ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილე, ავსტრიის მოქალაქე, რომელიც დედით ქართველია და საქართველოში ხშირად ჩამოდის, დღეს ქვეყანაში არ შემოუშვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას უთხრეს, რომ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
ვახტანგ ნაგლერი ამას სწორედ მის აქტიურ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს:
“გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი ისევ ჩემი მეგობრების და ნათესავების სანახავად და თუ საჭირო იქნებოდა მიტინგებშიც მივიღებდი მონაწილეობას. ჩამოვედი დაახლოებით დილის 5 საათზე და დღევანდელი დღიდან, როგორც ჩანს, მე უცხო აგენტი ვარ. გამაცნეს ის ფაქტი, რომ მე მაქვს გასაჩივრების უფლება, გამოვიყენებ მაგრამ პესიმისტურად ვუყურებ ამას. დაახლოებით ნახევარი საათი დაველოდე პასუხს და იგივე თვითმფრინავით დავბრუნდი უკან. ჩემი თვალით დავინახე როგორ უშვებდნენ უპრობლემოდ რუსეთის მოქალაქეებს და ჩემს წინააღმდეგ რაღაც პრეტენზიები ჰქონდათ. ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს აქ. საქართველო ჩემი ნაწილია, ჩემი დედულეთია” – ამბობს ვახტანგ ნაგლერი “მთავარ არხთან” საუბარში.