გურიის მოამბე

„სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს“ – ზურაბ ჯაფარიძე

„პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებზე საუბრისას. იგი მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ეს შესაძლებელია.

„ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ ქვეყანაში აღარ არის არჩევნები, როგორც ძალაუფლების ცვლილების ლეგიტიმური გზა, პარტიებს აუქმებენ, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში სვამენ, არჩევნებზე დაკვირვება აიკრძალა… მილიონი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო წლის განმავლობაში, რაც მოხდა. ერთადერთი ბრძოლის გზა, ასეთ პირობებში, არის ქუჩა, ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და არ ეშინიათ იმის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.

ეს პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყველაფერი ამაზე უნდა დაშენდეს.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება სტრატეგია იყოს გაჩუმება – „მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე გავაქტიურდეთ, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს“ – გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. გაჩერება და სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ შეგჭამს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს. ამიტომაც, პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები ისევ გააქტიურდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ“ – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights