში პატიმარი, თორნიკე თოშხუა.

თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობდა აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. პროკურატურის მტკიცებით, თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ რუსთაველზე, ბექა გოცირიძეზე იძალადეს. ჩვენების მიცემისას ბექა გოცირიძემ მოსამართლეს არაერთგზის ხაზგასმით უთხრა, რომ „არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ტკივილი არ განუცდია“.

მან დაადასტურა, რომ ბრალდებულების მისამართით პრეტენზია არ აქვს, არაა მათი გათავისუფლების წინააღმდეგი, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ. და საერთოდაც, „რა ამბავი ატყდა“, „ადამიანური ჩხუბი“ იყო და თვითონაც „მოიქნია ხელი“. რუსთაველზე გავლას და ამ კონფლიქტს ნანობს კიდეც.

„რა როგორ იყო და არის შენი ამბავი? – როგორ იყო და თავიდან იყო გაკვირვება, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მერე იყო ინტერესი – საქმის აღძვრა საგამოძიებო უწყების ინიციატივით მოხდა თუ „დაზარალებულის” მიმართვის საფუძველზე. ამის მერე იყო გაოცება, რომ ტიპი, რომელიც დღისით „საკაიკაცოს“ ღირსების დამცველობას იბრალებდა, საღამოს თაბუკაშვილის მე-7 განყოფილებაში გამომძიებლების მხარზე ქვითინებდა და ცრემლით ასველებდა გამოკითხვის ოქმებს – ფიზიკური ტკივილი განვიცადეო.

მომხდარიდან 21-ე დღეს პატარა სასწაულიც მოხდა, „დაზარალებულს” მახსოვრობა დაუბრუნდა. რუსთაველზე დაკარგული „საკვების დასაჭრელი“ spyderco-ს ბრენდის გასაშლელი დანის შესახებ ჩააბარა მორიგი აღსარება.

მერე იყო ციხე და დრო ფიქრისთვის. ამ დროს აანალიზებ, რომ ბექა გოცირიძე სისტემის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია და მხოლოდ ხელმომწერის ფუნქციას ითავსებდა „ზემოდან” დავალებამიღებული გამომძიებლების მიერ დაბეჭდილ ოქმებზე. ბექუშ, რომ გიკვირს, ვერ ვიგებ რატომ მაბულინგებენო, ერთი გამოსავალი ჩანს აქედან, შენვე უნდა აღიარო, რომ სისტემამ დაგპრესა და გაიძულა ამ საქმეში მონაწილეობა.

როდესაც იაზრებ, რომ სისხილსსამართლებრივი დევნის ორგანოები შურისძიებისთვის გამოყენებულ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა, მთელი ბრაზი ამ ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისკენ მიემართება, რომლებიც რეჟიმის უკანონო დავალებების უაპელაციო ამსრულებლები არიან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსი ჯაშუშის ინტერესების დამცველი პროკურატურა. პროკურორმა არასწორად ჩამოაყალიბა საქმის ფაბულა, არ გამოიკვლია ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, არ დაადგინა ქმედების შემადგენლობა და მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა

და დამდგარ შედეგს შორის.

უგულებელყო ის ფაქტი, რომ უშუალოდ „დაზარალებულმა” ხელყო კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები და მისი ნების მოქმედებაში მოყვანით საყოველთაო სამართლებრივი მშვიდობა დაირღვა. არ იქნა განსაზღვრული მისი ქმედების შემადგენლობის დამაფუძნებელი მოტივი და ქცევის მიზანი.

ახლა იმაზე გადავალ, თუ როგორ არის ჩემი ამბავი. სისხლის სამართლის ზოგად ნაწილს გადავხედე აქ: თურმე კანონი არ ავალდებულებს მართლზომიერად მოქმედ პირს, რომ დაუთმოს მართლწესრიგის ხელმყოფს. სამართალს არ მოეთხოვება თავი დახაროს უსამართლობის წინაშე. ადამიანს აქვს საყოველთაოდ აღიარებული უფლება – აქტიურად დაიცვას ხელყოფისგან თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე. ანუ კანონმდებელი თვითონვე აფრთხილებს საზოგადოების მერყევ ელემენტებს, რომ თავი შეიკავონ მოქალაქეთა უფლებების ხელყოფისგან, რაც ერთგვარად შესაძლო დანაშაულთა თავიდან აცილების ხერხია. ამ წესრიგით დაცული მართლწესრიგი განაპირობებს საზოგადოების ღირებულებების სწორად ჩამოყალიბებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავის მხრივ ამავე საზოგადოების მიერ სახელმწიფოზე კონტროლის დაწესებაა დემოკრატიის ანბანი.

აი, აქ უკვე ნათელი ხდება, დემოკრატიული ღირებულებების მიღმა გასული სისტემა რატომ აცილებს რუსთაველიდან მეგობრულად ხელგადახვეული საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს და მეორე მხრივ პირად ანგარიშსწორებას ახორციელებს იმ პირთა მიმართ, ვინც საყოველთაო სამართლებრივი სიკეთის დაცვა სცადა.

სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა.

პრინციპია ჩემი ამბავი. ნებისმიერი ობიექტური პირი, რომელიც თუნდაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგებდა 31 ივლისის ღამეს რუსთაველზე მომხდარ ინციდენტში ჩართული პირების მოქმედებებს, აქცენტს მხოლოდ დაუპატიჟებელი სტუმრის უმართლობაზე გააკეთებდა და ამას საერთოდ არ სჭირდება იურიდიული განათლება. ბოლომდე წინააღმდეგობა!

თ. თოშხუა 12.01.2026 თავისუფლება თორნიკეს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights