31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართული ოცნება” დაშორდა ხალხის ნებას – მტკიცედ იაროს ევროპულ გზაზე და ისიც დაამატა, რომ თბილისის მესიჯები მოსკოვისას ემთხვევა.
პრეზიდენტი “საუკუნოვანი შანსის” დაკარგვის საფრთხეზე ლაპარაკობს; ამ ვითარებაში, როგორც ამბობს, მაქსიმალურად გააქტიურებისა და ხალხთან ერთად დგომის ალტერნატივას უბრალოდ ვერ ხედავს.
რისთვის არის მზად საქართველოს პრეზიდენტი, რამდენად ქმედითია მისი ბერკეტები და რას მოელის მისგან პოლიტიკური სპექტრი თუ საზოგადოება?
განცხადებებისა და გზავნილების მიხედვით, სამი ძირითადი ამოცანა იკვეთება.
#1 საგარეო „კომპასის“ გასწორება, ხალხის ნების აღსრულება, ვეტოს მექანიზმი
„ევროპულ გზას თქვენ, მმართველი პარტია, ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს უწოდებდით. ამიტომ ახლა არ შემიძლია არ გითხრათ, თუ არ გკითხოთ – სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას?“, – „ოცნების“ დეპუტატებისთვის ამ რიტორიკული შეკითხვების დასმის შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ საგარეო კურსთან მიმართებით პირველი ეჭვები ხელისუფლებამ „2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით“ გააჩინა, შემდეგ იყო „შარლ მიშელის შეთანხმების“ გაუფრთხილებელი ანულირება, უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე და საქმე „ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებითა და ბრალდებებით გავაცილეთ”.
ამ პირობებში, როცა პრეზიდენტი თბილისისა და მოსკოვის მესიჯების მსგავსებასაც ხედავს, ხოლო დასავლური საგარეო კურსის განმტკიცება ქვეყნისთვის სასიცოცხლო ამოცანად მიაჩნია, ამბობს, რომ მოკავშირედ ქართველ ხალხს მიიჩნევს.
„მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს … საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხებელი იქნებოდა; ანუ საბჭოთა და რუსული წნეხისგან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება“, – სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს მიზანი მისთვის უცვლელი იყო ემიგრაციაშიც და მერეც – საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს თუ უკვე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით – პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისას.
„ჩვენი ხალხს ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობს მთავარი მიზანი და არსია“, – ესეც მისი სიტყვებია.
საქართველოს ევროპული გზის დამცველ ბერკეტად განიხილავს პრეზიდენტი კანონპროექტებზე ვეტოს დადების მექანიზმსაც, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება 76 მანდატის მოგროვება, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
„გამოვიყენე ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, ვეტო დავადე და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როდესაც ევროპულ გზას დაემუქრება საფრთხე“, – თქვა მან 31 მარტს პარლამენტში. მანამდე კი, 9 მარტს, აშშ-დან თავისი მორიგი ვიდეოჩართვის დროს, პრეზიდენტმა განმარტა, მარტის მასშტაბური აქციების დროს გამოვლენილმა ხალხის ნებამ მის ვეტოსაც სხვა წონა და სიმტკიცე შესძინა. „მე ვარ თქვენი იმედით. თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი“, – მიმართა პრეზიდენტმა მასშტაბური აქციების მონაწილეებს, როდესაც, 9 მარტს, მათ ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდების გადაწყვეტილებას ულოცავდა.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, პრეზიდენტი არაერთი ქვეყნის უმაღლეს პირებს შეხვდა – იყო ჩასული – ვაშინგტონში თუ ბრიუსელში და საერთაშორისო პარტნიორებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზასაც ხშირად მიმართავს. 31 მარტს მან განმარტა, რომ იყენებს პირად კავშირებსაც იმისათვის, რომ ყველას გააგებინოს – საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა და ხელისუფლებასაც მიმართა – “მე გიცავთ თქვენ, სხვათა შორის“.
31 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ 18 აპრილს, სპეციალური მიწვევით, სიტყვით მიმართავს ევროპარლამენტს, რომლის რეზოლუციებსაც „ოცნებისთვის“ „ჩალის ფასი აქვს“.
საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობასთან დაკავშირებით, ექსპერტებმა არაერთხელ უთხრეს რადიო თავისუფლებას, რომ ე.წ. აგენტების კანონის ვნებათაღელვის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი დასავლელი პარტნიორებისთვის ერთადერთ ადეკვატურ საკონტაქტო პირად იქცა და შესაძლოა, სწორედ მისი დახმარებით იგზავნებოდეს მნიშვნელოვანი მესიჯები.
„ქართული ოცნება“ არ თვლის, რომ ევროპულ გზას გადაუხვია და ჩვეული უპირისპირდება პრეზიდენტის გამოსვლის არსსაც.
ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მოხსენებას „უკიდურესად ტენდენციური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის სწორედ „ქართული საზოგადოების დაკვეთას“ არ ასრულებს:
„საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რთული გამოწვევის, რთული პერიოდის დროს, პირველი – სამწუხაროდ ეს ფიზიკური გადარჩენის არჩევანია, ამ არჩევანს გააკეთებს და შეძლებს ჩვენი ქვეყანა, რომ ფიზიკურად გადარჩეს და მეორე – ღირსებით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ეროვნული თავმოყვარეობის შენარჩუნებით გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.
მამუკა მდინარაძე ამბობს ასევე, რომ პრეზიდენტი შეუერთდა ოპოზიციის მიერ ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაგეგმილი “სპეცოპერაციის” ნარატივს „ქართული ოცნების“ “პიარული გარუსების შესახებ” და მისი მხრიდან უკრაინის მიმართ არასაკმარის მხარდაჭერაზე ლაპარაკიც ამ პროცესის ნაწილია.
სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, ფრიდონ ინჯიაც. მას არ ესმის, მაგალითად, რატომ ეწინააღმდეგება პრეზიდენტი რუსეთთან ავიარეისების აღდგენას, მაშინ როცა „იქ ქართველები არიან ათასი და იმათ მილიონი ნათესავი ჰყავთ აქ“ და ვინ აანაზღაურებს „იმ მილიონებსა და მილიარდებს, რომლებიც ამან [ფრენების აღდგენამ] შეიძლება მისცეს საქართველოს“.
პრეზიდენტის მკაცრი განცხადებები ძირითადად მოიწონეს ხელისუფლების ოპონენტებმა; თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი არ არის ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მას რეალური ბერკეტები არ გააჩნია.
პატიმართა შეწყალების მექანიზმი ერთადერთი რეალური ბერკეტია, რომლის ამოქმედებაც პრეზიდენტს სრულიად დამოუკიდებლად და სწრაფად შეუძლია.
„ევროპის გზის დაცვის სხვადასხვა ეტაპზე“ გადადგმულ ნაბიჯებს შორის პრეზიდენტი, თავის საპარლამენტო გამოსვლაში, შეწყალების მექანიზმის გამოყენებასაც მოიხსენიებს; თუმცა უშედეგოდ თვლის.
„ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება… თუმცა ამ სამმა შეწყალებამ არ გამოიღო არც პოლიტიკური შედეგი და არც დეპოლარიზაციაზე არ იქონია დადებითი გავლენა“, – თქვა პრეზიდენტმა.
სიტყვა შეწყალება არ უხსენებია, მაგრამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა 31 მარტს, თავის გამოსვლაში თქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას საკითხების „თამამი“ გადაწყვეტა.
„ეს არ არის ზეწოლა და არც მოთხოვნა, ეს არის ხალხის ობიექტური მოლოდინი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირებიდან ვინმეს მაინც აღმოაჩნდება უნარი, დადგეს ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების და ევროპული იდეის გარშემო“, – მიმართა ბეჟაშვილმა პრეზიდენტს.
როგორც „მთავარი დასავლური ნაბიჯი“ პრეზიდენტს სწორედ შეწყალების მექანიზმის კვლავ გამოყენება ურჩია „გირჩის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „[პრეზიდენტი გამოსვლისას] სასამართლო სისტემის გაუმართაობასა და მის არაევროპულობაზე მიუთითებდა“. დეპუტატი ამ შემთხვევაში „პოლიტიკურ შეწყალებაზე“ არ ლაპარაკობს, მაგრამ ამბობს, რომ „ბევრი ადამიანი ქვეყანაში უკანონო პატიმარია“. ხვიჩიას მიერ მოყვანილი მაგალითი – ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ ადამიანებს შეეხებოდა, რომელთა შემთხვევაშიც „ფეხქვეშ გაითელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება“.
ბოლოს, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მასზე საპირისპიროდ მოქმედებს შეწყალებასთან დაკავშირებული ნებისმიერი თხოვნა და მოწოდება, რადგან ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ოპოზიცია ზურაბიშვილს ხშირად სწორედ ამ საკითხის გამო აკრიტიკებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის შეწყალების თემა მეტად სენსიტიურია. ისინი მუდმივად გამოთქვამენ იმედს, რომ პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და შეახსენებენ ფაქტებს წარსულიდან, რომელთა გამოც პრეზიდენტი, სააკაშვილზე და გვარამიაზე თითქოს გაბრაზებული უნდა იყოს.
#3 – დეპოლარიზაცია, კონსოლიდაცია ევროპული მიზნისთვის
პრეზიდენტი თვლის, რომ საზოგადოება უკვე „სრულად დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე – ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი“ და რომ ახლა პოლარიზაცია მხოლოდ ხელისუფლებასა და ხალხს შორის იგრძნობა.
„დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხსა და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირთ, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუციაა ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი… ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა. ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფისა და დაპირისპირების დრო არაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
სალომე ზურაბიშვილის ხედვითა და გეგმით, ხელისუფლებას კვლავ აქვს “შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს“; ხოლო საზოგადოებამ „უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და სტაბილურობა” და მისი ხელმძღვანელობით, ყველა ერთობლივად ევროკავშირის 12 რეკომენდაციის „ფორმალური შესრულებიდან“ საქმეზე უნდა გადავიდეს.
„ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, – ამბობს პრეზიდენტი.
შეთანხმების ნიშნები ჯერ არ ჩანს, ოპოზიციას არ სჯერა, რომ ხელისუფლება 12 პუნქტის რეალურ შესრულებას შეუდგება და სოციალური ქსელების დისკუსიებშიც იკვეთება, რომ შეთანხმების პერსპექტივა ბევრისთვის უტოპიურად გამოიყურება. მაგრამ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აცხადებს, მზად არის პრეზიდენტთან ერთად მიიღოს მონაწილეობა „საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესაქმნელად“.
„ველით პრეზიდენტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“, – ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი.
„ქართულმა ოცნება“ გააღიზიანა და გააბრაზა პრეზიდენტის მიერ „ფორმალური შესრულების“ ხსენებამ.
„დღეს პრეზიდენტმა 12 რეკომენდაციის შესრულების ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ამ გზისთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთა. მისი პარლამენტში გამოსვლა თავიდან ბოლომდე იყო რესტარტი – მიცემული პოლარიზაციის გაღრმავებისკენ… საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი განცხადებებით თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებში “ჩაჯდა“. დღევანდელი გამოსვლა იყო არა რაღაც მიზნის კონსოლიდაციისთვის გამოსვლა, არამედ ეს იყო გამოსვლა მიზნის დაზიანებისათვის“, – უთხრა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტის მისამართით, “ოცნების” მომხრეთა ტალახის სროლის ახალი ტალღა დაიწყო და მას ძირითადად, 2018 წლის არჩევნებზე მხარდაჭერას ამადლიან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები ზურაბიშვილს ასევე შეახსენებდნენ ძველ განცხადებებს და აღნიშნავდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას ის “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდა.
პრეზიდენტს პასუხების გაცემა აღარ უცდია. 31 მარტს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მას არც დასკვნითი სიტყვის უფლებით უსარგებლია.
რადიო თავისუფლება